¹ბს-1018-974(კს-07) 22 იანვარი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ლ-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო სასამართლოს განჩინების (უსწორობის გასწორების შესახებ) გაუქმება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ვ. ლ-მა სარჩელი აღძრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა /იხ.ს.ფ. 2/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; არაკანონიერად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 2 აგვისტოს ბრძანება ვ. ლ-ის გათავისუფლების შესახებ და ვ. ლ-ი აღდგენილ იქნა რეგიონალური საბაჟო “....” საბაჟო გამშვებ პუნქტ “....” მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე /იხ.ს.ფ. 56-59/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 65-67/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბრძანება ვ. ლ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და საგადასახადო დეპარტამენტს დაევალა შრომის კანონთა კოდექსისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა /იხ. ს.ფ. 88-91/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება /იხ.ს.ფ. 96-99/, ხოლო საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად /იხ.ს.ფ. 118-121/.
2007 წლის 13 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს ინიციატივით გასწორდა სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში დაშვებული უსწორობა და მიეთითა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბრძანება ვ. ლ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და საგადასახადო დეპარტამენტს დაევალა შრომის კანონთა კოდექსის და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც უნდა უნდა ჩამოყალიბებულიყო შემდეგნაირად: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება ვ. ლ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და საბაჟო დეპარტამენტს დავალებოდა შრომის კანონთა კოდექსის და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა /იხ.ს.ფ. 129-130/.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი მოტივით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (თავდაპირველი ვარიანტი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს, ხოლო 2007 წლის 13 სექტემბრის განჩინებით აქტის გამოცემა დაევალა საბაჟო დეპარტამენტს, ანუ სახეზეა გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსის არსებითი შეცვლა, რისი უფლებამოსილებაც სასამართლოს სსსკ-ის 260-ე მუხლით მინიჭებული არა აქვს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მითითებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია სსსკ-ის 284.1. მუხლის მოთხოვნა, რამდენადაც უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებით სასამართლომ არსებითად შეცვალა თავდაპირველი გადაწყვეტილება, რის უფლებამოსილებაც მას არ გააჩნდა /იხ.ს.ფ. 144-145/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე, შესაბამისად, ზემომითითებული განჩინებების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეული არ ყოფილა სსსკ-ის 393.2. “ა” პუნქტის და 394 “ე” მუხლების მოთხოვნები.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბრძანება ვ. ლ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და საგადასახადო დეპარტამენტს დაევალა შრომის კანონთა კოდექსის და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა /იხ. ს.ფ. 88-91/.
ზემომითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება /იხ.ს.ფ. 96-99/, ხოლო საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 10 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად /იხ.ს.ფ. 118-121/.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (თავდაპირველი ვარიანტი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს, ხოლო 2007 წლის 13 სექტემბრის განჩინებით აქტის გამოცემა დაევალა საბაჟო დეპარტამენტს, ანუ სახეზეა გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსის არსებითი შეცვლა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ, მიიჩნია რა მიზანშეწონილად შესწორება შეიტანა სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში, კერძოდ, გადაწყვეტილების მე-4 ნაწილში ადმინისტრაციული ორგანო _ საგადასახადო დეპარტამენტი შეიცვალა მეორე ადმინისტრაციული ორგანოთი _ საბაჟო დეპარტამენტით, რაც წარმოადგენს უსწორობის გასწორებას საააპელაციო სასამართლოს მიერ და არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს გადაწყვეტილების შინაარსის არსებით შეცვლას, რამდენადაც სადავო სამართალურთიერთობაში, რომლის თაობაზეც გამოტანილ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ თავდაპირველი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, მხარეს წარმოადგენდა საბაჟო დეპარტამენტი; სწორედ საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და გამოიტანა გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული გადაწყვეტილება, როგორც მხარის მიერ, საკასაციო წესით სწორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ იქნა გასაჩივრებული /იხ.ს.ფ. 96-99/, თუმცა საკასაციო საჩივარში უსწორობის გასწორება კასატორს კასაციის მოტივად არ მიუთითებია.
ასევე, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სსსკ-ის 284.1. მუხლის დარღვევის თაობაზე, რამდენადაც მითითებული ნორმით დადგენილია, რომ სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით (უსწორობის შესწორების შესახებ) სასამართლომ მიიღო არა არსებითი გადაწყვეტილება სადავო საკითხთან დაკავშირებით, არამედ სასამართლომ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების მიზნით შეასრულა საპროცესო მოქმედება განჩინების მიღების გზით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სსსკ-ის 284.1. მუხლის დარღვეულად მიჩნევის წინაპირობები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.