¹ბს-1031-985(კს-07) 17 იანვარი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჩინჩალაძე, ლალი ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ სს “....”
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი)
მოპასუხე სარჩელში _ სს “....”
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 3 აგვისტოს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ სს “...” და სს “...” მიმართ (ს.ფ.1-6).
მოსარჩელემ მოითხოვა, სს “....” 2005 წელს 66131 ლარის ოდენობით გადაუხდელი რეგულირების საფასურის მის სასარგებლოდ დაკისრება და სს “.....” 1999 წლის 10 სექტემბრიდან 2003 წლის სექტემბრამდე დაგროვილი გადაუხდელი რეგულირების საფასურის _ 97998 ლარის ასევე სემეკის სასარგებლოდ დაკისრება.
2006 წლის 5 დეკემბერს სს “...” თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც არ ცნო სარჩელი (ს.ფ. 80-83).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე სს “....” მოსარჩელე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სასარგებლოდ დაეკისრა რეგულირების საფასურის თანხის _ 66131 ლარის გადახდა; სს “...” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა რეგულირების საფასურის თანხის _ 97998 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “...”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 402-410).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე სს “...”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 413-417).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მარტის განჩინებით სს “....” სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი (ს.ფ. 419-420).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მარტის კიდევ ერთი განჩინებით სს “....” სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაუწესდა საპროცესო ვადა _ 10 დღე, მისთვის ხსენებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან (ს.ფ. 421-422).
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა დასაშვებობის ფორმალურ წინაპირობებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აპელანტს კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის უნდა წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მარტის განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით (ს.ფ. 423).
2007 წლის 10 მაისს სს “...” გენერალურმა დირექტორმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და განმარტა, რომ სს “...” 2003 წლის სექტემბრიდან არ აწარმოებდა თავის ძირითად საქმიანობას, რის გამოც მისი ქონებრივი მდგომარეობა იმჟამად არ აძლევდა საშუალებას, გადაეხადა სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 30 მარტის ხარვეზის შესახებ განჩინებით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი. აპელანტმა აღნიშნა, რომ მას ერიცხებოდა გაზგამანაწილებელი კომპანიების დებიტორული დავალიანება, რომლის ამოღებაზე მუშაობდნენ, მაგრამ ხარვეზის აღმოფხვრისათვის მიცემულ ათდღიან ვადაში ვერ მოახერხეს გადასახდელი სახელმწიფო ბაჟისათვის საჭირო თანხის მოზიდვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე აპელანტმა ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება სააპელაციო საჩივრის განხილვის დასრულებამდე (ს.ფ. 424).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინებით სს “...” სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით გაუგრძელდა საპროცესო ვადა 10 დღით მისთვის ხსენებული განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან (ს.ფ. 425-426).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეეძლო ერთი ან ორივე მხარისათვის გადაედო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეემცირებინა ამ ხარჯების ოდენობა. სს “...” იშუამდგომლა რა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების თაობაზე, სასამართლოს არ წარუდგინა მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ამასთან, საკმარისად არ დაასაბუთა აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების მართლზომიერება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლოს შეეძლო გაეგრძელებინა მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რა სს “....” შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების თაობაზე დაუსაბუთებლობის მოტივით, მართლზომიერად მიიჩნია სააპელაციო საჩივრის ავტორისათვის გაეგრძელებინა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინების ასლი ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა აპელანტს _ სს “.....” (ს.ფ. 427).
2007 წლის 22 ივნისს სს “....” თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 3920 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინების შესაბამისად, მის მიერ აღმოიფხვრა სააპელაციო საჩივრის ხარვეზი, რაზეც წარადგინა შესაბამისი დოკუმენტი (ს.ფ. 429-430).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ივლისის განჩინებით სს “...” სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი (ს.ფ. 431-433).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე და განმარტა, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ იყო დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში სააპელაციო საჩივრის ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდებოდა კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილი იყო საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩებოდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდებოდა კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრებოდა ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადა იწყებოდა იმ კალენდარული თარიღის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრული იყო მისი დასაწყისი, ხოლო 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება შეიძლებოდა შესრულებულიყო ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ათვლა სააპელაციო საჩივრის ავტორისათვის დაიწყო 2007 წლის 11 ივნისს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასრულდა 2007 წლის 20 ივნისს, ოცდაოთხ საათზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს “....” სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად დაწესებული საპროცესო ვადა გაუშვა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სს “....”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება (ს.ფ. 439-443).
