Facebook Twitter

¹ბს-1045-999(კს-07) 22 იანვარი, 2008 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. დ-ი, წარმომადგენელი _ გ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. და ი. დ-ები

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თ. და ი. დ-ებმა სარჩელი აღძრეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე _ ქ. თბილისის არქმშენინსპექციის, მ. დ-სა და თბილქალაქპროექტის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და უკანონოდ აშენებული ბინის დანგრევა /იხ.ს.ფ. 4-6/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. დ-ის მიერ თბილისში, ... ქ. ¹16-ში უნებართვოდ აშენებული ნაგებობის დანგრევის შესახებ /იხ.ს.ფ. 301-308/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. დ-მა, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება /იხ.ს.ფ. 320-324/.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მ. დ-ის წარმომადგენლის _ გ. მაჩიტაძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. დ-ის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2007 წლის 19 ივლისს, ხოლო უშუალოდ მხარეს, მ. დ-ს, სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით მაგრამ არ ჩაჰბარდა მოუძიებლობის გამო. სააპელაციო საჩივარი მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა 2007 წლის 1 აგვისტოს. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 12.1, 13.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. 61.3, 369-ე მუხლები და განმარტა, რომ მხარემ გაუშვა სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადა, რამდენადაც სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 2007 წლის 20 ივლისს და დასრულდა 2007 წლის 3 აგვისტოს ოცდაოთხ საათზე, მაშინ, როცა მხარის მიერ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2007 წლის 8 აგვისტოს, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 369-ე მუხლის შესაბამისად, ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას /იხ.ს.ფ. 326-328/.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. დ-ის წარმომადგენელმა გ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მათ საპროცესო ნორმები არ დაურღვევიათ, რამდენადაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კერძო საჩივრის ავტორს ჩაჰბარდა 2007 წლის 19 ივლისს, შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო 20 ივლისს და დასრულდა 2007 წლის 3 აგვისტოს, რაც გასაჩივრებულ განჩინებაშიცაა მითითებული, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარემ სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა 2007 წლის 8 აგვისტოს, რაც სრულიად დაუსაბუთებელია, რამდენადაც სააპელაციო საჩივარი მის მიერ შეტანილ იქნა 2007 წლის 1 აგვისტოს, რაც დასტურდება სააპელაციო საჩივრის შეტანის ქვითრის ქსეროასლით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ექვემდებარებოდა გაუქმებას /იხ.ს.ფ. 336-337/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. დ-ის წარმომადგენელ გ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, სახეზეა საპროცესო ნორმების დარღვევა, შესაბამისად, ზემომითითებული განჩინებების მიღებისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსსკ-ის 393.2. “ა” პუნქტის და 394 “ე” მუხლების მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. ამასთან, დადგენილია კანონის მიერ დადგენილ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადისა, რომლის გაგრძელების უფლებამოსილება სასამართლოს გააჩნია მხარეთა თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, საპროცესო კოდექსით დადგენილი კანონისმერი ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 369-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 (თოთხმეტი) დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება ორივე მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

კონკრეტულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მხარეს _ მ. დ-ის წარმომადგენელს საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, ჩაჰბარდა 2007 წლის 19 ივლისს /იხ. ს.ფ 315/, ხოლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა 2007 წლის 1 აგვისტოს /იხ. ს.ფ. 320, თბილისის სააპელაციო სასამართლოს რეგისტრაციის ბეჭედი/, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. დ-მა საპროცესო უფლების რეალიზაცია მოახდინა კანონისმიერი ვადის დარღვევით _ 2007 წლის 8 აგვისტოს, რაც სრულიად დაუსაბუთებელია, რამდენადაც აპელანტ დ-ის მიერ დარღვეული არ ყოფილა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისთვის განსაზღვრული სსსკ-ის 369-ე მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადა, რამდენადაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად დაიწყო 2007 წლის 20 ივლისს და დამთავრდა 2007 წლის 3 აგვისტოს, სააპელაციო საჩივარი კი შეტანილია 2007 წლის 1 აგვისტოს, ანუ მხარის მიერ საპროცესო უფლება სააპელაციო საჩივრის წარდგენისა რეალიზაებულ იქნა კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. დ-ის წარმომადგენელის _ გ. მ-ის კერძო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განჩინება, როგორც უსაფუძვლო, ექვემდებარება გაუქმებას და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სხვა საფუძვლების შემოწმების სტადიიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. დ-ის წარმომადგენლის _ გ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.