Facebook Twitter

¹ბს-01-01(კს-08) 1 თებერვალი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ლ. ჩ-ას კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 21 სექტემბერს ლ. ჩ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ივლისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 12 აპრილის განჩინებებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 25 თებერვლის და 2006 წლის 20 დეკემბრის განჩინებებით მისი სარჩელი არ იქნა წარმოებაში მიღებული სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით, რის გამოც მას მიადგა ქონებრივი ზიანი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. ჩ-ია ითხოვდა ახლად აღმოჩენილი გარემოების საფუძველზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას 6000 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ლ. ჩ-ას განცხადება დატოვებულ იქნა ხარვეზზე, იმ მოტივით, რომ იგი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადების შინაარსისათვის დადგენილ მოთხოვნებს და ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა 10 დღით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ლ. ჩ-ას განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.

2007 წლის 26 დეკემბერს ლ. ჩ-ამ კერძო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურება 16000 ლარის ოდენობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ლ. ჩ-ას კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 იანვრის განჩინებით ლ. ჩ-ას კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე კერძო საჩივარში გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლების მიუთითებლობის გამო. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს დაევალა, წარმოედგინა დასაბუთებული კერძო საჩივარი და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

2008 წლის 24 იანვარს ლ. ჩ-ას მიერ საკასაციო სასამართლოში ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ იქნა დაზუსტებული კერძო საჩივარი, რომელიც კვლავ არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1. “ე” პუნქტის მოთხოვნებს, რამდენადაც მითითებული დაზუსტებული კერძო საჩივარი არ შეიცავს მოტივაციას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე, აგრეთვე მითითებებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობასა და სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო და მატერიალური ნორმების დარღვევის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3. მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ჩ-ას კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.