Facebook Twitter

¹ს-07 19 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი _ თ. გ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹3039/10/07 გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 13 თებერვალს ადვოკატ თ. გ-მა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა საჩივარი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹3039/10/07 გადაწყვეტილების გაუქმება და დისციპლინური სასჯელის მოხსნა შემდეგი საფუძვლით:

საჩივრის ავტორის მითითებით, იგი 2004 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი – ადვოკატი საერთო სპეციალობით. ეთიკის კომისიამ მ. მ-ის განცხადების საფუძველზე დაწყებული დისციპლინური წარმოების შესაბამისად 2007 წლის 11 ოქტომბერს მიიღო ¹3039/10/07 გადაწყვეტილება, რომლითაც თ. გ-ის დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა გაფრთხილება.

საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ეთიკის კომისიის მითითებული გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მიღებულია “ადვოკატთა შესახებ” კანონის 6.1 და 32.1 მუხლების უხეში დარღვევით, ასევე ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-5, 8.4, მე-7 და მე-14 პუნქტების უგულებელყოფით. ასევე ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ადვოკატთა ასოციაციის წესდების 5.1, 5.3 და 5.4 მუხლების მოთხოვნებს.

საჩივრის ავტორის მითითებით, ეთიკის კომისიას “ადვოკატთა შესახებ” კანონის 35.2 მუხლის შესაბამისად წერილობით განემარტა, რომ განცხადებელი მ. მ-ი იყო თ. გ-ის კლიენტის ქ. მ-ის ძმიშვილი და საქმეში მონაწილეობდა მოწინააღმდეგე მხარედ. ქ. მ-თვის საადვოკატო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება საკონსულტაციო ჯგუფთან დადო ქ. გ-მა _ ქ. მ-ის დისშვილმა. ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების საგანს წარმოადგენდა ქ. მ-ის საკუთრებაში არსებული, სოფელ ..... მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და მასთან დაკავშირებული ყველა მოქმედების განხორციელება. კომისიას ასევე განემარტა, რომ 2006 წლის აგვისტოში ადვოკატ თ. გ-ს მიმართა ქ. გ-ი და განაცხადა, რომ მის დეიდას – ქ. მ-ს 2000 წლიდან საცხოვრებელ სახლში შეეჭრა და ჩაუსახლდა ძმისშვილი – მ. მ-ი ოჯახთან ერთად, რომელმაც პირად ვალში გაასხვისა ქ. მ-ის რამდენიმე მიწის ნაკვეთი, ქ. მ-ს ეპყრობიან ცუდად, სცემენ, ლანძღავენ, რის გამოც ესაჭიროება ადვოკატის დახმარება საჯარო რეესტრში უძრავი ქონების დარეგისტრირებასა და მისი ინტერესების დაცვაში. რის შედეგადაც გაიცა მინდობილობა თ. გ-ის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით კონკრეტული უფლებამოსილებისა და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოქმედების განხორციელების მითითებით. კომისიას ასევე წარედგინა ოფიციალური უწყებებიდან გაცემული დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდებოდა, რომ განმცხადებლის მხრიდან სისტემატურ ხასიათს ატარებდა თ. გ-ის მარწმუნებლის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, მიეთითა 2006 წლის 15 სექტემბრის, 2006 წლის 22 აგვისტოს, 2006 წლის 15 სექტემბრისა და 2006 წლის 18 სექტემბრის ფაქტებზე.

