Facebook Twitter

ბს-998-955(კ-07) 24 აპრილი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი “სოციალური სუბსიდიების სააგენტო” (საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლე), წარმომადგენელი _ ლევან გოჩაშვილი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. ჟ-ნი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ პენსიის გადაანგარიშება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 8 აპრილს გ. ჟ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ, როგორც პენსიონერი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხაზით, პენსიას ღებულობდა თვეში 205 ლარს. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებით გაიზარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მუშაკთა ხელფასები. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პენსიები გადაისინჯებოდა სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების, შინაგან საქმეთა ორგანოების კადრის რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირთათვის ფულადი კმაყოფის (სარგოს) მომატებისას _ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის მომატების გათვალისწინებით. 2005 წლის 31 მარტის განცხადებაზე პენსიის გადაანგარიშების თაობაზე, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა 2005 წლის 31 მარტის წერილით უარი განუცხადა გ. ჟ-ს პენსიის გადაანგარიშებაზე, იმ მოტივით, რომ პენსიების გადაანგარიშება, გაზრდილი ხელფასის მიხედვით, უნდა განხორციელებულიყო 2006 წლის 1 იანვრიდან.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას არ შეიძლებოდა მინიჭებოდა უპირატესი იურიდიული ძალა კანონთან შედარებით. შესაბამისად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უარი პენსიის გადაანგარიშებაზე, არ შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დავალდებულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხაზით გაზრდილი ხელფასიდან პენსიის გადაანგარიშების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ჟ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთათვის მომატებული ფულადი კმაყოფის (სარგოს) შესაბამისად პენსიის თანხის გადაანგარიშებაზე.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ითვალისწინებდა სამხედრო სამსახურში მყოფი მოსამსახურეებისათვის ფულადი კმაყოფის (სარგოს) მომატების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეთა პენსიების გადასინჯვის, ანუ მომატებული ფულადი კმაყოფის შესაბამისად პენსიების გადაანგარიშების შესაძლებლობას.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებით განისაზღვრა სამხედრო მოსამსახურეთა ახალი, მომატებული ყოველთვიური ფულადი სარგოების ნუსხა. საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 61-ე პუნქტით განისაზღვრა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისათვის იმავე ბრძანებულებით დადგენილი ფულადი სარგოების შესაბამისად, შეიარაღებული ძალების სამხედრო პენსიონერთა პენსიების გადაანგარიშება უნდა განხორციელებულიყო 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ, რადგან “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებას არ შეიძლებოდა მინიჭებოდა უპირატესი იურიდიული ძალა კანონთან შედარებით, პენსიების გადაანგარიშება უნდა მომხდარიყო დაყოვნების გარეშე და არა 2006 წლის 1 იანვრიდან.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობისას უპირატესობა ენიჭებოდა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკანონმდებლო აქტს _ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს _ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებას შორის წინააღმდეგობა არ არსებობდა და აღნიშნული ბრძანებულება, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული იყო საკანონმდებლო აქტის _ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესასრულებლად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უარი მოსარჩელე გ. ჟ-ის პენსიის გადაანგარიშების შესახებ, საფუძვლიანი იყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჟ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ჟ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხაზით გაზრდილი ხელფასებიდან გ. ჟ-ის პენსიის გადაანგარიშება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და ასევე არასწორად განმარტა კანონი, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს, ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 61-ე პუნქტისა, უნდა გამოეყენებინა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, ამავე კანონის პირველი მუხლის “ა” ქვეპუნქტში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეთა პენსიები გადაისინჯებოდა სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების, შინაგან საქმეთა ორგანოების კადრის რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირთათვის ფულადი კმაყოფის (სარგოს) მომატებისას _ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის