Facebook Twitter

ბს-99-99(კ-08) 19 ივნისი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – გულნარა ილინა

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ს.-ა (მოსარჩელე)

დავის საგანი _ სახელფასო და სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ს.-მ 2007 წლის 7 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო და სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების სულ 1817,46 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელემ განმარტა, რომ მსახურობდა სამხედრო ნაწილ ...-ში რადიომიმღების ცენტრის რადიოტელეფონისტად, საიდანაც დათხოვნილ იქნა 2007 წლის 25 იანვრიდან. მუშაობის განმავლობაში არ მიუღია 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანება, რამაც 1330,58 ლარი შეადგინა, და ასევე არ აქვს მიღებული სანივთე ქონების კომპენსაცია 486,88 ლარის ოდენობით. აღნიშნულმა დავალიანებამ საერთო ჯამში შეადგინა 1817,46 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ნ. ს.-ს სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 1330,58 ლარის და სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების _ 486,88 ლარის, სულ _ 1817,46 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე 2007 წლამდე ნამდვილად მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. მოსარჩელის განმარტებით და საქმის მასალებით სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ნ. ს.-ს მიმართ აქვს სახელფასო დავალიანება 1330,58 ლარის და სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანება 486,88 ლარის _ სულ 1817,46 ლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია საქმეში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2007 წლის 26 აპრილს გაცემული ¹79 ცნობით და ცნობა ¹8-ით, რითაც მოპასუხის მიერ აღიარებულია მოსარჩელის წინაშე არსებული სახელფასო დავალიანებისა და სანივთე კომპენსაციის გადახდის ვალდებულება.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ" აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ამ კანონის 37-ე მუხლის I პუნქტით მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს. "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია და ფორმის ტანსაცმელი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია მოსარჩელე ნ. ს.-ს აუნაზღაუროს კუთვნილი სახელფასო და სანივთე კომპენსაციის დავალიანება, რაც ჯამში 1817,46 ლარს შეადგენს.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ნაწილობრივ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქალაქო სასამართლომ მართებულად გამოიყენა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 37-ე მუხლის I პუნქტი, რომლის თანახმადაც მოხელეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან, სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომლის გასტუმრებაზეც პასუხისმგებელია ის დაწესებულება, სადაც მუშაობდა მოხელე, რამეთუ შრომითი უფლების დაცვა და შრომის სამართლიანი ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად გამოიყენა "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები, თუმცა სამოტივაციო ნაწილში მიუთითა აღნიშნული ნორმატიული აქტის 2007 წლის მაისის თვის შემდეგ და არა მაისის თვემდე მოქმედი რედაქცია.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.

სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ, რადგან დავის განხილვის დროისათვის "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტში 2007 წლის მაისის თვეში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის მოთხოვნის უფლება აქვს სამხედრო მოსამსახურეს და არა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირს, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ საფუძვლით უარი უნდა ეთქვა სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილებაზე. მითითებულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნ. ს.-ს მიმართ აპელანტს სანივთე ქონების დავალიანება წარმოეშვა 2004-2006 წლებში. "საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ზემოხსენებულ კანონს კი აღნიშნული სახით ცვლილება არ განუცდია.

სააპელაციო პალატამ ასევე ვერ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სათანადო ასიგნებების არარსებობის პირობებში, დამტკიცებული ხარჯების გეგმიური პარამეტრების ზევით დაუშვებელია ფაქტიური ხარჯების გაწევა, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტში სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხები არ მიჩნეულა კრედიტორულ დავალიანებად. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მითითებული ნორმის თანახმად, სათანადო ასიგნების არ არსებობა არ შეიძლება გახდეს მოსამსახურეთათვის სახელმწიფო ხარჯზე ასანაზღაურებელი გარანტიების დაუფინანსებლობის საფუძველი.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დავა არსებითად სწორადაა გადაწყვეტილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელის სასარგებლოდ 486,88 ლარის სანივთე ქონების კომპენსაციის დაკმაყოფილების ნაწილში და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ ნ. ს.-ა შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილია 2007 წლის 31 იანვარს. სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2007 წლის 7 ივნისს. სასარჩელო მოთხოვნა კი ეხება 1998-2000 წლების სანივთე ქონების კომპენსაციას.

კასატორის განმარტებით საყურადღებოა, რომ მოსარჩელეს უფლება არ ჰქონდა მოეთხოვა 1998-2000 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება, რადგან მოსარჩელე სარჩელის შეტანის დროისათვის სამხედრო მოსამსახურეს აღარ წარმოადგენდა, ხოლო "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით სამხედრო მოსამსახურეს სანივთე ქონება ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია ეძლევათ სამსახურის პერიოდში, როდესაც ისინი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები არიან. რაც შეეხება სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ მოსარჩელეზე გავრცელებას, უკანონოა, ვინაიდან "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შEსახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ნორმები ვრცელდება მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებზე. კასატორის აღნიშვნით სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი 2007 წლის 11 მაისის ცვლილებამდე რედაქციით. დასახელებული ნორმით კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეებს. სარჩელის შეტანის დროისათვის მოსარჩელე ნ. ს.-ა აღარ იყო სამხედრო მოსამსახურე, შესაბამისად, მოსარჩელეს სარჩელის შეტანის დროს არ ჰქონდა სანივთე ქონების ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. გასათვალისწინებელია, რომ სანივთე ქონებით უზრუნველყოფა ან მისი ფორმის კომპენსირება ხდება წლის დასაწყისში. ამ მხრივ, თითოეული წლის სანივთე უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო თითოეული წლის 1-3 იანვარს, ე.ი. ამ დროს წარმოიშვა მოთხოვნის უფლება თითოეული წლის სანივთე ქონების კომპენსაციაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით ამგვარ ვალდებულებებზე ვრცელდება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

კასატორი თვლის, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიღებისას უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა და უსაფუძვლოდ უნდა ეცნო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 105-ე მუხლი, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლები. კერძოდ, სასამართლომ საქმეში არსებული ცნობები შეაფასა დავალიანების აღიარებად, რაც არაკანონიერია, რადგან აღიარება ან დაპირება მხოლოდ მაშინ წარმოშობს ვალდებულებას, თუ იგი მიღებულია უფლებამოსილი პირის მიერ და თუ მას ინფორმაციული ხასიათი აქვს. ამ შემთხვევაში, კასატორის განმარტებით ეს ცნობა მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში, რის შემდეგაც თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი განსახილველად დაშვებულ უნდა იქნეს და განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

დასაშვებად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე.

საკასაციო საჩივარი განხილულ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.