¹ბს-995-952(კ-07) 12 მარტი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შ. დ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.2007წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
03.04.03წ. ი. დ.-ის რწმუნებულმა შ. დ.-მ სარჩელით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაციის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მერიის მიმართ და საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება მოითხოვა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იყო ¹... კოოპერატიული ბინათმშენებლობის ამხანაგობის წევრი და სახელმწიფო ბანკში სრულად ქონდა გადახდილი ბინათმშენებლობის ღირებულება 25100 მანეთი. 1989 წელს დაწყებული ბინათმშენებლობა უსახსრობის გამო შეწყდა 1992 წელს და მშენებლობის დასრულების შესაძლებლობა სადღეისოდ არ არსებობს. ფინანსთა მინისტრის ¹226 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესზე” დაყრდნობით, მოსარჩელემ კომპენსაციის სახით მოითხოვა ბინათმშენებლობისათვის შეტანილი თანხის ექვივალენტის _ 27861 ლარის დაბრუნება.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 18.12.2003წ. გადაწყვეტილებით ი. დ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,სახელმწიფო ვალის შესახებ" კანონის 48-ე მუხლის თანახმად, კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით წარმოშობილი სახელმწიფო დავალიანება აღიარებულია სახელმწიფოს შიდა ვალად, რომლის დაფარვაც უნდა მოხდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის ¹226 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესის” შესაბამისად. ,,წესის" პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დამთავრებას დაუქვემდებარებელი კატეგორიის ბინათმშენებლებს, ანუ იმ სახლების მფლობელებს, რომლებზეც შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 20%-ზე ნაკლებია, ბინების აშენების ნაცვლად მიეცემათ საკომპენსაციო ერთჯერადი განაცემი, საცხოვრებელი სახლის ასაშენებელ რაიონში 1 კვ.მ საერთო ფართის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ხოლო ,,წესის" პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტისა და მე-2 მუხლის მიხედვით, დამთავრებას დაქვემდებარებული კატეგორიის ბინათმშენებლობებზე, ანუ სახლებზე, რომლებზეც შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება 20%-ზე მეტია, საკომპენსაციო განაცემი არ გაიცემა და ბინათმშენებლობა ექვემდებარება რიგითობის მიხედვით დამთავრებას. რაიონულმა სასამართლომ, თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურის 2002 წლის 19 დეკემბრის ¹363/3 წერილზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის კოოპერატიული ბინათმშენებლობა მიეკუთვნება მშენებლობის დამთავრებას დაქვემდებარებულ ბინათა კატეგორიას და შესაბამისად უნდა განხორციელდეს მშენებლობის დასრულება და არა კომპენსაციის გაცემა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.09.2004წ. განჩინებით ი. დ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ფინანსთა მინისტრის 1999 წლის 11 ოქტომბრის ¹226 ბრძანებით დამტკიცებული “ვალის დაფარვის წესის შესახებ” დებულების მე-2 მუხლის მე-7 და მე-10 პუნქტებით და მიიჩნია, რომ ¹... ამხანაგობის ბინათმშენებლობა განახლდება რიგითობის შესაბამისად, საკომპენსაციო თანხის გაცემა მოხდება მშენებლობის პარალელურად და მოსარჩელე დაკმაყოფილდება კოოპერატივის მიერ ჩატარებული კრებით განსაზღვრული რიგითობის მიხედვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 19.05.2005წ. განჩინებით შ. დ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.09.2004წ. განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სასამართლომ მიაჩნია, რომ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა და ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, იმის შესახებ ...-ის ¹... კოოპერატიული ბინათმშენებლობის ¹3 კორპუსი განეკუთვნება დამთავრებას დაქვემდებარებულ თუ დაუქვემდებარებელ ბინათმშენებლობის კატეგორიას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ¹3 კორპუსის მდგომარეობის შესახებ, საქმეში წარმოდგენილი იყო ერთი და იმავე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები, კერძოდ, თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურის 2002 წლის 19 დეკემბრის მონაცემის მიხედვით, რასაც დაეყრდნო სააპელაციო პალატა, ¹3 კორპუსი 2000 წლის 1 იანვრის მდგომარეობით განეკუთვნება დამთავრებას დაქვემდებარებულ კორპუსთა კატეგორიას, ხოლო იმავე ადმინისტრაციული ორგანოს, თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახურის უფრო გვიანდელი, 2003 წლის 28 ივლისის მონაცემით, ¹3 კორპუსის სამშენებლო მზადყოფნა შეადგენს 15-17%-ს და ამდენად, კორპუსი დამთავრებას დაუქვემდებარებელ ბინათმშენებლობას წარმოადგენს. