¹ბს-1020-975 (კს-07) 12 დეკემბერი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჩინჩალაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) _ თ. და მ. ჯ.-ები
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ ...-ს თემის საკრებულო, ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამსახური, ნ. და გ. ხ.-ები
დავის საგანი _ უფლებამონაცვლედ ცნობა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 13 ივლისს თ. ჯ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ...-ს თემის საკრებულოს, ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, გ. ხ.-ისა და ნ. ხ.-ის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სოფელ ...-ში ჰქონდა მიწის ნაკვეთი, რომლის მიმდებარე 0,21 ჰა ნაკვეთსაც ოჯახის წევრებთან ერთად ამუშავებდა განპიროვნების წესით. 2000 წლის 6 ოქტომბერს, ...-ს მეკომურთა საერთო კრების გადაწყვეტილებით გ. და ნ. ხ.-ებს გამოეყოთ 0,19 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოში რეგისტრაციაში გატარდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო სადავო მიწის ნაკვეთის საზღვრები მითითებული იქნა არასწორად. უზუსტობის შესახებ საკითხი შეისწავლა ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ, რომელმაც დაადასტურა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში არსებული უზუსტობა.
მოსარჩელემ მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ რეგისტრირებული ადმინისტრაციული აქტის გაუქმება იმ მოტივით, რომ დარღვეული იყო ხსენებული ადმინისტრაციულ-სამრთლებრივი აქტის მომზადების წესი.
2004 წლის 15 ივლისს მ. ჯ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ...-ს თემის საკრებულოს, ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, გ. ხ.-ისა და ნ. ხ.-ის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1987 წლიდან სოფელ ...-ში, ოჯახის წევრებთან ერთად, განპიროვნების წესით ამუშავებდა 0,21 ჰა მიწის ნაკვეთს, იხდიდა დაწესებულ გადასახადებს, მიწის მოსავლიანობის ამაღლების მიზნით, გასწია მნიშვნელოვანი სამუშაოები. 1999 წლიდან იყო უმიწო კომლი. მან არაერთხელ მიმართა ...-ს თემის საკრებულოს, რათა დაეკმაყოფილებინათ იმ მიწის ხარჯზე, რომელსაც ამუშავებდა 17 წელი. 2002 წელს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელსაც ამუშავებდა, მოპასუხე ხ.-ების საკუთრება გამხდარა. საჭირო დოკუმენტების მოძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ...-ს თემის კრების გადაწყვეტილებასა და სადავო მიწის პასპორტში გამოყოფილი მიწის საზღვრები იყო სხვადასხვა.
მოსარჩელემ მოითხოვა გ. და ნ. ხ.-ზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის, როგორც არასწორად შედგენილის, გაუქმება, იმ მოტივით, რომ მასში მითითებული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა შესაბამისი კრების ოქმით გამოყოფილ მიწის ნაკვეთს, ასევე ...-ის თემის საკრებულოს დავალდებულება მოსარჩელისათვის სადავო მიწის ნაკვეთის ხარჯზე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ერთად განიხილა თ. და მ. ჯ.-ების სასარჩელო განცხადებები. ამავე სასამართლოს 2004 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. და მ. ჯ.-ების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მოპასუხეებზე _ გ. და ნ. ხ.-ებზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმებასა და ...-ს თემის საკრებულოს დავალდებულებაზე სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელეებისათვის გადაცემის შესახებ.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც სოფელ ...-ს მეკომურთა საერთო კრების 2000 წლის 8 ოქტომბრის ¹2 საოქმო დადგენილებით სოფელ ...-ში მცხოვრებ ნ. და გ. ხ.-ებს ¹... ბრიგადის ტერიტორიაზე სარეფორმო მიწის ფონდიდან საკუთრებაში გამოეყოთ 0,19-0,19 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწები.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ გ. და ნ. ხ.-ზე კრების დადგენილებით გამოყოფილი მიწის ნაკვეთები არ წარმოადგენდა მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულ მიწის საზღვრებში მოქცეულ ნაკვეთს, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, რადგან შერჩევისა და მიღება_ჩაბარების აქტებში მონიშნული საზღვრები, რომელთაც სამი მხრიდან უნდა ესაზღვრებოდეს სოფლის გზები, ასეთი მის გაგრძელებაზე მეორე მიმართულებით არ არსებობდა. გ. და ნ. ხ.-ზე მიწის ორ-ორ ნაკვეთად გამოყოფა გამოწვეული იყო იმით, რომ სადავო მიწის ნაკვეთის სიმცირის გამო ორივე კომლის ზღვრული ნორმით დაკმაყოფილება ვერ მოხერხდებოდა, ხოლო მეორე ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლების აგება მათი დახრილობისა და კონფიგურაციის გამო შეუძლებელი იყო.
რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ 17 წლის განმავლობაში მიწის ნაკვეთის დამუშავების ფაქტი ანიჭებდა ამ ნაკვეთის უპირატესი მიღების უფლებას, რადგან თავად მოსარჩელეების განმარტებით, ისინი მიწის ნაკვეთს ფლობდნენ განპიროვნების წესით, ანუ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთის განპიროვნების წესით სარგებლობა არავითარ უპირატეს იურიდიულ უფლებას არ ანიჭებდა მხარეს, რამეთუ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ითვლებოდა ის, ვინც ასეთად იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. მოცემულ შემთხვევაში, მიწის მესაკუთრე იყო სახელმწიფო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. და მ. ჯ.-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით თ. და მ. ჯ.-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. და მ. ჯ.-ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ ნ. და გ. ხ.-ზე გაცემული 0,19 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი; ...-ს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას დაევალა ნ. და გ. ხ.-ზე ...-ს მეკომურთა კრების 2000 წლის 6 ოქტომბრის დადგენილების (ოქმი ¹2) შესაბამისად საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხის განხილვა; ...-ს თემის საკრებულოს დაევალა მიწის სარეფორმო კომისიის კანონმდებლობით დადგენილი წესით მ. ჯ.-ზე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხის განხილვა; თ. და მ. ჯ.-ების სასარჩელო განცხადება დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
2007 წლის 13 ივლისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა თ. და მ. ჯ.-ების წარმომადგენელმა ა. ც.-მ სააღსრულებო ფურცლის ამოწერის მოთხოვნით. განმცხადებელმა განმარტა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მიერ 2005 წლის 13 იანვარს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ...-ს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას დაევალა განეხილა ნ. და გ. ხ.-ზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხის განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და 2005 წლის 2 ნოემბერს გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ ...-ს თემის საკრებულო აღარ არსებობდა, რის გამოც ვერ ხორციელდებოდა ზემოხსენებული გადაწყვეტილების აღსრულება. 2007 წლის 19 ივნისს სასამართლო აღმასრულებელ მ. პ.-ის მიერ გაგზავნილ იქნა გაფრთხილება, რომლითაც ადრესატებს დაევალათ სასამართლო წესით უფლებამონაცვლეობის საკითხის დადგენა.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი იყო 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე. ასევე დადგენილი იყო უფლებამონაცვლეობისა და სამართალმემკვიდრეობის საკითხი, რაც ასევე დადასტურებული იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2007 წლის 11 ივლისის ¹ჯ-74გ/პ მიმართვითაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის ამოწერა, რომლის საფუძველზეც ხელვაჩაურის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალებოდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...-ში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თ. და მ. ჯ.-სათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განჩინებით თ. და მ. ჯ.-ების წარმომადგენლის _ ა. ც.-ის განცხადება უფლებამონაცვლის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოდან, აჭარის სააღსრულებო ბიუროდან გამოთხოვილი სააღსრულებო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2005 წლის 2 ნოემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მიერ იმავე სასამართლოს 2005 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სააპელაციო სასამართლომ ...-ს თემის საკრებულოს 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ საკრებულომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 29 მარტის ოქმის (აღსრულების გადამოწმების შესახებ) საფუძველზე შეასრულა გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება და განიხილა მ. ჯ.-სათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხი, რაზეც მიიღო შემდეგი სახის გადაწყვეტილება: «გაუქმდეს 2005 წლის 22 აპრილის ოქმი ¹34 გადაწყვეტილება. სოფელ ...-ში მცხოვრებ ნ. და გ. ხ.-ებს მიწის ნაკვეთი მოეზომოთ მიწის რეფორმის დაწყებისთანავე. მ. ჯ.-ზე მიწის ნაკვეთის მიზომვა მოხდეს მიწის რეფორმის დაწყებისთანავე.”
