Facebook Twitter

¹ბს-1035-986(კს-06) 28 თებერვალი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ აჭარის ა/რ კონტროლის პალატა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 25 თებერვალს შპს ,,ი-ისა” და შპს ,,მ-ის” წარმომადგენელმა ნ. ი-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: აჭარის ა/რ კონტროლის პალატისა და შპს ,,ე-ის” მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ი-ისა” და შპს ,,მ-ის” წარმომადგენლის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ კონტროლის პალატის 2003 წლის 24 სექტემბრისა და 18 ნოემბრის აქტი და აჭარის ა/რ კონტროლის პალატას დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის მიღება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა, საქმის მასალების აჭარის ა/რ პროკურატურაზე გადაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა.

აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით აჭარის ა/რ კონტროლის პალატის წარმომადგენლების სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო არაუფლებამოსილი პირების მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა, ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია, საქმეში იყო აჭარის ა/რ კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიერ გაცემული მინდობილობა ზ. ვ-ისა და ი. ბ-ას სახელზე, მაგრამ იგი იყო არასრულყოფილი, ვინაიდან მასში არ იყო მითითებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მინიჭების შესახებ, რომელიც სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში აღნიშნავდნენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აჭარის ა/რ კონტროლის პალატის მიერ გაცემულ მინდობილობაში პირდაპირ და უშუალოდ იყო მითითებული, რომ წარმომადგენლებს მინიჭებული ჰქონდათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი, რაც თავისთავად გულისხმობს ყველა იმ უფლებამოსილებას, რაც ზემოაღნიშნულ მუხლშია ჩამოთვლილი, ამასთან, სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, არ მიიღო განჩინება ხარვეზის თაობაზე და არ მისცა მათ ხარვეზის შევსების შესაძლებლობა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და მათი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ კონტროლის პალატის წარმომადგენლების კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლების დამადასტურებელი მინდობილობა.

მითითებული მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს: იმისათვის, რომ პირმა, როგორც წარმომადგენელმა, შეიტანოს სააპელაციო საჩივარი, საკმარისი არ არის მხოლოდ მისი წამომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის საფუძველზე, სავალდებულოა, სააპელაციო საჩივარზე თანდართულ მინდობილობაში საგანგებოდ იყოს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ რწმუნებულისათვის გასაჩივრების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო უდავოდ მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარზე თანდართული მინდობილობა ი. ბ-ას და ზ. ვ-ეს არ აძლევდა აჭარის ა/რ კონტროლის პალატის სახელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას, კერძოდ, მინდობილობა არ იყო გაცემული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მაგრამ იმავდროულად საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ამდენად, ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, კანონმდებელი სასამართლოს ავალდებულებს ე.წ. შუალედური საპროცესო მოქმედების შესრულებას, რაც, თავის მხრივ, მხარეს აძლევს დამატებით შესაძლებლობას, უზრუნველყოს საკუთარი საპროცესო უფლებების რეალიზება.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია მხარის უფლება, შეავსოს ხარვეზი, შესაბამისად დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნები, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია. აქვე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივრის შემოტანის მომენტისათვის მითითებული ხარვეზი აჭარის ა/რ კონტროლის პალატის მხრიდან გამოსწორებულია, რისი გათვალისწინებითაც, აღარ არსებობს ამ მოტივით ხარვეზის დად

აგენის აუცილებლობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა/რ კონტროლის პალატის წარმომადგენლების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 19 ოქტომბრის განჩინება და საქმე აჭარის ა/რ კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.