Facebook Twitter

¹ბს-1011-964(2კს-06) 31 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შპს “ქ-ნ”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ რუსთავის საგადასახადო ინსპექცია (რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლე)

მესამე პირები: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი; 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური

თანამოსარჩელე სარჩელში _ შპს “ვ-ი”

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 8 იანვარს შპს “ქნ-მ” და შპს “ვ-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე რუსთავის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, 1999-2003 წლებში განხორციელებული გაანგარიშებების შედეგად შპს “ვ-ს” ჰქონდა დადებითი სალდო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისას საექსპორტო ოპერაციების ანგარიშზე. აღნიშნულ პერიოდში შპს “ვ-მა” გადაიხადა დღგ _ 140640,95 აშშ დოლარი ეროვნულ ვალუტაში ეროვნული ბანკის იმდროინდელი კურსით, ხოლო იმავე პერიოდში შპს “ვ-ს” ჰქონდა დღგ-ის დავალიანება _ 111015,54 აშშ დოლარი. ბიუჯეტში სხვა ძირითადი გადასახადების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის პირად ბარათზე საგადასახადო ორგანოში უნდა დარჩენილიყო დაახლოებით 19288 აშშ დოლარი ეროვნულ ვალუტაში. შპს “ვ-ის” ფინანსური სახსრების არადროული დაბრუნების გამო, საგადასახადო ორგანოებს დავალიანებაზე უნდა დარიცხოდათ პროცენტი. აღნიშნულის ნაცვლად, პროცენტი ერიცხებოდა შპს “ვ-ს”, რაც იყო უკანონო. 2001-2003 წლებში მოპასუხემ შპს “ვ-ის” მიმართ განახორციელა 101472,64 ლარის დღგ-ის ჩათვლის ანულირება, საიდანაც 11294 ლარი განმეორებით იყო ანულირებული. შპს “ქნ-ს” მიმართ ფინანსური სახსრების გადაუხდელობა სახეზე იყო 1997 წლიდან და დაბრუნებას ექვემდებარებოდა 67834,30 აშშ დოლარი. 1999 წელს მოპასუხემ შპს “ქნ-ს” მიმართ ჩაატარა გეგმური შემოწმება, რის შედეგადაც გამოვლინდა შპს “ქნ-ის” მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა _ 95000 ლარი და იმის ნაცვლად, რომ მომხდარიყო აღნიშნული ზედმეტად გადახდილი თანხის ჩათვლა, მოპასუხემ გააგრძელა მისთვის საურავის სახით პროცენტის დარიცხვა. 2003 წლის 8 სექტემბერს შპს “ქნ-ის” სახელზე გამოწერილ იქნა ¹21 საგადასახადო შეტყობინება, რომლის თანახმადაც, შპს “ქნ” ვალდებული იყო, ბიუჯეტში გადაეხადა 346136,42 ლარი, ხოლო 2003 წლის 26 სექტემბრის ¹95 შეტყობინებით შპს “ქნ-ს” შეატყობინეს, რომ მისი ქონება იყო დაყადაღებული, დავალიანების თანხა კი გაზრდილი 350811 ლარამდე. მოსარჩელეთა მტკიცებით, შპს “ქნ-ს” მიმართაც მოპასუხის მხრიდან სახეზე იყო შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურებით 147115,14 ლარის დღგ-ის ჩათვლების თვითნებური ანულირება, საიდანაც 20071 ლარი განმეორებით იყო ანულირებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს შპს “ვ-ის” ძირითადი თანხის _ 19288 აშშ დოლარის, მასზე დარიცხული პროცენტის _ 20942 აშშ დოლარის, სულ _ 40230 აშშ დოლარის დაბრუნება, ხოლო შპს “ქნ-თვის” ძირითადი თანხის _ 67834 აშშ დოლარის, მასზე დარიცხული პროცენტის _ 89599 აშშ დოლარის, სულ _ 157433 აშშ დოლარის დაბრუნება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 8 დეკემბრის განჩინებებით მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “ვ-სა” და შპს “ქნ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს შპს “ვ-მა” და შპს “ქნ-მ”, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2006 წლის 11 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებებით შპს “ვ-ისა” და შპს “ქნ-ის” სააპელაციო საჩივრები მიიჩნია ხარვეზიანად _ აპელანტებს არ ჰქონდათ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული განჩინებებით შპს “ვ-სა” და შპს “ქნ-ს” დასახელებული ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცათ 10 დღის ვადა ხარვეზის შესახებ ხსენებული განჩინებების ჩაბარებიდან. აპელანტებს იმავე განჩინებებით განემარტათ, რომ ხარვეზების მათთვის მიცემულ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრები განუხილველი დარჩებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით შპს “ვ-ის” სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინება შპს “ვ-ის” დირექტორს ჩაჰბარდა 2006 წლის 2 ოქტომბერს, მაგრამ მან სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი _ არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის მეორე განჩინებით შპს “ქნ-ის” სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინება შპს “ქნ-ის” დირექტორს ჩაჰბარდა 2006 წლის 16 ოქტომბერს, მაგრამ მან სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი _ არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “ვ-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