საჩივრის ავტორის მითითებით, ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას დისციპლინური დევნის აღძვრის თაობაზე მის მიერ წარდგენილ მასალებთან ერთად საფუძვლად დაედო თ. მ-ის, ნ. ხ-ის, ე. შ-ისა და თ. ფ-ის განცხადებები, რომლებიც თ. გ-ს საქმის წარმოებისას არ ჩაჰბარებია და რომელთა შინაარსიც მისთვის უცნობი იყო და მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გახდა ცნობილი. საქმეში წარმოდგენილია და მტკიცებულებად გაზიარებულია ნ. ხ-ის, ე. შ-ისა და თ. ფ-ის 2007 წლის 27, 29 ივლისისა და 6 აგვისტოს განცხადებები, რომლებიც არის ხელნაწერი. კომისიას არ დაუკითხავს მითითებული პირები უშუალოდ და არ გადაუცია ისინი თ. გ-თვის. აღნიშნული განცხადებების თანახმად, სადავოდ გამხდარი უძრავი ქონება ეკუთვნის განმცხადებელს და თ. გ-ი აზომვითი სამუშაოს ჩატარებით თვითნებურად ასახლებს მ. მ-ს სადავო ქონებიდან, თუმცა საქმეში წარდგენილ იქნა 2006 წლის 15 სექტემბერს სოფელ ...... გამგეობის მიერ გაცემული ამონაწერი საკომლო წიგნიდან და 2007 წლის 29 ივნისს მცხეთის არქივის ამონაწერი, რითაც დადასტურებულია სადავო ქონებაზე ქ. მ-ის უფლების არსებობა.

საჩივრის ავტორის მითითებით, კომისიამ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ასევე საფუძვლად დაუდო ის ფაქტი, რომ თ. გ-ი შსს ვაკე-საბურთალოს მე-6 განყოფილების უბნის ინსპექტორის მიერ გაფრთხილებულ იქნა, რომ შეურაცხყოფა არ მიეყენებინა განმცხადებლისათვის. კომისიამ წერილობით მიმართა პოლიციის განყოფილებას და მოითხოვა ინფორმაცია თუ რა მოქმედებებს ჰქონდა ადგილი 2007 წლის 12 ივლისს მხარეებს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს. პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილემ ზოგადად მიუთითა, რომ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ორივე მხარის მიერ. საჩივრის ავტორის მითითებით, მხარეში იგულისხმებოდა მისი მარწმუნებელი, რომელიც კონფლიქტის დროს იმყოფებოდა და და არა მისი წარმოამდგენელი თ. გ-ი, რომელიც იცავდა კლიენტის ინტერესებს, ცდილობდა ჩაეტარებინათ აზომვითი სამუშაოები. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სხვა რაიმე დასკვნა, რომ თ. გ-ი ახორციელებდა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, წერილიდან არ იკვეთება.

ამდენად, საჩივრის ავტორის მითითებით, ეთიკის კომისიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია “ადვოკატთა შესახებ” კანონის, ეთიკის კოდექსის მოთხოვნების უხეში დარღვევით (იხ. ს.ფ. 2-16).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ. გ-ის საჩივარი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹3039/10/07 გადაწყვეტილებაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის განსჯად საქმეს წარმოადგენს, რის გამოც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა გადაეცეს მითითებულ პალატას განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “ადვოკატთა შესახებ” 2001 წლის 20 ივნისის კანონის 35.6 მუხლის შესაბამისად, ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გადაცემის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში. “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” 1999 წლის 12 მაისის კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლო, რომელიც დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში, ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის 63-ე, 64-ე და 88-ე მუხლებით და ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

“საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოში იქმნება სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა, ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა, სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, დიდი პალატა, პლენუმი და სადისციპლინო პალატა. ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, უზენაესი სასამართლოს პალატა გარდა სადისციპლინო პალატისა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც საპროცესო კანონით დადგენილი წესით განიხილავს საკასაციო საჩივრებს საქართველოს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით განიხილავს მის განსჯადობას მიკუთვნებულ სხვა საქმეებს, გადასინჯავს განაჩენებსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებს ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ასევე განიხილავს საჩივრებს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით “ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ” საქართველოს კანოით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში.

