¹ბს-996-950(კ-06) 21 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 5 ნოემბერს ს. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ და ქ. ბათუმში, ......... ქუჩის ¹23-ში მდებარე 62 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის გამოყოფა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ფართზე აუქციონის შეჩერება მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1997 წელს აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს შენობის რეკონსტრუქციის მიზნით, დაიგეგმა მის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ............ გამზირის ¹28-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აღება. ქ. ბათუმის მერიამ საცხოვრებელი სახლის სანაცვლოდ მის ოჯახს გადასცა 30000 ლარი და ქ. ბათუმში, ........... ქუჩაზე მდებარე 62 კვ.მ სავაჭრო ობიექტი იჯარით, შემდგომში შესყიდვის უფლებით. მოსარჩელემ თანხის უქონლობის გამო ვერ შეძლო სადავო ფართის პრივატიზაცია, ხოლო 2003 წლის ოქტომბერში განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის მერიას და ობიექტის პრივატიზაცია მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. ბათუმის მერიამ დროულად არ განიხილა მისი განცხადება და სათანადოდ არ შეაფასა იგი, ხოლო 2004 წლის სექტემბერში სადავო ობიექტი აუქციონზე გასატან ობიექტთა საპრივატიზაციო ნუსხაში იქნა შეტანილი, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია.
მოსარჩელის განმარტებით, მას აღნიშნულ ფართზე უპირატესი შესყიდვის უფლება გააჩნდა, რის გამოც სადავო ობიექტი პირდაპირი მიყიდვის წესით მას უნდა გადასცემოდა იმ დროს არსებულ ფასებში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ქ. ბათუმში, ............ ქუჩის ¹23-ში მდებარე 62 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე შეჩერდა აუქციონი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 18 იანვრის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ჩაება, რომელმაც კერძო საჩივრით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს და იმავე სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 მარტის განჩინებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 ნოემბრის განჩინება და ახალი განჩინებით შეჩერდა აუქციონი ქ. ბათუმში, ............. ქუჩის ¹23-ში მდებარე 62 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება ს. ლ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ს. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, .............. ქუჩის ¹23-ში მდებარე სადავო ფართი ქ. ბათუმის მერიის საკუთრებას წარმოადგენდა. აღნიშნული ფართი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ შეტანილ იქნა საპრივატიზაციო ნუსხაში შემდგომში აუქციონის წესით მისი გაყიდვის მიზნით.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად ჩათვალა, რომ ქ. ბათუმის მერიის კანონშესაბამისი დაპირება ფართის ს. ლ-ზე გადაცემის შესახებ არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონი ითვალისწინებდა სახელმწიფო ქონების გასხვისების ფორმებს კონკურსის, აუქციონის ან იჯარა-გამოსყიდვის გზით. ნებისმიერი სიტყვიერი თუ წერილობითი დაპირება, რომელიც აღნიშნულ კანონს არ შეესაბამებოდა, ითვლებოდა უკანონოდ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა მტკიცებულებები, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლების თანახმად, დაადასტურებდა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 სექტემბრის განჩინება ს. ლ-მა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. ლ-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 15 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 21 თებერვლამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის არაქონებრივ დავაზე შეადგენს 300 ლარს, რომელიც კასატორმა უნდა შეიტანოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამის ანგარიშზე. ვინაიდან ს. ლ-მა წინასწარ გადაიხადა უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩენილი ჰქონდა იგივე თანხა, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო, ს. ლ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან შესაბამისი თანხა _ 60 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 სექტემბრის განჩინება;
3. ს. ლ-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან შესაბამისი თანხა _ 60 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.