შპს “ვ-ის” კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ 2006 წლის 21 სექტემბერს მიიღო ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინება შპს “ქნ-ის” სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესახებ და აღნიშნულ განჩინებაში ნახსენები არ იყო შპს “ვ-ი”, თუმცა 2006 წლის 6 ნოემბერს მიიღო იმავე პალატის განჩინება, რომლითაც განუხილველად დარჩა შპს “ქნ-ის” სააპელაციო საჩივარი და შპს “ვ-ი” განუხილველად დატოვების შესახებ ხსენებულ განჩინებაშიც არ იყო ნახსენები, რომელიც კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მიღებულ იქნა შაბათ დღეს _ 2006 წლის 30 სექტემბერს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის შესაბამის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა, ასევე, შპს “ქნ-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

შპს “ქნ-ის” კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო პალატას შეატყობინა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა მისთვის ტექნიკურად შეუძლებელი იყო, ვინაიდან მოპასუხემ მიიღო რა სააპელაციო სასამართლოს შესაბამისი განჩინების ასლი, გამოიყენა თავისი მდგომარეობა და 2006 წლის 19 ოქტომბერს დაბლოკა შპს “ქნ-ის” საბანკო ანგარიშები, რითაც აუკრძალა აღნიშნული ანგარიშებიდან თანხების გადინება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის” პირველ და მე-6 მუხლებზე, რომელთა მიხედვითაც, ყველას აქვს მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება გონივრულ ვადაში, აგრეთვე _ იმავე კონვენციის მე-13 და მე-14 მუხლებზე, რომელთა თანახმად, ყველას, ვისი უფლებებიც იქნა დარღვეული, აქვს მისი ეფექტურად დაცვის უფლება, ხოლო უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მიუხედავად ადამიანის ქონებრივი მდგომარეობისა. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინებით მას ერთმევა სამართლიანი დაცვის უფლება, ვინაიდან მოპასუხე მხარე თავისი მოქმედებებით არ აძლევს სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალებას, თუმცა საქართველოს კონსტიტუციით ყველა პირს გარანტირებული აქვს სასამართლოში თავისი უფლებების დაცვა.