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ...-ს თემის საკრებულოს 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ...-ს თემის საკრებულომ აღასრულა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება, რაც დაადასტურა აღნიშნულთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც სადავო ან სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებდა ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელი იყო პროცესის ყველა სტადიაზე. «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლით სააღსრულებო ფურცელი შეიძლებოდა გაცემულიყო გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელი იყო ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილ იყო სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ ან დამოწმებული ნოტარიუსის მიერ. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდებოდა, სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტების საშუალებით, მაშინ კრედიტორს ან მის უფლებამონაცვლე პირს სარჩელი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა შეეტანა გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში დასახელებულ მოვალეზე, ...-ს თემის საკრებულოზე, გაცემული იყო სააღსრულებო ფურცელი და ამ უკანასკნელის მიერ სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნის შესრულების მიზნით გამოცემული იყო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სხვა საკითხი იყო, რამდენად მისაღები იყო განმცხდებლისათვის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი და მოჰყვებოდა თუ არა აღსრულებას ის სამართლებრივი შედეგი მხარისათვის, რაც მოიაზრებოდა სასამართლო გადაწყვეტილებაში, ე.ი. გადაწყვეტილებით აღიარებული მხარის კანონიერი უფლება რეალიზებულ იქნა თუ არა. ამ მხრივ თავისი უფლების დაცვა განმცხადებელს უნდა განახორციელებინა არა უფლებამონაცვლის დადგენის გზით, არამედ აღსრულების დამადასტურებელი აქტის, მოცემულ შემთხვევაში, ...-ს თემის საკრებულოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმების გზით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამონაცვლის დაშვების საფუძველი, ასევე არ არსებობდა «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლით დადგენილი წესით აღსრულების სტადიაზე მხარის (მოვალის) უფლებამონაცვლით შეცვლისა და მის წინააღმდეგ სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი, ვინაიდან სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ერთი სააღსრულებო ფურცლით აღსრულება უკვე განხორციელებული იყო.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემოდა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარებოდა აღსრულებას. იმავე კანონის მეორე მუხლის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარებოდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება. მოცემულ შემთხვევაში, მხარე ითხოვდა სააღსრულებო ფურცლის გაცემას არა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ექვემდებარებოდა აღსრულებას, არამედ აღსრულებულ გადაწყვეტილებაზე. შესაბამისად, არ არსებობდა უფლებამონაცვლის დადგენის კანონისმიერი საჭიროება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს თ. და მ. ჯ.-ებმა.
კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
2007 წლის 07 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარდგენილ იქნა თ. და მ. ჯ.-ების წარმომადგენლის _ ა. ც.-ის დაზუსტებული კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით.
კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.
კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მიერ 2005 წლის 13 იანვარს გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ...-ს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას დაევალა მ. და თ. ჯ.-ებისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხის განხილვა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და 2005 წლის 2 ნოემბერს მასზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამჟამად ...-ს თემის საკრებულო აღარ არსებობს და აღნიშნულთან დაკავშირებით 2007 წლის 19 ივნისს სასამართლო აღმასრულებელ მ. პ.-ის მიერ გამოგზავნილ იქნა გაფრთხილება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეებს დაევალათ სასამართლო წესით უფლებამონაცვლის დადგენა. «ადგილობრივი თვითმმართველობისა შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას საფუძვლად დაუდო ...-ს თემის საკრებულოს 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მიიჩნია 2005 წლის 13 იანვარს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება აღსრულებულად, რაც უკანონოა.
კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, ...-ს თემის საკრებულოს მ. ჯ.-ზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხი უნდა განეხილა კანონით დადგენილი წესით, რაც გულისხმობს იმას, რომ ...-ს თემის საკრებულოს მიერ 2006 წლის 26 აპრილს გამოცემულ აქტს არ მოჰყოლია ის სამართლებრივი შედეგი, რაც სამართლებრივად მოიაზრებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულად.
კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი, «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლი და ამავე კანონის მე-20 მუხლის მეორე ნაწილი, ასევე «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 65-ე მუხლის მოთხოვნები, რომელთა მიხედვითაც სრულიად სამართლიანი და საფუძვლიანია მათი განცხადების დაკმაყოფილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განჩინების გაუქმება, ...-ს თემის საკრებულოს უფლებამონაცვლედ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობა და აჭარის ვტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო ფურცლის ამოწერა, რომელშიც მოვალედ მიეთითება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ნოემბრის განჩინებით თ. და მ. ჯ.-ების კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 5 დეკემბერს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მ. და თ. ჯ.-ების წარმომადგენლის _ ა. ც.-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებანი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით თ. და მ. ჯ.-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. და მ. ჯ.-ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ ნ. და გ. ხ.-ზე გაცემული 0,19 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი; ...-ს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას დაევალა ნ. და გ. ხ.-ზე ...-ს თემის მეკომურთა კრების 2000 წლის 6 ოქტომბრის დადგენილების შესაბამისად (ოქმი ¹2) საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხის განხილვა; ...-ს თემის საკრებულოს დაევალა მიწის სარეფორმო კომისიის კანონმდებლობით დადგენილი წესით მ. ჯ.-ზე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხის განხილვა; თ. და მ. ჯ.-ების სასარჩელო განცხადება დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს მიერ 2005 წლის 2 ნოემბერს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც მოვალეებად მითითებულ იქნა ...-ს თემის საკრებულო და ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამსახური. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანომ აჭარის სააღსრულებო ბიურომ 2005 წლის 14 დეკემბერს წინადადებით მიმართა სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ ...-ს თემის საკრებულოს (ს.ფ.47).
საკასაციო სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ ...-ს თემის საკრებულომ, 2005 წლის 22 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის მიზნით, განიხილა სოფელ ...-ს მცხოვრებთა _ ნ. და გ. ხ.-ზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმებისა და ...-ს მეკომურთა კრების 2000 წლის 6 ოქტომბრის ოქმი ¹2 დადგენილების შესაბამისად საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხი.
საკასაციო სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ ...-ს თემის საკრებულოს გამგეობის 2006 წლის 26 აპრილის ¹16 გადაწყვეტილებით სოფელ ...-ში მცხოვრებ ნ. და გ. ხ.-სათვის, აგრეთვე მ. ჯ.-სთვის მიწის ნაკვეთის მიზომვა მიწის რეფორმის დაწყებისთანავე უნდა მომხდარიყო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. დასახელებული კანონის მე-20 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მესამე პუნქტის «ვ” ქვეპუნქტით სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს კრედიტორისა და მოვალის დასახელება და მათი რეკვიზიტები.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება აღსრულებულია და ამ მოტივით შეუძლებელია ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა.
ის ფაქტი, რომ ...-ს თემის საკრებულოს 2006 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით განისაზღვა მ. ჯ.-სათვის მიწის ნაკვეთის მიზომვის საკითხის განხილვა მიწის რეფორმის დაწყებისთანავე, არ უნდა მივიჩნიოთ გადაწყვეტილების აღსრულებად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ექვემდებარება აღსრულებას.
«სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლით, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ, ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია და მიიჩნევს, რომ ...-ს თემის საკრებულოს მიერ 2006 წლის 26 აპრილს გამოცემულ აქტს არ მოჰყოლია ის სამართლებრივი შედეგი, რაც მოიაზრებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებაში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია და სახეზეა აღნიშნული განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რაც საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ თ. და მ. ჯ.-ების განცხადების ხელახლა განხილვისას უნდა შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედებები _ იმსჯელოს თ. ჯ.-ის განცხადების დასაშვებობაზე, შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, იმსჯელოს აღნიშნულ განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებზე, სრულყოფილად გაარკვიოს ხსენებული მოთხოვნების საფუძვლიანობა და მოცემულ საქმეზე მიიღოს დასაბუთებული განჩინება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. და მ. ჯ.-ების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და განცხადება ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. და მ. ჯ.-ების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განჩინება, თ. და მ. ჯ.-ების განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.