Facebook Twitter

ბს-994-958(კ-08) 26 ნოემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ გ. და ვ. კ-ები (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტო (მოპასუხე)

დავის საგანი _ საპენსიო დანამატის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. და ვ. კ-ებმა 2007 წლის იანვარში სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვეს საპენსიო დანამატის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით გ. კ-ის და ვ. კ-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე _ გ. კ-ეს უარი ეთქვა 1999 წლის თებერვლიდან 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის 25%-იანი საპენსიო დანამატის (სხვაობის) ანაზღაურებაზე; მოსარჩელე _ ვ. კ-ეს უარი ეთქვა 1999 წლის აპრილიდან 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის 25%-იანი საპენსიო დანამატის (სხვაობის) ანაზღაურებაზე.

საქალაქო სასამართლომ განმარტა შემდეგი: ვ. კ-ე 1993 წლის 10 აპრილს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. ვ. კ-ეს თავდაცვის სამინისტროს II ჯგუფის ინვალიდობის პენსია დაენიშნა 1999 წლის 11 მარტს. ვ. კ-ე 2005 წლის დეკემბრამდე იღებდა პენსიაზე 25%-ის დანამატს. 2005 წლის იანვრიდან ვ. კ-ეს პენსიაზე დანამატი გაეზარდა 50%-მდე. ვ. კ-ემ 2006 წლის სექტემბერში განცხადებით მიმართა მოპასუხეს პენსიაზე 50% და 25% დანამატს შორის სხვაობის 1999 წლის 11 მარტიდან 2005 წლის იანვრამდე ანაზღაურების თაობაზე. 2006 წლის 14 დეკემბერს სოცდაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა ვ. კ-ეს უარი უთხრა საპენსიო დანამატებს შორის სხვაობის ანაზღაურებაზე 1999 წლის 11 მარტიდან 2005 წლის იანვრამდე პერიოდისათვის.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პოლკოვნიკი გ. კ-ე 1995 წლის 23 მაისს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდერით. გ. კ-ეს პენსია თავდაცვის ხაზით (წელთა ნამსახურობით) დაენიშნა 1999 წლის 28 იანვარს. გ. კ-ე 2005 წლის დეკემბრამდე იღებდა პენსიაზე 25%-იან დანამატს. გ. კ-ეს 2005 წლის 1 იანვრიდან გაეზარდა საპენსიო დანამატი 50%-მდე. გ. კ-ემ 2006 წლის 28 სექტემბერს მიმართა სოცდაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს პენსიის დანიშვნის (1999 წლის 28 იანვარი) დღიდან 2005 წლის 1 იანვრამდე პენსიაზე 50%-იან და 25%-იან დანამატს შორის სხვაობის ანაზღაურების მოთხოვნით. 2006 წლის 14 დეკემბერს გ. კ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნილ პერიოდში საპენსიო დანამატის გადაანგარიშებაზე.

სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, თუმცა დაეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ პენსიის დანიშვნას სოცდაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი ახდენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, ხოლო უკვე დანიშნული პენსიის თანხის გაცემას (გადაანგარიშებას) – ქმედების განხორციელებით. სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელეთა მითითება იმის თაობაზე, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის საპენსიო სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 52.2 მუხლის თანახმად საპენსიო ორგანოს მიზეზით დროულად მიუღებლობის გამო მათ პენსიის მთლიანი თანხა უნდა აუნაზღაურდეთ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლი ეხება საპენსიო ორგანოს მიერ პენსიის მიმღებზე უკვე დარიცხული თანხის დოულად გაუცემლობას, რაც განხორციელდა საპენსიო ორგანოს მიზეზით. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეებზე 2006 წლის 1 იანვრამდე არ დარიცხულა საპენსიო დანამატი 50%-ის ოდენობით. შესაბამისად, მათ მიმართ ფონდის მიერ გამოყენებული იქნა ამავე კანონის 50-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოს პენსიის მისაღებად, მაშინ მას სხვაობა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის მიეცემა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს. გ. კ-ეს 50%-იანი პენსიის მიღების უფლება წარმოეშვა 1999 წლის 1 თებერვალს (პენსია დაენიშნა 28 იანვარს), ხოლო ვ. კ-ეს – 1999 წლის 1 აპრილს (პენსია დაენიშნა 1 მარტს), მაგრამ მოსარჩელეებს არ მიუმართავთ საპენსიო ორგანოსათვის პენსიის მომატების უფლებით მისი დანიშვნის მომენტიდან. დადგენილია, რომ მოსარჩელეებს პენსია გადაუანგარიშდათ 2006 წელს მათი მიმართვის შემდეგ 1 წლის უკან დახევით, ხოლო 2006 წლის იანვრიდან იღებენ საპენსიო დანამატს 50%-ის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. და გ. კ-ებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინებით ვ. და გ. კ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ვ. და გ. კ-ებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება.

კასატორებმა თავიანთი მოთხოვნა იმით დაასაბუთეს, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად მათ პენსია უნდა გაზრდოდათ 50%; ხოლო საპენსიო ორგანომ მათ მხოლოდ 25%-ით გაუზარდათ პენსია. კასატორების მოსაზრებით, იმავე კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე მოპასუხეს პენსია და მასზე 50% მომატება უნდა განეხორციელებინა პენსიის დანიშვნის დღეს, კერძოდ კი ვ. კ-თვის 1999 წლის 11 მარტს; ხოლო გ. კ-თვის 1999 წლის 28 იანვრიდან. კასატორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ მათი სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა იმის გამო, რომ თითქოს სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას. მაგრამ სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 28 მარტის განჩინებაში მიუთითა, რომ აპელანტი იმეორებს სარჩელის მოტივაციას. საკასაციო საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ თუ სასამართლომ მიიჩნია მათ მიერ სარჩელის მოტივაციის გამეორება, მაშინ უნდა ეხელმძღვანელა არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761-ე მუხლის პირველი ნაწილით, არამედ იმავე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის განხილვას ზეპირი მოსმენის გარეშე მხოლოდ მხარეთა წერილობითი თანხმობით; ასეთი წერილობითი თანხმობა კი სასამართლოსათვის არ მიუციათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. და გ. კ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვ. და გ. კ-ების საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ვ. და გ. კ-ების საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 მარტის განჩინებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.