¹ბს-1029-983(კს-07) 9 იანვარი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. და გ. ხ-ები
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 29 ივნისს ნ. და გ. ხ-ებმა განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომელშიც მიუთითებდნენ, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით გონიოს თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიას დაევალა ნ. და გ. ხ-ებზე, ... მეკომურთა კრების 2000 წლის 6 ოქტომბრის დადგენილების შესაბამისად (ოქმი ¹2) საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფის განხილვა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და 2007 წლის 27 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც 2007 წლის 29 მარტს წარედგინა აღსასრულებლად აჭარის სააღსრულებლო ბიუროს.
განმცხადებლის განმარტებით, აჭარის სააღსრულებო ბიუროს მიერ დღემდე ვერ მოხდა გადაწყვეტილების აღსრულება იმ მიზეზით, რომ მათ მიერ ვერ იქნა დადგენილი გონიოს თემის საკრებულოს გამგეობის უფლებამონაცვლე.
მათი არაერთი მიმართვის საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ,,მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე”, მიუხედავად ამისა აჭარის სააღსრულებო ბიუროსაგან მიიღეს გაფრთხილება 2007 წლის 27 ივნისს სააღსრულებო ფურცლის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ” და მიუთითეს, რომ ,,სააღსულებო წარმობათა შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოსათვის უნდა მიემართათ უფლებამონაცვლის დასადგენად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლები ითხოვდნენ ხელვაჩაურის რაიონის ..... თემის საკრებულოს გამგეობის უფლებამონაცვლის დადგენას და 2005 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ნ. და გ. ხ-ების განცხადება დაკმაყოფილდა; ხელვაჩაურის რაიონის .... თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და განჩინების ძალაში შესვლისას ამ ცვლილებებით გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლით სასამართლო დაუშვებს ამ მახარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაიცეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამონაცვლე ორგანომ ან დაამოწმა ნოტარისუმა, თუ სათანადო დადასტურება ვერ ხერხდება ზემოაღნიშნული წესით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა სარჩელი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა შეიტანოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 65-ე მუხლისა და 651-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულია ,,ადგილობრივი თვითმართველობის და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმართველი ერთეული. იმავე ორგანული კანონის 651-ე მუხლის მე-4 ნაწილით ,,ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რაიონის, იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში და თვითმმართველი ერთეულის 2006 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი უფლებები და ვალდებულებები გადაეცემა შესაბამის თვითმმართველ ერთეულს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უნდა მომხდარიყო მოვალის შეცვლა უფლებამონაცვლით – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოთი, რაც დავას არ იწვევდა და შესაბამისად, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით სარჩელის აღძვრის წინაპირობა არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესრულებული ყველა მოქმედება სავალდებულო იყო იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმა დაიწყო 1992 წლიდან, კერძოდ ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” - საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილებით.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის განმახორციელებელ ორგანოდ, აღნიშნული დადგენილების მე-11 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო და რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის ¹148 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა დებულება საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბებში) მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის წესის შესახებ, რომლის შესაბამისადაც მიწის რეფორმის რაიონული კომისია შეარჩევდა ამ კატეგორიის მოქალაქეებისათვის მიწის ნაკვეთებს საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემად.
1993 წლის 28 ივნისს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებულ იქნა ¹503 დადგენილება (მიწის ნაკვეთების გადაცემის დოკუმენტაციის რეგულირების შესახებ) რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად დამტკიცდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა. დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად დადგინდა, რომ მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი აქტის გაცემისა და დაპროექტება მშენებლობის ერთადერთ საფუძველს.
გამოყოფის აქტის საფუძველზე უნდა გაფორმებულიყო მიწის მიღება-ჩაბარების აქტები, რომლეზეც ხელი უნდა მოეწერათ სარეფორმო კომისიის წევრებს, მიწის კადასტრის განყოფილების უფროსს, საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და თემის საკრებულოს გამგებელს.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საყურადღებოა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი დაიწყო 1992 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 საფუძველზე და დასრულდა 1999 წლის 1 იანვარს. მიწის რეფორმის ჩატარებისათვის მიღებული ნორმატიული აქტებით დადგენილი იყო ვადები, რომლის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო რეფორმა.
1996 წლის 22 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის ამოქმედების თაობაზე, რომლის მე-3 პუნქტის შესაბამისადაც კომლებს (ოჯახებს), რომლებსაც ეკუთვნოდათ მიწის ნაკვეთები და არ ჰქონდათ გადაცემული ეს მიწები, უნდა გადასცემოდათ 1997 წლის 22 მარტამდე, მიწის რეფორმის თაობაზე გამოცემული კანონმდებლობის შესაბამისად.