მომატების გათვალისწინებით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონის ზემოხსენებული ნორმით იმპერატიულად იქნა დადგენილი, რომ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფულადი კმაყოფის (სარგოს) მომატებისას, ასევე უნდა მომხდარიყო პენსიების გადასინჯვა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის “ა” ქვეპუნქტში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართაც. პენსიის მომატებისთვის (გადასინჯვისთვის) კანონით არ ყოფილა დადგენილი რაიმე დამატებითი პირობა, მაგალითად, აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის (საქართველოს პრეზიდენტი თუ თავდაცვის მინისტრი) უფლებამოსილების დელეგირების შესახებ, რათა მას ცალკე კანონქვემდებარე აქტის გამოცემით, თავისი შეხედულებისამებრ, დაედგინა პენსიების გადასინჯვის კონკრეტული თარიღი. ამ შემთხვევაში, აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრეცია, პენსიების გადასინჯვის თარიღის მითითების შესახებ, ზუსტად შემოიფარგლებოდა მხოლოდ გარკვეული მოვლენის დადგომით _ სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფულადი კმაყოფის (სარგოს) მომატებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ, აღნიშნულიდან გამომდინარე, არ შეიძლებოდა, ერთი მხრივ, 2004 წლიდან გაზრდილიყო ფულადი კმაყოფა სამხედრო სამსახურში მყოფ პირთა მიმართ და ამავე დროს დაინტერესებულ პირთა მიმართ პენსიის მომატების (გადასინჯვის) ათვლის თარიღი დადგენილიყო 2006 წლის 1 იანვრიდან.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც მიიჩნია, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტსა და საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 61-ე პუნქტს შორის წინააღმდეგობა არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ, ვინაიდან არსებობდა წინააღმდეგობა ზემოაღნიშნულ კანონსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს შორის, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭებოდა უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ჟ-ის სარჩელი საფუძვლიანი იყო და “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად (სარჩელის აღძვრის დროს მოქმედი რედაქცია), მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს უნდა დავალებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხაზით გაზრდილი ხელფასიდან (ანუ იმ პერიოდიდან, როცა აღნიშნულ ფაქტს რეალურად ჰქონდა ადგილი) გ. ჟ-ის პენსიის გადაანგარიშება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა “სოციალური სუბსიდიების სააგენტომ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს ამავე კანონით პენსიის მიმღებ სამხედრო სამსახურში მყოფ მოსამსახურეთათვის ფულადი კმაყოფის (სარგოს) მომატების შემთხვევაში მათი პენსიის გადასინჯვას, ანუ მომატებული ფულადი კმაყოფის (სარგოს) შესაბამისად პენსიის გადაანგარიშებას. “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებით განისაზღვრა სამხედრო მოსამსახურეთა მომატებული ყოველთვიური ფულადი სარგოების ნუსხა და ამავე ბრძანებულებით დადგინდა, რომ ახალი ფულადი სარგოების შესაბამისად, სამხედრო პენსიონერთა პენსიების გადაანგარიშება განხორციელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

კასატორი აღნიშნავს, რომ იგი მთლიანად ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში საკანონმდებლო აქტს _ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს _ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებას შორის წინააღმდეგობა არ არსებობს და აღნიშნული ბრძანებულება, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებულია საკანონმდებლო აქტის _ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის შესასრულებლად. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ხსენებული ბრძანებულება ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ კანონს, საფუძველს მოკლებულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 19 დეკემბრამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 14 თებერვალს, მხარეთა დასწრების გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 თებერვლის განჩინებით სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” საკასაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით, 2008 წლის 17 აპრილს, 12.30 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ. ჟ-მა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხაზით, როგორც პენსიონერი, ღებულობდა პენსიას, 2005 წლის 31 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს გაზრდილი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით პენსიის გადაანგარიშების თაობაზე, ხოლო საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა 2005 წლის 31 მარტის პასუხით უარი განუცხადა გ. ჟ-ს პენსიის გადაანგარიშებაზე იმ მოტივით, რომ პენსიის გადაანგარიშება, გაზრდილი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით, უნდა განხორციელებულიყო 2006 წლის 1 იანვრიდან (ს.