Facebook Twitter

¹ბს-101-95(კს-07) 4 აპრილი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. კ-ი

'გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 26 ივლისს მ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ უძრავი ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2002 წლის 19 თებერვალს ნ. ა-გან იყიდა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისში, .... ქ. ¹1-ში, კორპუსი 7, ბ.7, რის შედეგადაც მითითებული ბინა აღირიცხა მ. კ-ის სახელზე.

მოგვიანებით იგი ბინის გაყიდვაზე შეუთანხმდა ნ. ბ-ს, რომელსაც ბე-ს სახით გამოართვა 6000 ლარი, იმ პირობით, რომ 2005 წლის 1 ივნისიდან 15 ივლისამდე გააფორმებდა მასთან უძრავ ქონებაზე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას.

მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2005 წლის 14 ივლისის ¹კ-574 წერილით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის საკუთრებაში არსებულ ბინას ედო ყადაღა, მაშინ როდესაც ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ბინის ყიდვისას, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2002 წლის ¹3238 ცნობის შესაბამისად და საჯარო რეესტრის ამონაწერიდან (გ. ა-ის სახელზე) დასტურდებოდა, რომ ბინა უფლებრივად უნაკლო იყო.

ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, მოსარჩელის მითითებით, მან ვერ შეძლო ნ. ბ-თან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, რის გამოც ბე-ს სახით მიღებული 6000 ლარი ორმაგად დაუბრუნა ნ. ბ-ს.

მოსარჩელის მოსაზრებით, ზარალი, რომელიც მან განიცადა, გამოწვეული იყო მოპასუხეების უხეში გაუფრთხილებლობით, ვინაიდან გ. ა-ის საკუთრებაში არსებულ ბინაზე ყადაღის დადების შემთხვევაში, აღნიშნული ასახული უნდა ყოფილიყო საჯარო რეესტრის 2002 წლის 13 თებერვლის ამონაწერსა და ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემულ ცნობაში.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა დაარღვიეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლი, რომლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, დაიცვას პირის კანონიერი ნდობის უფლება.

მოპასუხეთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებით ხელი შეეშალა საკუთრების განკარგვაში, რითაც დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტიციის 21-ე მუხლით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ. თბილისში, .... ქ. ¹1, კორპ. 7, ბ. 7 ყადაღისაგან გათავისუფლებასა და მოპასუხეთათვის სოლიდარულად მატერიალური და მორალური ზიანის - 150000 ლარის ანაზღაურების დაკისრებას.

მოპასუხე საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სარჩელი არ ცნო არც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. კ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-მა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და მხარეს მიეცა ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, ანუ მიეთითებინა იმაზე, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული განჩინების უსწორობა (რომელი კანონი, მუხლი, სამართლის ნორმა იქნა დარღვეული ან გამოყენებული, ან არასწორად განმარტებული სასამართლოს მიერ).

2006 წლის 13 ნოემბერს მ. კ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული ხარვეზის გამოსწორების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ მ. კ-ს განემარტა, რომ სააპელაციო საჩივარში არ იყო მითითებული, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა (რომელი კანონი, მუხლი, სამართლის ნორმა იქნა დარღვეული ან გამოყენებული, ან არასწორად განმარტებული სასამართლოს მიერ), მაგრამ, მუხედავად ამისა, სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტის მიერ ხარვეზი მაინც არ იქნა შევსებული და 2006 წლის 13 ნოემბერს წარმოდგენილ განცხადებაში აპელანტი კვლავ არ უთითებდა, თუ კონკრეტულად, რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. კ-მა.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ მოპასუხეების მიერ გაცემულია ცრუ ინფორმაცია უძრავი ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით, რითაც მათ მიერ დარღვეულია ზაკ-ის 38-ე მუხლის მოთხოვნები. ასეთ შემთხვევაში კი მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით.

რაიონული სასამართლოს მიერ აღნიშნული ნორმა განმარტებულია არასწორად და ამასთან, არ არის გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი. მოპასუხეების ბრალი და მართლსაწინააღმდეგო მოქმედება უხეში გაუფრთხილებლობით დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებითაც.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და მისი სააპელაციო საჩივრის არსებითად განხილვას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის საფუძველზე განუხილველად იქნა დატოვებული იმ მოტივით, რომ აპელანტის მხრიდან წარმოდგენილი არ იყო სააპელაციო საჩივრის საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო ადასტურებს სასამართლოს უფლებას ზემოაღნიშნული საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობის თაობაზე, მაგრამ აქვე არსებითად მიიჩნევს იმ საკითხის დადგენა-გამოკვლევას, რამდენად ფორმალურია სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი საფუძვლებისადმი სასამართლოს მიდგომა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლში ჩამოთვლილი რეკვიზიტებიდან, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უმნიშვნელოვანესია აპელანტის მხრიდან იმ გარემოებებზე მითითება, რომელიც ასაბუთებს სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს ამ გარემოებას.

როგორც საქმეში დაცული საჩივრიდან იკვეთება, აპელანტი სადავოდ ხდის ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებას, თვლის, რომ ამ უკანასკნელის მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის მოთხოვნები, რამაც გამოიწვია მისთვის ზიანის მიყენება.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმის წარმოებაში მიღების სტადიაზე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს მითითებული ნორმის საფუძვლიანობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე სასამართლო საჩივარს უნდა მიუდგეს წმინდა ფორმალური თვალსაზრისით და გამომდინარე იქიდან, რომ აპელანტის სააპელაციო საჩივარი შეიცავს მითითებას ფაქტობრივ გარემოებაზე და იმ საკანონმდებლო ნორმებზე, რომლის დარღვევის შედეგადაც, აპელანტის მოსაზრებით, შეილახა მისი კანონიერი უფლებები, სასამართლო ვალდებულია წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში იმსჯელოს უფლებათა დარღვევის ფაქტზე.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს რა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომლობის პრინციპს, თუმცა აქვე ადასტურებს, რომ მითითებული უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, თვლის, ვინაიდან წინამდებარე საჩივარში შეიცავს მითითებას საფუძველსა და ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნული მიჩნეულ უნდა იქნას სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკმარის საფუძვლად, რაც, უზრუნველყოფს პირისათვის კონსტიტუციური გარანტიების დაცვის შესაძლებლობას და ევროპული კონვენციით განსაზღვრულ უფლებას სამართლიან სასამართლოსა და პირის უფლებაზე მისი საქმე განხილულ იქნას სულ ცოტა ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. კ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის სტადიიდან უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინება და სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის სტადიიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.