Facebook Twitter

ბს-102-96(კს-07) 27 მარტი, 2007 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. თ-ა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო სასამართლოს (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მ. თ-მ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემისა და ქმედების განხორციელების დავალება /იხ.ს.ფ. 3-5/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. თ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მ. თ-ს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვისა და შემდგომ ამორიცხვის ბრძანების გამოცემისა და შესაბამისი ცნობის გაცემის საკითხის ხელახალი განხილვა და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების და მტკიცებულების დაინტერესებული მხარის მონაწილეობით გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში /იხ.ს.ფ. 35-36/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ. თ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ.40-41/.

სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 369-ე მუხლი და განმარტა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2006 წლის 12 დეკემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა 2006 წლის 27 დეკემბერს, ანუ მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან მეთხუთმეტე დღეს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი კანონისმიერ 14 _ დღიან ვადაში წარუდგენლობის გამო, ექვედებარებოდა განუხილველად დატოვებას /იხ.ს.ფ. 47-48/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაყვეტილების ასლი ჩაჰბარდათ 2006 წლის 12 დეკემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისწარმოების სამმართველოში რეგისტრირებულია 2006 წლის 26 დეკემბერს, რომელიც იმავე დღეს გადაეცა ფოსტას. შესაბამისად, სსსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად, მათ მიერ დაცულია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადა /იხ.ს.ფ. 52-53/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, ადგილი ჰქონდა საპროცესო ნორმების დარღვევას, რის გამოც ზემომითითებული განჩინებების მიღებისას დარღვეულია სსსკ-ის 393.2. “ა” პუნქტის და 394 “ე” მუხლების მოთხოვნები.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2006 წლის 12 დეკემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2006 წლის 27 დეკემბერს, ანუ მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან მეთხუთმეტე დღეს, რის გამოც სსსკ-ის 369-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი კანონისმიერ 14 _ დღიან ვადაში წარუდგენლობის გამო, ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 Dდღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საქმის მასალების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების ასლი, სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაჰბარდა 2006 წლის 12 დეკემბერს /იხ.ს.ფ. 39/, სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში რეგისტრირებულია 2006 წლის 27 დეკემბერს /იხ.ს.ფ. 40, სააპელაციო სასამართლოში შესულ კორესპონდენციათა რეგისტრაციის ბეჭედი/.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი) განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე, საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ: თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონიმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის. კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სსსკ-ის 61.3. მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო თუ საჩივარი, საბუთი ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

კერძო საჩივარზე თანდართული საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გასულ კორესპონდენციათა ჟურნალის დამოწმებული ქსეროასლიდან ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან 2006 წლის 26 დეკემბერს გაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ აღნიშნული მტკიცებულება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარი კანონისმიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ‑ მე-14 დღეს ჩაჰბარდა ფოსტას /იხ.ს.ფ. 59/, რის გამოც მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო შეუძლებელია სსსკ-ის 61.3. მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ჩაითვალოს კანონისმიერ ვადაში შეტანილად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საპელაციო საჩივრის კანონისმიერ ვადაში წარდგენის დადასტურების მიზნით ფოსტიდან გამოთხოვილ უნდა იქნა ფისტის რეესტრი, რომლითაც დადასტურდება სააპელაციო საჩივრის 2006 წლის 26 დეკემბერს ჩაბარების ფაქტი.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა საქართველოს შს სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე, ხოლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილში განუხილველად იქნა დატოვებული სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი, მაშინ, როცა საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, რომელიც საფუძვლად დაედო სააპელაციო სამართალწარმოებას, წარდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება სრულყოფილად არ ასახავს საქმის განხილვის შედეგებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული უზუსტობა სასამართლოს მიერ სსსკ-ის 260-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად საკუთარი ინიციატივით ექვემდებარებოდა გასწორებას, რაც სასამართლოს მიერ არ განხორციელდა, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 393.3. მუხლის თანახმად საქმე განხილულია საპროცესო დარღვევებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 იანვრის განჩინება;

3. საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. აკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.