შპს “ვ-ისა” და შპს “ქნ-ის” კერძო საჩივრები საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შპს “ვ-ის” კერძო საჩივარი მიიჩნია ხარვეზებიანად _ კერძო საჩივრის ავტორს არ ჰქონდა გადახდილი კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი, აგრეთვე, კერძო საჩივარი არ შეიცავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას და მასში მითითებული იყო მოცემულ საქმეში არარსებულ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე. აღნიშნული განჩინებით შპს “ვ-ს” დასახელებული ხარვეზების გამოსასწორებლად მიეცა 10 დღის ვადა ხარვეზის შესახებ ხსენებული განჩინების ჩაბარებიდან. კერძო საჩივრის ავტორს იმავე განჩინებით განემარტა, რომ ხარვეზების მისთვის მიცემულ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2006 წლის 21 დეკემბრის მეორე განჩინებით შპს “ქნ-ის” კერძო საჩივარი მიიჩნია ხარვეზებიანად _ კერძო საჩივრის ავტორს არ ჰქონდა გადახდილი კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი, აგრეთვე, კერძო საჩივარი არ შეიცავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას და მასში მითითებული იყო მოცემულ საქმეში არარსებულ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 სექტემბრის განჩინებაზე. აღნიშნული განჩინებით შპს “ქნ-ს” დასახელებული ხარვეზების გამოსასწორებლად მიეცა 10 დღის ვადა ხარვეზის შესახებ ხსენებული განჩინების ჩაბარებიდან. კერძო საჩივრის ავტორს იმავე განჩინებით განემარტა, რომ ხარვეზების მისთვის მიცემულ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 იანვრის განჩინებით შპს “ვ-ის” კერძო საჩივარი განუხილველი დარჩა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის ხარვეზის შესახებ განჩინების შპს “ვ-ის” დირექტორისთვის ჩაბარების თაობაზე საფოსტო დასტურიდან ირკვეოდა, მას აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა 2006 წლის 28 დეკემბერს და, შესაბამისად, შპს “ვ-ს” ხარვეზების შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2007 წლის 8 იანვარს, შპს “ვ-ს” კი მისთვის მიცემულ ვადაში არ შეუვსია 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზები. საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული გარემოება შპს “ვ-ის” კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.

2007 წლის 11 იანვარს შპს “ქნ-მ” შეავსო ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მისთვის დადგენილი ხარვეზები, რის გამოც 2007 წლის 18 იანვარს შპს “ქნ-ის” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 31 იანვარს მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა შპს “ქნ-ის” კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორ შპს “ქნ-ის” მიერ კერძო საჩივრის მოთხოვნის დასაბუთებას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა მისთვის ტექნიკურად შეუძლებელი იყო, ვინაიდან მოპასუხემ მიიღო რა სააპელაციო სასამართლოს შესაბამისი განჩინების ასლი, გამოიყენა თავისი მდგომარეობა და 2006 წლის 19 ოქტომბერს დაბლოკა შპს “ქნ-ის” საბანკო ანგარიშები, რითაც აუკრძალა აღნიშნული ანგარიშებიდან თანხების გადინება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ქნ” მხოლოდ მიუთითებს დასახელებულ გარემოებაზე, როგორც მისთვის ხელშემშლელ ობიექტურ მიზეზზე და ვერ ასაბუთებს მის რეალურ არსებობას, რაც გამორიცხავდა მის მიერ სუბიექტური მიზეზით ხარვეზის შეუვსებლობას.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, მართალია, შპს “ქნ” მიუთითებს “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის” პირველ, მე-6, მე-13 და მე-14 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მას ერთმევა სამართლიანი დაცვის უფლება, მაგრამ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შპს “ქნ-ის” აღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან, ჯერ ერთი, შპს “ქნ”, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი, მოქმედი კანონმდებლობით საგადასახადო დავებზე არ არის გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მეორეც, შპს “ქნ-ს” არ გამოუყენებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლება _ აღნიშნული კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად (ხარვეზისთვის დადგენილ ვადაში), არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების, კონკრეტულ შემთხვევაში _ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების ანდა მისი ოდენობის შემცირების თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. აღნიშნული კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს და კერძო საჩივრის ავტორ შპს “ქნ-ის” ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ შპს “ქნ-ს” არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული თხოვნით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის მისთვის გაგრძელების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს “ქნ-ის” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ქნ-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.