¹ბს-1044-998(კს-07) 26 დეკემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის განჩინებაზე ზ. ჯ.-ის მიმართ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2003 წლის 8 ოქტომბერს ზ. ჯ.-მ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გორის სააღსრულებო ბიუროს, მესამე პირების – ქ. ბ.-ის, ი. ო.-ის, ც. გ.-ის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის, გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2003 წლის 30 სექტემბერს ქ. გორში, ...-ის ქ. 14/1-ში მდებარე, ც. გ.-ის სახელზე რიცხულ ბინაზე ჩატარებული აუქციონის ბათილად ცნობა, მისგან გამომდინარე შედეგებით.
2004 წლის 14 აპრილს ი. ო.-მ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ზ. ჯ.-ის, მესამე პირების - შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს, ქ. ბ.-ის, ც. გ.-ის, გორის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა გორში, ...-ის ქ. 14/1-ში მდებარე ბინაზე ყადაღისა და იპოთეკის მოხსნა, საჯარო რეესტრში აღნიშნული ბინის მის სახელზე აღრიცხვა.
ზ. ჯ.-მ რაიონულ სასამართლოში წარდგენილი დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა მორალური ზიანის სახით ი. ო.-სთვის 5000 ლარის გადახდის დაკისრება.
გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ჯ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ი. ო.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ყადაღა მოეხსნა ქ. გორში, ...-ის ქ. 14/1-ში მდებარე ბინას; გაუქმდა 2002 წლის 24 აპრილს ქ. ბ.-სა და ზ. ჯ.-ს შორის დადებული ხელშეკრულება ამავე ბინის იპოთეკით დატვირთვის შესახებ. აღნიშნული ბინა აღირიცხა ი. ო.-ის სახელზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ჯ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ჯ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ზ. ჯ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2003 წლის 30 სექტემბერს ქ. გორში, ...-ის ქ. ¹14/1-ში მდებარე, ც გ.-ის სახელზე რიცხულ ბინაზე ჩატარებული აუქციონი მისგან გამომდინარე შედეგებით; ი. ო.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ჯ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. ო.-მ, რომელმაც მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება საოლქო სასამართლოში.
2005 წლის 30 სექტემბერს ზ. ჯ.-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და მოითხოვა მისი განუხილველად დატოვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ზ. ჯ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეწყდა ზ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ი. ო.-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
2006 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და საგადასახადო საქმეთა პალატას თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აუცილებლად უნდა ყოფილიყო საქმეში ჩაბმული მესამე პირად, ვინაიდან შიდა ქართლის სააღსრულებო ბიურო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს და მას მიეცემოდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო სასამართლო პროცესზე და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გამოიწვევდა სხვაგვარი გადაწყვეტილების გამოტანას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის ცნობილი გახდა 2006 წლის 13 სექტემბერს, მას შემდეგ რაც ი. ო.-მ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და შესაბამისად, გორის რაიონულ სასამართლოს მიერ გადაეგზავნა სასამართლო უწყება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა შ. თ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მიწვეული საქმის განხილვაზე. კერძო საჩივრის ავტორის აღნიშვნით, სწორედ მითითებული მუხლის საფუძვლით იქნა მათ მიერ შეტანილი განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე და მიაჩნიათ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს იმ დაინტერესებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს და შეუძლია მოითხოვოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მათ ზემოაღნიშნულ განცხადებაში დეტალურად დაასაბუთეს, რომ შიდა ქართლის სააღსრულებო ბიურო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, ხოლო სააღსრულებო დეპარტამენტი - სტრუქტურულ ერთეულს და რომ დანიშნული ყოფილიყო სასამართლო პროცესი, სამინისტრო კიდევ უფრო გაამყარებდა თავის არგუმენტებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი შ. თ.-ა ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლის შ. თ.-ს კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, კერძო საჩივარზე ხელმომწერი პირის – შ. თ.-ს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის გამო. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს დაევალა, წარმოედგინა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც მას მიეცემოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლება და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
აღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2007 წლის 4 დეკემბერს. როგორც საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილის დასტურიდან ირკვევა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინების ასლი ჩაბარდა 2007 წლის 7 დეკემბერს.
2007 წლის 20 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა შ. თ.-მ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების მიზნით დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა მიცემული ჰქონდა 2007 წლის 17 დეკემბრის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო კერძო საჩივრის ავტორმა განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით წარმოადგინა 10-დღიანი ვადის დაგვიანებით - 2007 წლის 20 დეკემბერს, რაც საკასაციო სასამართლოს ართმევს მითითებული შუამდგომლობის განხილვის პროცესუალურ უფლებამოსილებას და რაც წარმოადგენს კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კერძო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.