¹ბს-1014-967(კს-06) 21 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე თავმჯდომარე),
ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ყ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002 წლის 14 თებერვალს ბ. ყ-მა სასრჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სს “გ-ს” მიმართ ანაბარზე რიცხული 32641 ლარის დაბრუნების თაობაზე.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. ყ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ყ-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 10 აპრილის განჩინებით ბ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ყ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ბ. ყ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 10 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 19 მარტის განჩინებით ბ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ყ-მა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 19 მარტის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ბ. ყ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 19 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ბ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ სასამართლო სხდომის დღის შესახებ და მათთვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის დრო, მაგრამ ისინი არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე, რის გამოც სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო განუხილველად დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი, კრძალავს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის დებულებების, მათ შორის, საქმის განუხილველად დატოვების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის გამოყენებას, არ ზღუდავს ამავე კოდექსის 29-ე თავის ნორმების, მათ შორის 275-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლი ადგენდა ერთი და არა ორივე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს, ხოლო ორივე მხარის დაუსწრებლად საქმის განხილვის პირობები უშუალოდ იყო დადგენილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლით, რომლის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, მხარეთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ადმინისტრაციული საქმე განეხილა და გადაეწყვიტა მხარეთა დაუსწრებლად.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ყ-მა.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და მისი სააპელაციო საჩივრის განხილვას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ნოემბრის გაჩინებით ბ. ყ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ბ. ყ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არასწორად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტზე მითითებით ბ. ყ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა საპროცესო კანონის ის ნორმა, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
იმავე კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით იმპერატიულადაა დადგენილი, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის (დაუსწრებელი გადაწყვეტილება) დებულებები. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავში შემავალი 231-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 275-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი, კრძალავს რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის დებულებების, მათ შორის, საქმის განუხილველად დატოვების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის გამოყენებას, ზღუდავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი დაფუძნებულია ამავე კოდექსის 231-ე მუხლის დებულებებზე და ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავში შემავალი 231-ე მუხლი არ გამიყენება ადმინისტრაციულ პროცესში, შესაბამისად, ამავე პროცესში არ გამოიყენება აღნიშნული კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტიც.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული სამართალწარმოების თავისებურებას და მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკა წარმოადგენს დამატებით დასტურს იმისა, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში დაუშვებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის ,,დ” პუნქტის გამოყენება, კერძოდ, ადმინისტრაციულ პროცესში, სამოქალაქო პროცესისაგან განსხვავებით, მოქმედებს ინკვიზიციურობის პრინციპი, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლსა და მე-19 მუხლის პირველ ნაწილში. უფრო მეტიც, იმავე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო (მოსამართლე) უფლებამოსილია, მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მის დაუსწრებლად გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო ვალდებულია იმოქმედოს აქტიური სასამართლოს პრინციპით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლით რეგლამენტირებული სარჩელის განუხილველად დატოვება ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედ ინკვიზიციურობის პრინციპს, რის გამოც აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციულ პროცესში ვერ გამოიყენება.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას არ მიუღია შეტყობინება სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ, აღნიშნულს საკასაციო სასამართლო, საქმეში დაცული გზავნილიდან გამომდინარე, ვერ გაიზიარებს, მაგრამ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს არა ზემოხსენებული სასამართლო უწყებების კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარების ფაქტს, არამედ სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებული, ამკრძალავი ნორმის დაუცველობას, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ. ყ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, მხარეთა გამოუცხადებლობის მოტივით, არ შეესაბამება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ყ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 14 დეკემბრის განჩინებას ბ. ყ-ის კერძო საჩივრის ხარვეზზე დატოვების შესახებ, აღნიშნული ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419.1 მუხლის საფუძველზე, ბ. ყ-ის კერძო საჩივარზე გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს წარმოადგენს უზენაესი სასამართლო, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული განჩინების საქმეში არსებობა ხელს ვერ შეუშლის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღებასა და მის დაკმაყოფილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ყ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.