Facebook Twitter

¹ბს-1007-961(კს-06) 1 თებერვალი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.11.06წ. განჩინებაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

14.07.06წ. კოოპერატივ “ტ-ის” დირექტორმა ა. შ-ემ თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ კოოპერატივი “ტ-ი” გადასახადის გადამხდელად აღრიცხული იყო ყვარლის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში. ყვარლის რაიონის საგადასახადო ინსპექციის 01.09.03წ. აქტით უსაფუძვლოდ დაერიცხა 119 258 ლარი და 28 თეთრი. ყვარლის რაიონული სასამართლოს 08.06.04წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი აღნიშნული საგადასახადო აქტი და შესაბამისი ცვლილება შევიდა კოოპერატივ “ტ-ის” საგადასახადო ბარათში. მოსარჩელის განმარტებით, 26.04.06წ. ¹67 საგადასახადო მოთხოვნით მოსარჩელეს დაეკისრა 119 258.28 ლარის ოდენობით მიწის გადასახადი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის შესახებ მისი შესაგებელი იმ მოტივით არ დაკმაყოფილდა, რომ მან ყვარლის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საგადასახადო ინსპექციას არ წარუდგინა. მოსარჩელემ თელავის საგადასახადო ინსპექციის 26.04.06წ. ¹67 საგადასახადო მოთხოვნის და ამავე ინსპექციის 06.07.06წ. ¹179 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თელავის რაიონული სასამართლოს 14.08.06წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 26.04.06წ. ¹67 საგადასახადო მოთხოვნა და ამავე ინსპექციის 06.07.06წ. ¹179 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციამ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.11.06წ. განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხარვეზის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 05.10.06წ. განჩინება აპელანტს ჩაჰბარდა 20.07.06წ., სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 7 დღიან ვადაში საგადასახადო ინსპექციამ სააპელაციო საჩივრის ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც სსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.11.06წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციამ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ 7 დღიან ვადაში გამოასწორა და გზავნილი ფოსტას 27.07.06წ. ჩააბარა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციას ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.11.06წ. განჩინება 20.10.06წ. ჩაჰბარდა (ს.ფ.46). ხარვეზის შევსების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის განცხადება ფოსტას ჩაბარებული აქვს 27.10.06წ. (ს.ფ. 52,57,58), ხარვეზის ჩაბარებიდან მეშვიდე დღეს. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ თელავის საგადასახადო ინსპექციის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზი გამოსწორებულია სასამართლოს მიერ დადგენილ 7 დღიან ვადაში. ვინაიდან დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ხოლო თელავის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი განუხილვევად იქნა დატოვებული ხარვეზის ვადაში არშევსების გამო, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის 02.11.06წ. განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.11.06წ. განჩინება;

2. საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.