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ივლისის განჩინების ასლი მიიღო სს ,,....” თანამშრომელმა ი. ჩ-მა (როგორც შესაბამის საფოსტო უწყებაში არის მითითებული, 2007 წლის 8 ივნისს). ვინაიდან სს ,,...” 2003 წლის სექტემბრიდან არ ფუნქციონირებს და მატერიალური სახსრების უქონლობის გამო, შტატში, ფაქტობრივად, არავინ ჰყავს, შეტყობინების მიმღებმა პირმა აღნიშნული განჩინება მას გადასცა 2007 წლის 12 ივნისს და იმ დღესვე რეგისტრაციაში გატარდა საზოგადოების შემოსული წერილების რეგისტრაციის ჟურნალში. აღნიშნული ფაქტი დასტურდება ამ ჟურნალში არსებული ჩანაწერით, განჩინებაზე დასმული შტამპითა და სახალხო ფოსტის შტამპით, რომელშიც ასახულია თარიღი _ 2007 წლის 12 ივნისი. ამის გათვალისწინებით, სს ,,...” სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ათვლა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაიწყო 2007 წლის 13 ივნისს და დასრულდა 2007 წლის 22 ივნისს, ხოლო ხარვეზი აღმოფხვრილ იქნა 2007 წლის 22 ივნისს, ანუ საპროცესო ვადის ფარგლებში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სს “...” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 17 იანვარს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სს “...” კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მარტის ხარვეზის შესახებ განჩინებით სს “...” სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაუწესდა საპროცესო ვადა _ 10 დღე, მისთვის ხსენებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. აპელანტს კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ დაწესებულ ვადაში მას სააპელაციო სასამართლოსათვის უნდა წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ს.ფ. 421-422). თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინებით სს “...” გაუგრძელდა სასამართლოს მიერ დაწესებული საპროცესო ვადა 10 დღით მისთვის ხსენებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინების ასლი ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა აპელანტს _ სს “...” (ს.ფ. 427). შეტყობინების ბარათით საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გზავნილი (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინების ასლი) ადრესატს ჩაჰბარდა 2007 წლის 8 ივნისს (ს.ფ. 428).
სს “..” 2007 წლის 22 ივნისის განცხადებაში და შემდგომ, კერძო საჩივარშიც არ უარყოფს მისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინების ასლის ჩაბარების ფაქტს, მაგრამ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული განჩინების ასლი 2007 წლის 8 ივნისს ჩაჰბარდა სს “...” თანამშრომელს _ ივანე ჩოქურს (ს.ფ. 444), რომელმაც გზავნილი სს “...” გადასცა 2007 წლის 13 ივნისს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ივანე ჩოქურმა ჩაიბარა რა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინების ასლი, თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, გზავნილი გადაეცა ადრესატისათვის, რაც განახორციელა კიდეც. ასეთ შემთხვევაში, სს “...” ხარვეზის შევსებისათვის დაწესებული ვადის ათვლა უნდა დაეწყოს არა იმ დღიდან, როცა ხსენებული განჩინების ასლი მას გადასცეს, არამედ იმ მომენტიდან, როცა ფოსტის მუშაკმა შესაბამისი გზავნილი ჩააბარა ივანე ჩოქურს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამომდინარე იქიდან, რომ ადრესატს _ სს “.....” თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 მაისის განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 8 ივნისს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2007 წლის 9 ივნისიდან. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, აპელანტს ხარვეზის შესავსებად, სახელდობრ, სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარსადგენად, გაუგრძელდა ვადა 10 დღით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მას შეეძლო აღნიშნული განჩინებით დაწესებული ხარვეზი შეევსო 2007 წლის 18 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს “...” სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა და გადახდის ქვითარი სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2007 წლის 22 ივნისს, სასამართლოს მიერ დაწესებული ვადის დარღვევით (ს.ფ. 435-436).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს “....” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “...” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 3 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.