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს 2003 წლის 21 ნოემბრის წერილის მიხედვითაც ¹3 კორპუსის სამშენებლო მოცულობა შეადგენს 5%-ს, ე.ი. განეკუთვნება დამთავრებას დაუქვემდებარებელ მშენებლობათა კატეგორიას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.07.2007წ. გადაწყვეტილებით შ. დ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო საშიანაო ვალად იქნა აღიარებული კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალდებულება, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სავალო ვალდებულების დაფარვის წესი უნდა შეემუშავებინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 1 სექტემბრამდე და შეეთანხმებინა საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისათვის. ფინანსთა სამინისტრომ დადგენილ ვადაში არ შეასრულა კანონით დაკისრებული ვალდებულება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის ¹226 ბრძანებით დამტკიცდა ,,საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესი”. აქტი დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროს საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, მაგრამ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში, ამიტომ “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის შესაბამისად იურიდიული ძალა არ გააჩნია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონი სავალო ვალდებულების დაფარვას უკავშირებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემას, რომლის გარეშე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შ. დ.-მ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შ. დ.-ის მიმართ სახელმწიფო ვალის არსებობა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის ¹226 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესი” რეგისტრირებულია სახელმწიფო რეესტრში და სასამართლოს მასზე დაყრდნობით უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შ. დ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
“სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო საშინაო ვალად იქნა აღიარებული კოოპერატიულ ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალდებულება. აღნიშნულ ურთიერთობებში კრედიტორად გამოდის ათასობით ადამიანი _ კოოპერაციული ბინათმშენებლობის ყოფილი წევრი. ყველა მათგანის ერთდროული დაკმაყოფილება, სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებიდან გამომდინარე, ცხადია შეუძლებელია. ვალის დაფარვის წესის, რიგითობის და სხვა პირობების განსაზღვრა სახელმწიფოს ფართო დისკრეციის სფეროს განეკუთვნება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1999 წლის ¹226 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუმთავრებლობით წარმოქმნილი სახელმწიფო საშინაო ვალის დაფარვის წესი” ძალაშიც რომ ყოფილიყო, მასზე დაყრდნობით შეუძლებელი იქნებოდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, რადგან, “წესების” მე-3 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის შესაბამისად, დამთავრებას დაუქვემდებარებელი კატეგორიის სახლების ბინათმშენებლებისათვის საკომპენსაციო ერთჯერადი განაცემის თანხის გაცემის რიგითობას განსაზღვრავდა საქართველოს საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების წევრთა უფლებების დაცვის ასოციაცია, ამავე აქტის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კრიტერიუმების გათვალისწინებით. დაუყოვნებლივ ან დადგენილი რიგითობის გარეშე კრედიტორის დაკმაყოფილების შესაძლებლობა “წესებით” გათვალისწინებული არ იყო, ხსენებული კანონქვემდებარე აქტი არ ქმნის დაუყოვნებლივ ან დადგენილი რიგითობის გარეშე კრედიტორის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს. ამდენად, დავის საგანს შეადგენს საქართველოს საშინაო ვალი, რომლის დაფარვის ძირითად პრინციპებს ადგენს “სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონი. აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო საშინაო ვალის მართვას უზრუნველყოფს მისი დაფარვის ორგანიზაციითა და აღრიცხვით, პროცენტის განსაზღვრითა და გადახდით, აგრეთვე, სხვა ოპერაციების განხორციელებით, ხოლო “საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული წლიური საბიუჯეტო კანონი დაგეგმილი საბიუჯეტო წლისათვის უნდა შეიცავდეს სახელმწიფო ვალის, სახელმწიფო სესხებისა და სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სესხების ლიმიტებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შიდა ვალში აღებული კოოპერატიული ბინათმშენებლობისას წარმოქმნილი დავალიანების გასტუმრების ვადები დადგენილი არ არის და მისი დაფარვა ხორციელდება ეტაპობრივად სხვადასხა მექანიზმით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს შ. დ.-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შ. დ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. დ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.