,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე” 1997 წლის 15 მაისის საქართველოს კანონის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,კომლებს (ოჯახებს), რომელთაც ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით ეკუთვნით მიწის ნაკვეთები, მაგრამ დადგენილი წესით და ოდენობით არ გადასცემიათ, მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცეთ 1998 წლის 22 მარტამდე” - შესაბამისად მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის ვადა კვლავ გაგრძელდა 1998 წლის 22 მარტამდე.
ამის შემდეგ ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 20 მარტის კანონის თანახმად, მიწების საკუთრებაში გადაცემის ვადა კიდევ ერთხელ გაგრძელდა 1999 წლის 1 იანვრამდე.
ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტების შესაბამისად, მიწის რეფორმის საფუძველზე მიწის ნაკვეთების კომლებისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ბოლო ვადად განისაზღვრება 1999 წლის 1 იანვარი (1998 წლის დეკემბერში გაცემული მიწებისათვის მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების ვადად განისაზღვრება 1999 წლის 1 თებერვლამდე არსებული პერიოდი), თანახმად საქართველოს კანონისა ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე”, რომელიც მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1998 წლის 20 მარტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 1999 წლის 1 იანვრის შემდეგ აღარ იყვნენ უფლებამოსილები მიეღოთ გადაწყვეტილებები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კომლებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, აღნიშნულს ადასტურებს აგრეთვე საქართველოს პარლამენტის მიერ 1996 წლის 22 მარტს მიღებული დადგენილება ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის ამოქმედების თაობაზე”, რომლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოში მიწის რეფორმის თაობაზე გამოცემული (მიღებული) ნორმატიული აქტების შესაბამისად, მოქალაქეთა საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გადაცემის შემდეგ დარჩენილ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მიწითსარგებლობა და საკუთრებითი ურთიერთობები რეგულირდება შესაბამისი კანონით.
1996 წლის 1 იანვრის შემდეგ მიღებული ყველა გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოქალაქეთა (კომლთა) კერძო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას, ეწინააღმდეგებოდა იმ დროისთვის მოქმედ კანონმდებლობას, პირველ რიგში, ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს კანონის მოთხოვნებს და გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოების მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად ,,ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება”.
ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიწის რეფორმის კომისიამ მუშაობა დაასრულა 1999 წლის 1 იანვარს, რის გამოც, .... თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის უფლებამონაცვლე სამართლებრივად ვერ იქნება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და რომც არსებულიყო მიწის რეფორმის კომისია, მათ უფლება არ ჰქონდათ, განეხორციელებინათ რაიმე სამართლებრივი ქმედება რამდენადაც არაუფლებამოსილი ორგანო იყო.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 651-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რაიონის, იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, და თვითმმართველი ერთეულის 2006 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი უფლებები და ვალდებულებები გადაეცემა შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, ამ ნორმამ განმარტა, მხოლოდ ის უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც დაკავშირებულია ბიუჯეტთან და სააპელაციო სასამართლოს ამ ნორმაზე მითითება არამართებულია მაშინ, როდესაც განიხილავს სარეფორმო კომისიის უფლებამონაცვლის საკითხს. დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მიწის რეფორმის განმახორციელებელი ორგანოს უფლებებსა და ვალდებულებებს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 სექტემბრის განჩინების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით და, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის განჩინება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობისა და მისი განხილვის პროცესში გამოიყენებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის ნორმებს. მითითებული კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
საქმეში ს.ფ. 23-ზე წარმოდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილი, რომლითაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 07 სექტემბრის განჩინების ასლი. იმავე საქმეში ს.ფ 25 დაცულია გზავნილის ჩაბარების დასტური, რომლითაც ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინება ჩაიბარა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2007 წლის 20 სექტემბერს.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-10 მუხლის თანახმად, თვითმმართველი ერთეული არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი, საკუთარი ქონება და ბიუჯეტი. მითითებული კანონის შესაბამისად, მუნიციპალიტეტს აქვს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი.
აღნიშნული კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებული და გამგეობა ერთობლიობაში წარმოადგენენ ერთ იურიდიულ პირს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეებად სასამართლოში გამოდიან ფიზიკური და იურიდიული პირები, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ერთერთი მათგანისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის გზავნილის ჩაბარებას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის გაგზავნილი განჩინების ასლი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჩაიბარა 2007 წლის 20 სექტემბერს, ხოლო კერძო საჩივარი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ფოსტაში ჩაბარებულია 2007 წლის 05 ნოემბერს, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ კერძო საჩივარის ავტორის მიერ გაშვებულია განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი ექვემდებარება განუხილველად დატოვებას გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის გაშვების გამო, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, გააუქმოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის განჩინება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად, დაუშვებლობის მოტივით;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ნოემბრის განჩინება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.