ფ. 3).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტზე (სარჩელის აღძვრის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის მიხედვითაც, ამ კანონის პირველი მუხლის “ა”-”ზ” ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეთა პენსიები გადაისინჯებოდა სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების, შინაგან საქმეთა ორგანოების კადრის რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირთათვის ფულადი კმაყოფის (სარგოს) მომატებისას _ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის მომატების გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოიშობოდა პენსიების გადასინჯვის ორივე საფუძველი, პენსიათა გადასინჯვა შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ ერთ-ერთი საფუძვლის გათვალისწინებით. აღნიშნული საფუძვლით პენსიათა გადასინჯვა ხდებოდა ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში 2005 წლის 17 ივნისის კანონით შეტანილი ცვლილებით, რომელიც ამოქმედდა 2005 წლის 1 აგვისტოდან, ამ კანონის 45-ე მუხლის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 1 იანვარი. ხსენებული კანონის 45-ე მუხლი ამოღებულ იქნა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით შეტანილი ცვლილებებით, რომელიც ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ. ჟ-მა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების რეალიზება მოახდინა ამავე მუხლის მოქმედების პერიოდში _ 2005 წლის 31 მარტს (ამ მუხლის მოქმედების შეჩერებამდე _ 2005 წლის 1 აგვისტომდე), როდესაც მან ამის თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს, რომელმაც უკანონოდ განუცხადა უარი პენსიის გადაანგარიშებაზე.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კანონის ზემოხსენებული ნორმით იმპერატიულად იქნა დადგენილი, რომ სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფულადი კმაყოფის (სარგოს) მომატებისას, ასევე უნდა მომხდარიყო პენსიების გადასინჯვა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის “ა” ქვეპუნქტში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართაც, ხოლო პენსიის მომატებისთვის (გადასინჯვისთვის) კანონით არ ყოფილა დადგენილი რაიმე დამატებითი პირობა საქართველოს პრეზიდენტისათვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ, რათა მას ცალკე კანონქვემდებარე აქტის გამოცემით, თავისი შეხედულებისამებრ, დაედგინა პენსიების გადასინჯვის კონკრეტული თარიღი.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებაზე, რომლითაც (დანართი) დამტკიცდა სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა ახალი ყოველთვიური ფულადი სარგოების ნუსხა. ხსენებული ბრძანებულების 61-ე პუნქტით დადგინდა, რომ სამხედრო მოსამსახურეებისათვის ამავე ბრძანებულებით დადგენილი ფულადი სარგოების შესაბამისად, შეიარაღებული ძალების სამხედრო პენსიონერთა პენსიების გადაანგარიშება უნდა განხორციელებულიყო 2006 წლის 1 იანვრიდან. ამასთან, “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹47 ბრძანებულებით ახლებურად ჩამოყალიბდა ამავე ბრძანებულების ¹1 დანართით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა ახალი ყოველთვიური ფულადი სარგოების ნუსხა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის ¹47 აღნიშნული ბრძანებულება ამოქმედდა 2005 წლის 1 იანვრიდან. ამდენად, ხსენებული ბრძანებულებით სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა ხელფასი გაიზარდა 2005 წლის 1 იანვრიდან, მაშინ, როდესაც იმავე ბრძანებულების მიხედვით, დადგენილი ფულადი სარგოების შესაბამისად, შეიარაღებული ძალების სამხედრო პენსიონერთა პენსიების გადაანგარიშება უნდა განხორციელებულიყო 2006 წლის 1 იანვრიდან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, რადგან პენსიების გადასინჯვის თარიღთან მიმართებაში არსებობდა წინააღმდეგობა “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტსა და “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულების 61-ე პუნქტს შორის, ასეთ შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭებოდა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი ნორმატიული აქტის ნორმას _ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტს, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვითაც, ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას უპირატესობა ეძლევა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საკანონმდებლო აქტს _ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს _ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის ¹493 ბრძანებულებას შორის წინააღმდეგობა არ არსებობდა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ჟ-ის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხაზით გაზრდილი ხელფასიდან პენსიის გადაანგარიშების თაობაზე, არის საფუძვლიანი და სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა მისი სარჩელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.