საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-995-949(კ-06) 26 მარტი, 2007 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა
კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ს-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4ოქტომბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2006 წლის 5 დეკემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-995-949(კ-06) ნ. ს-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული, თუ რაში მდგომარეობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი). აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე /იხ.ს.ფ. 133-134/.
ხარვეზის შევსების მიზნით 2007 წლის 8 იანვარს საკასაციო სასამართლოს დასაბუთებული საკასაციო საჩივრით მომართა ნ. ს-მ /იხ. ს.ფ. 140-143/.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 12 იანვრის განჩინებით ნ. ს-ს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით და დაევალა წარმოედგინა ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რადგან საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინების ასლი ნ. ს-ს ჩაჰბარდა 2006 წლის 25 დეკემბერს (იხ. ს.ფ. 137), თუმცა კასატორი დასაბუთებულ საკასაციო საჩივარში უთითებდა, რომ ხარვეზის მითითების შესახებ 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2006 წლის 27 დეკემბერს /იხ. ს.ფ. 144-146/.
2007 წლის 31 იანვარს ნ. ს-მ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს /იხ. ს.ფ. 152-153/.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 9 თებერვლის მიმართვით ნ. ს-ს მიეთითა დაეზუსტებინა საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინების ჩაბარების თარიღი და წარმოედგინა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, რადგან კასატორის მიერ წარმოდგენილი 2007 წლის 31 იანვრის განცხადების შინაარსი ბუნდოვანი და გაურკვეველი იყო /იხ. ს.ფ. 154-155/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. ერთ-ერთი ძირითადი უფლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, შეიცავს საპროცესო ვალდებულებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) თაობაზე დასაბუთებული საჩივრის წარდგენისა.
კასატორს ნ. ს-ს საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კასატორს ნ. ს-ს გაეგზავნა 2006 წლის 18 დეკემბერს და ჩაჰბარდა 2006 წლის 25 დეკემბერს /იხ. ს.ფ. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინება, 137/, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10-დღიანი ვადა იწურებოდა 2007 წლსი 4 იანვარს, კასატორმა კი ხარვეზის შევსების მიზნით დასაბუთებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა 2007 წლის 8 იანვარს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინების 2006 წლის 27 დეკემბერს ჩაბარების ფაქტი და კასატორის არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მიუხედავად საკასაციო სასამართლოს მიერ ამ მიზნით 2007 წლის 12 იანვრის განჩინებით საპროცესო ვადის გაგრძელებისა და 2007 წლის 9 თებერვლის მიმართვით დამატებით ვადის მიცემისა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინების 2006 წლის 27 დეკემბერს ჩაბარების შესახებ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოუდგენლობის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.