¹ბს-1048-999(კ.ს-06) 10 იანვარი, 2007წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარეები:
1. შპს “...”
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 22 აგვისტოს შპს “....” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ ქმედების განხორციელების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “....” სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 1993 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ გაცემულ საკუთრების დამადასტურებელ ¹.... მოწმობაში ტექნიკური შეცდომის გასწორება დაევალა, კერძოდ, უნდა დამატებოდა _ ქ. თბილისში, .... (ყოფილი .....) ქუჩა ¹29-ში 1080 კვ.მ; ამასთან, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს შპს “.....” სახელზე ქ. თბილისში, .... ქ. ¹29-ში მდებარე უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაცემა დაევალა. ხსენებული გადაწყვეტილებით მხარეებს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა და წესი განემარტათ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ობიექტი სს “....” ადმინისტრაციულ შენობას წარმოადგენდა, რის გამოც მისი ინტერესები ილახებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და სააპელაციო საჩვრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის თქმით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში 2006 წლის 15 ნოემბერს გატარდა რეგისტრაციაში და, შესაბამისად, ვადის ათვლაც, “საქმის წარმოების ერთიანი წესების” შესახებ ბრძანებულების 38.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ამ თარიღიდან უნდა მომხდარიყო.
კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 79.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში გაატაროს შესული დოკუმენტი მიღების დღესვე და დასვას მასზე რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის ¹414 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქმის წარმოების ერთიანი წესების” 33.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაწესებულებაში შესული დოკუმენტები გადიან პირველად დამუშავებას, წინასწარ გარჩევას, რეგისტრაციას, ინდექსაციას, ხელმძღვანელობის მიერ განხილვას, შემსრულებლისათვის კონკრეტული დავალების მიცემას, შესრულების ვადის განსაზღვრასა და შემსრულებლისათვის გადაცემას. ამავე “წესების” 38-ე მუხლი ადგენს, რომ დოკუმენტის რეგისტრაცია მისი შემოსვლის ფაქტის დაფიქსირებაა და დაწესებულებაში შემოსული დოკუმენტი რეგისტრაციას გადის ერთხელ _ შემოსვლის დღესვე (38.2 მუხლის “ბ” ქვეპუნქტი).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულებაში შესული დოკუმენტის რეგისტრაცია და ინდექსაცია განსხვავებულ შედეგებს ვერ წარმოშობს, რეგისტრაცია გულისხმობს “ინდექსის დასმას და სარეგისტრაციო ფორმებში დოკუმენტის შესახებ საჭირო ცნობების ჩაწერას”, აღნიშნულთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ის გარემოება, რომ ამ “წესების” თანახმად, დოკუმენტის რეგისტრაცია მისი კანცელარიაში შესვლის დღესვე უნდა განხორციელდეს. ის გარემოება, რომ სამინისტროში შესულ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ინდექსის დასმა რეგისტრაციის შემდეგ დღეს მოხდა, გავლენას ვერ მოახდენს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ გასაჩივრების ვადის ათვლაზე, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის ¹414 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქმის წარმოების ერთიანი წესები” წარმოადგენს იმ პრინციპებისა და ნორმატივების ერთობლიობას, რომლებიც კონკრეტული დაწესებულების შიგნით დოკუმენტების მოძრაობისა და ორგანიზების ერთიან წესებს ადგენს, რაც გულისხმობს, რომ ამ წესებით შეუძლებელია დოკუმენტის დაწესებულებაში შესვლისა და რეგისტრაციის მომენტი მოქმედი კანონდებლობისაგან განსხვავებულად განიმარტოს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა მომხდარიყო სასამართლოს გზავნილის (საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების) სამინისტროში რეგისტრაციისა და კანცელარიის ბეჭდით დამოწმების დღიდან, ხოლო ის გარემოება, თუ როდის მოხდა შესული დოკუმენტისათვის ინდექსის მინიჭება, მხოლოდ შიდაუწყებრივი ხასიათის პრობლემაა და მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლის კანონისმიერ საფუძვლად ვერ გამოდგება.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ჩაჰბარდა 2006 წლის 14 ნოემბერს (ს.ფ. 114), ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 29 ნოემბერს (ს.ფ. 115), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მის მიერ დასახელებულ, დაინტერესებულ პირს _ სს “....”, თავისი უფლებების დასაცავად შეუძლია კანონით დადაგენილი წესით მიმართოს სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 7 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.