Facebook Twitter

¹ბს-1005-962(კს-07) 6 თებერვალი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

ნინო ქადაგიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.07წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

07.08.06წ. ი/მ “გ. ბ-ემ” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და თბილისის საგადასახადო ინსპექციის 14.01.05წ. ¹500027 ოქმის, 28.01.05წ. ¹500027 დადგენილების ბათილად ცნობა, უკანონოდ დარიცხული 155.55 ლარის ოდენობით საურავის და 500 ლარის ოდენობით ჯარიმის გაუქმება და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 5000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ არის II ჯგუფის ინვალიდი და ინდმეწარმე. 07.06.06წ. მისთვის ცნობილი გახდა, რომ 14.01.05წ. შედგენილი იყო სამართალდარღვევის ოქმი სალარო აპარატის გამოუყენებლობის გამო და მის საფუძველზე მიღებული იყო 28.01.05წ. დადგენილება. 28.07.06წ. მოსარჩელემ მიმართა თბილისის საგადასახადო ინსპექციას და ჩაიბარა 14.01.05წ. ¹500027 სამართალდარღვევის ოქმის ასლი. მოსარჩელის აზრით, დარღვეულია საკონტროლო სალარო აპარატის წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციისა და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები. საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის თანხმად, თბილისის საგადასახადო ინსპექციას არ გამოუგზავნია წერილი სალარო აპარატის გამოყენებისა და დადგმის აუცილებლობაზე, ოქმზე არ არის მოსარჩელის ხელმოწერა და აღნიშვნა იმის თაობაზე, ჩაჰბარდა თუ არა მას ოქმი. მოსარჩელის მითითებით, მას შეეზღუდა უფლება მიეღო და გაესაჩივრებინა სამართალდარღვევის ოქმი, რომელსაც არ ეთანხმება. მოსარჩელის განცხადებით, 07.07.06წ. მიღებული შედარების აქტით დაადგინა, რომ მას ერიცხებოდა 155.51 ლარი საურავი, რომლის დარიცხვის საფუძველი საგადასახადო ორგანომ ვერ მიუთითა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.06წ. გადაწყვეტილებით ი/მ “გ. ბ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 14.01.05წ. საგადასახადო სამართალდარღვევის ¹500027 ოქმი და მის საფუძველზე მიღებული 28.01.05წ. ¹500027 სერია “სა” დადგენილება და მოპასუხეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ და ი/მ “გ. ბ-ემ”.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.03.07წ. განჩინებით ი/მ “გ. ბ-ის” სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაეკისრა.

05.04.07წ. ი/მ “გ. ბ-ემ” განცხადებით მიმართა სააპელაციო პალატას, რომელშიც აღნიშნა, რომ იყო მეორე ჯგუფის ინვალიდი, ამასთანავე იყო სოციალურად დაუცველი. განმცხადებელმა სასამართლოს წარუდგინა ინვალიდობის დამადასტურებელი მოწმობა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.07წ. განჩინებით ი/მ “გ. ბ-ეს” გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად დანიშნული ვადა. 21.05.07წ. განმცხადებელმა კვლავ მიმართა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლების თხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.07წ. განჩინებით ი/მ “გ. ბ-ეს” კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა. გ. ბ-ემ 20.06.07წ. განცხადებით მიმართა და იმავე მოტივით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.07წ. განჩინებით ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ ი/მ “გ. ბ-ის” შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ “გ. ბ-ემ”. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ასკ-ის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ თავისუფლდებიან ინდმეწარმეები, თუმცა იგი, ამასთანავე, არის II ჯგუფის ინვალიდი და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სახელმწიფო ბაჟისაგან მისი გათავისუფლების საფუძველს ქმნის ასევე ის გარემოება, რომ იგი სოციალურად დაუცველია. კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო პალატის 25.06.07წ. განჩინების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ი/მ “გ. ბ-ის” კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ინვალიდები, ინვალიდთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები _ ყველა სარჩელზე. ამავე მუხლის პირველი ნაწილის “მ1” ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რაც დასტურდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ბ-ე არის II ჯგუფის ინვალიდი (ს.ფ. 144), ამავე დროს, არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რაც დასტურდება საქმეში დაცული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობით (ს.ფ. 145), აღნიშნული კი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კერძო საჩივრის ავტორის გათავისუფლების საფუძველს ქმნის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე გ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.07წ. განჩინება;

2. საქმე გ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.