სსსკ-ის 391.1 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

ამდენად, მითითებული ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს პალატები გარდა სადისციპლინო პალატისა, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ ზედამხედველობას საერთო სასამართლოების მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაზე, შესაბამისად, იხილავენ საჩივრებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თ. გ-ის საჩივარი დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹3039/10/07 გადაწყვეტილებაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის განსჯად საქმეს წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “ადვოკატთა შესახებ” კანონის 35.6 მუხლი განსაზღვრავს ადვოკატისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს და საჩივრის განმხილველ ორგანოდ მიუთითებს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მაგრამ არ აკონკრეტებს უზენაესი სასამართლოს რომელი პალატის კომპეტენციას განეკუთვნება საჩივრის განხილვა. ამგვარი დავის განხილვის კომპეტენციაზე მითითება არც “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” კანონშია მოცემული, რაც საკანონმდებლო ხარვეზით უნდა აიხსნას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის ძირითადი უფლება კანონიერ სასამართლოზე, სხვა საპროცესო ძირთად უფლებებთან ერთად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ნაწილს წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუციის 42.2. მუხლით დაცული და უზრუნველყოფილია პირის აღნიშნული საპროცესო უფლება.

მითითებული კონსტიტუციური ნორმა წარმოადგენს გარანტიას “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” 6.1. მუხლით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად, შესაბამისად, რაც სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლო განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში ვინაიდან არ იქნა უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მხრიდან მითითებული ვალდებულების შესრულება, რაც საკანონმდებლო ხარვეზს წარმოადგენს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსჯადი სასამართლო ანალოგიის მიხედვით უნდა განისაზღვროს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ კანონით “ადვოკატთა შესახებ” განსაზღვრა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს იურისდიქცია ადვოკატის მიერ კვაზისასამართლო ორგანოს (ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისის) მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე საჩივრის განხილვის უფლებამოსილების თაობაზე, უდავოა, რომ საქმე განხილულ უნდა იყოს საკასაციო სასამართლოს მიერ, ამასთან, რაკი “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” კანონით არ არის განსაზღვრული საკასაციო სასამართლოს თუ რომელი პალატის კომპეტენციას წარმოადგენს ამ კატეგორიის საქმის განხილვა, საკანონმდებლო ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას (შეივსოს) სასამართლოს მიერ კანონის ლოგიკური ინტერპრეტაციის საფუძველზე, კერძოდ, ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვა ლოგიკურად უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის განსახილველ საქმეს განეკუთვნება, რადგან “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” კანონის 81.6 შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის კომპეტენციას განეკუთვნება “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებებზე საჩივრების განხილვა. ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებებზე საჩივრის განხილვა თვისობრივად მსგავსი ხასიათის დავას წარმოადგენს.

“ადვოკატთა შესახებ” და “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონი, რომლითაც ხელმძღვანელობს სადისციპლინო პალატა, განსაზღვრავს ადვოკატისათვის და მოსამართლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის განხილვისა და გადაწყვეტის მსგავს წესსა და პროცედურას. კერძოდ, “ადვოკატთა შესახებ” კანონის VII თავი განსაზღვრავს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს (კანონით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა, ადვოკატთა პროფესიული კოდექსის დარღვევა), ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის უფლებამოსილება კანონით მინიჭებული აქვს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, კანონი ასევე განსაზღვრავს დისციპლინური სახდელების სახეებს, ეთიკის კომისიის მიერ სახდელის შეფარდების წესს, აღნიშნულზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურას და ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს საჩივარი.

ანალოგიურ წესსა და პროცედურას განსაზღვრავს “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” კანონი მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შემთხვევაში.

ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების და საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმება თვისობრივად იდენტურ საქმეებს განეკუთვნება, რა დროსაც სადისციპლინო პალატა უფლებამოსილი იქნება სსსკ-ის მე-7 მუხლიდან გამომდინარე განიხილოს ადვოკატის სადისციპლინო სამართალწარმოების საქმე. მაშინ, როცა საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განიხილავს საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 26.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. გ-ის საჩივარი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2007 წლის 11 ოქტომბრის ¹3039/10/07 გადაწყვეტილებაზე განსჯადობის მიხედვით განსახილველად დაექვემდებაროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.