ბს-1044-1007(კს-08) 11 დეკემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ხ.-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 22 მარტს ს. შ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – თ. ხ.-ისა და თბილისის ისანი-სამგორის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ისანი-სამგორის რაიონის გამგეობასთან პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმება ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში, ...-ის, მე-7 კვ. მე-4 კორპუსის ბინა ¹19-ზე და მითითებული ბინის 7/9 ნაწილის საკუთრებაში გადაცემა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. შ.-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. შ.-ის წარმომადგენელმა დ. გ.-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ხ.-მ და ე. შ.-მ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 იანვრის განჩინებით თ. ხ.-ისა და ე. შ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის საოქმო განჩინებითYსაქმეში სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაებნენ ნ. შ.-ი, მ. შ.-ი, ე. შ.-ი, ქ. შ.-ი, თ. შ.-ი, ე. შ.-ი და თ. წ.-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის საოქმო განჩინებით განისაზღვრა თ. ხ.-ის სტატუსი და იგი, ნაცვლად მოპასუხისა, გადაყვანილ იქნა სასკ-ის 16.2 მუხლის შესაბამისად, მესამე პირად.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას ს. შ.-ის წარმომადგენელმა დ. გ.-მ სასამართლოს წარუდგინა განცხადება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა სარჩელის გამოხმობა ისე, რომ უარს არ აცხადებდა მოთხოვნაზე და შუამდგომლობდა სარჩელის განუხილველად დატოვებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის განჩინებით ს. შ.-ის წარმომადგენლის დ. გ.-ის განცხადება სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა; თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 ოქტომბრის ¹2/598 გადაწყვეტილება გაუქმდა. ს. შ.-ის სარჩელი მოპასუხე თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ ქ. თბილისში, ...-ის, მე-7 კვარტლის მე-4 კორპუსის ¹19-ში მდებარე ბინის 7/9 წილის საკუთრებაში გადაცემისა და პრივატიზების ხელშეკრულების დადების დავალების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში საქმის წარმოება მთავრდება სასამართლო განჩინებით, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ს. შ.-ის წარმომადგენელმა, დ. გ.-მ, გამოიხმო რა სარჩელი, საქმეში არსებული რწმუნებულების შესაბამისად, იგი მარწმუნებლისაგან შესაბამისი უფლებამოსილებით იყო აღჭურვილი. შუამდგომლობას სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაეთანხმა მოპასუხეც.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თ. ხ.-მ.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის განჩინების გაუქმებასა და საქმის არსებითად განხილვას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ხ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გაიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ მოპასუხე არ არის თანახმა, სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს საქმე.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის გამოხმობის ინსტიტუტი საპროცესო კანონმდებლობაში განსხვავდება სარჩელზე უარის თქმის ინსტიტუტისაგან, რამდენადაც სარჩელზე უარის თქმას უკავშირდება საქმის წარმოების შეწყვეტა, რა დროსაც მოსარჩელე კარგავს უფლებას, აღძრას სარჩელი იმავე მოთხოვნით, იმავე საფუძვლით, იმავე მხარეების მიმართ. აღნიშნულისაგან განსხვავებით სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში, მოსარჩელე ინარჩუნებს უფლებას, აღძრას იმავე სახის სარჩელი. თუმცა, საგულისხმოა, რომ ორივე ზემოაღნიშნული საპროცესო მოქმედება წარმოადგენს მხარეთა დისპოზიციურობის კონკრეტულ გამოვლინებას და დამოკიდებულია მთლიანად პროცესის მონაწილე მხარეთა ნების თავისუფლებაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკას და საჭიროდ მიიჩნევს ადმინისტრაციულ პროცესში მე-3 პირის ინსტიტუტის სამართლებრივ მიმოხილვას, რომლის შემოღებაც უკავშირდება ამ კატეგორიის პირთა ინტერესების დაცვას, ადმინისტრაციული პროცესის ეკონომიურობის შენარჩუნებას და სამართლებრივ უზრუნველყოფას.
როგორც ცნობილია, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს ორი კატეგორის მე-3 პირებს. მე-3 პირები, რომელთა საქმეში ჩაბმა წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და მე-3 პირები, რომლებიც სავალდებული წესით უნდა იქნენ საქმეში ჩაბმული.
ადმინისტრაციულ პროცესში მე-3 პირთა მარტივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება მე-3 პირთა საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის თვალსაზრისით. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმული მე-3 პირები უფრო შეზღუდული უფლებებით სარგებლობენ, ვიდრე სავალდებულო ფორმით ჩაბმული მე-3 პირები. კანონმდებელი, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილი, ამ უკანასკნელის საპროცესო უფლებებს მხარეთა ზოგად უფლებებს უთანაბრებს. კერძოდ, აუცილებელი მოწვევის საფუძველზე ჩაბმული მე-3 პირი სარგებლობს მოსარჩელისა და მოპასუხის ყველა უფლებით და ეკისრება მოსარჩელის ყველა ვალდებულება, რაც გულისხმობს, რომ ამგვარი სტატუსის მე-3 პირი აღჭურვილია მხარის ყველა საპროცესო უფლებით.
სარჩელის გამოხმობის, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტის ანალიზი, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში სახეზეა 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაბმული მე-3 პირების ინტერესთა თანხვედრა დავის საგანთან, ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლით მოწვეული მე-3 პირები პროცესუალურად არ არიან ვალდებულნი აღძრან სარჩელი. აღნიშნული საპროცესო მოქმედების განხორციელების გარეშეც ისინი შეუზღუდავად სარგებლობენ მხარის უფლება-მოვალეობებით.
როგორც აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის გამოხმობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მოპასუხის თანხმობა. წინამდებარე დავაში კერძო საჩივრის ავტორი აღჭურვილია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაბმული მე-3 პირის სტატუსით, რაც მას, აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს მხარისათვის მინიჭებული ყველა უფლებით. აღნიშნული კი, თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ მოპასუხის თანხმობასთან ერთად, სარჩელის გამოხმობის შემთხვევაში, სავალდებულოა 16.2 მუხლით ჩაბმული მე-3 პირის თანხმობაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, მოპასუხის თანხმობა სარჩელის გამოხმობაზე იძენს აზრს, როდესაც მოსარჩელის (მოპასუხის) უფლებების მატარებელი პროცესუალური სუბიექტი ეთანხმება ძირითადი მოსარჩელის ნების გამოვლენას.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი (16.2 მუხლის საფუძველზე ჩაბმული მე-3 პირი) არ არის თანახმა, მოსარჩელემ მოახდინოს სარჩელის გამოხმობა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის გამოხმობაზე, ხოლო კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ხ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.