Facebook Twitter

¹ბს-06-06(კს-08) 17 იანვარი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი

შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ზ. თ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 14 აგვისტოს ზ. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. აღნიშნული განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 აგვისტოს განჩინებით დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-179-ე მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ, არ იყო დაცული სასარჩელო განცხადების სასამართლოში წარდგენის ფორმა, განცხადებაში არ იყო მითითება, თუ ვის მიმართ აყენებდა მხარე მოთხოვნებს, სარჩელი არ იყო დაზუსტებელი და იყო ბუნდოვანი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 აგვისტოს განჩინებით ზ. თ-ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მიერ არ იყო შევსებული სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი.

ზ. თ-ემ აღნიშნულ განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც საქმესთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ზ. თ-ის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ ასევე იყო ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი და ფაქტობრივად, არ იქნა შევსებული ხარვეზი.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. თ-ემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზ. თ-ის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა გაეცნო ზ. თ-ის კერძო საჩივარს და მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომლის შესაბამისადაც, ,,კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.” საქმეში არსებული ხელწერილიდან ირკვევა, რომ ზ. თ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინება ჩაჰბარდა 2007 წლის 23 ოქტომბერს (ს.ფ.109), მან კი აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა 2007 წლის 21 დეკემბერს (ს.ფ.114), ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლში მითითებული 12-დღიანი ვადის გადაცილებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. თ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 416-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. თ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.