Facebook Twitter

ბს-1015-971(კს-07) 20 ნოემბერი, 2007წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა საკასაციო პალატა

შემადგენლობით:

ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ დ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 27 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე დ. მ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 14000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდის დაკისრება (ს.ფ. 1-2).

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საქმე განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ხოლო ამ უკანასკნელის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით _ საქმე განსჯადობით გადაეგზავნა ახალციხის რაიონის სასამართლოს (ს.ფ. 31-33; 40-41).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დ. მ-ეს მის სასარგებლოდ 3000 ლარის გადახდა დაეკისრა (ს.ფ. 68-71).

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა დ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გაადწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა (ს.ფ. 80-81).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს გაშვებული ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით განსაზღვრული გასაჩივრების 14-დღიანი ვადა. აპელანტს სააპელაციო საჩივარი შეტანილი ჰქონდა 2007 წლის 26 ივლისს, მაშინ როდესაც, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება მას 2007 წლის 27 მარტს ჩაბარდა (ს.ფ. 87-88).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სინამდვილეს არ შეესაბამება გასაჩივრებული განჩინების მითითება, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების მის მიერ 2007 წლის 27 მარტს ჩაბარების შესახებ, ვინაიდან აწყურის ფოსტაში შესულ არცერთ წერილზე არ არის შემოსვლის დამადასტურებელი შტამპი. დ. მ-ის მითითებით, ახალციხის ფოსტაში გაირკვა, რომ შეტყობინება დაბრუნდა 27 მარტს, ხოლო სასამართლოს ჩაბარდა 30 მარტს. აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ შეტყობინებაზე მის მაგივრად ხელი მოაწერა აწყურის ფოსტის გამგემ, მ. გ-ემ, ხოლო მას გადაწყვეტილება გადაეცა ივლისში და საჩივარიც შეიტანა მიღებისთანავე. ე.ი. მ. გ-ის ბრალით მოხდა საჩივრის დაგვიანებით შეტანა. მას კი არ ჰქონდა უფლება დ. მ-ის ნაცვლად მოეწერა ხელი (ს.ფ. 90).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ოქტომბრის განჩინება და დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად წარმოებაში მიღების ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება დ. მ-ეს 2007 წლის 27 მარტს ჩაბარდა. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ს.ფ. 73-ზე არსებულ შეტყობინების ფურცელზე, მაგრამ საქმის მასალებით უტყუარად დგინდება, რომ აღნიშნული შეტყობინების დასტური არ შეიცავს დ. მ-ის ხელმოწერას ან მის მიერ საფოსტო გზავნილის ჩაბარების თარიღზე მითითებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისადმი მიმართვის წერილში ნათქვამია, რომ დ. მ-ეს სასამართლო გადაწყვეტილება ჩაბარდა 2007 წლის 3 აპრილს (იხ. ს.ფ. 86), თუმცა, ამავე დროს, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გაურკვევლობის პირობებში, როდესაც შეტყობინების დასტური არ შეიცავს დ. დ-ის ხელმოწერას, ხოლო ახალციხის რაიონული სასამართლოს მიმართვაში მითითებულია ადრესატისათვის გადაწყვეტილების 3 აპრილს ჩაბარების თაობაზე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის მიღებაზე, იმ მოტივით, რომ ადრესატს საფოსტო გზავნილი 2007 წლის 27 მარტს ჩაბარდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა ხარვეზი მხარისათვის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, გამოეთხოვა სათანადო მასალები საფოსტო განყოფილებიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად არის გამოყენებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, განჩინება ეფუძნება ფაქტებს, რომლებიც სათანადოდ არ არის გამოკვლეული, რის გამოც სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;

3. დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად წარმოებაში მიღების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.