ბს-105-105(კს-08) 31 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.07წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 06.03.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს “ე.-ის” მიმართ და მოპასუხისათვის 19 608 ლარის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ დაკისრების დავალება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში შპს “ე.-ის” საბანკო ანგარიშებზე, ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე ყადაღის დადება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს “ე.-ს” შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმდა 24.10.06წ. ¹529 ხელშეკრულება, რომლის თანახმად მიმწოდებელმა შპს “ე.-მა” აიღო ვალდებულება მიეწოდებინა შემსყიდველისათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის, საქონელი – 8000 ცალი ერთჯერადი ლუქი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყიდველის ვადებულებას წარმოადგენდა მიმწოდებლისთვის 34 400 ლარის ანაზღაურება. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება მიმწოდებელს უნდა უზრუნველეყო საკუთარი ხარჯებით, საქონლის მიწოდების გრაფიკის მიხედვით, შემსყიდველის შეტყობინების მიღების შემდეგ. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, “საქონლის მიწოდების გრაფიკი” წარმოადგენდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული გრაფიკის მიხედვით შპს “ე.-ს” 2006 წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად უნდა მიეწოდებინა 8000 ცალი ერთჯერადი ლუქი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 10.11.06წ. მიმართა შპს “ე.-ს” და ხელშეკრულების შესაბამისად მოითხოვა საქონლის მიწოდება, რომელსაც საქონლის მიწოდებისათვის, “საქონლის მიწოდების გრაფიკის” მიხედვით, განსაზღვრული ჰქონდა 20 დღის ვადა. მიმწოდებელმა ვალდებულება შეასრულა 26.01.07წ., ანუ 57 დღის დაგვიანებით, რაც დასტურდებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს “ე.-ს” შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. მიწოდებულ პროდუქციაზე სამინისტროს მიერ საფასური ანაზღაურდა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. 14.02.07წ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს “ე.-ს” მიმართა წერილით, რომლითაც აცნობა, რომ საქონლის მიწოდებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის გამო, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მათ მიმართ გავრცელდა საჯარიმო სანქცია. ამასთან, მოსთხოვა შეთანხმების ოქმის გაფორმება და შესაბამისი საჯარიმო თანხის დაფარვა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის მიუხედავად, შპს “ე.-მა” არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დათქმულ დროს, დაარღვია ხელშეკრულების პირობები და შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.03.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება 28.03.07წ. გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მისი გაუქმება და შპს “ე.-ის” მიმართ შეტანილ სარჩელზე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.04.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ადმინისტრაციულ საქმესთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-420 მუხლებით დადგენილი წესებით, ხოლო 420-ე მუხლი ადგენს, რომ კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 374.1 მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.03.07წ. განჩინების ასლი ჩაბარდა 22.03.07წ., ხოლო ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 28.03.07წ. შეიტანა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს 5 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაშვებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 5 დღიანი ვადა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 28.06.07წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.07წ. განჩინებაზე და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.07წ. განჩინებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები, საქმის წარმოების განახლების ობიექტი არ შეიძლება იყოს ცალკეული საპროცესო მოქმედებები. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 421-432 მუხლების გამოყენების შესაძლებლობა რეგლამენტირებულია საქმის არსებითად გადაწყვეტის დასრულების შედეგით, ემსახურება სწორედ სადავოდ გამხდარი სამართლებრივი ურთიერთობის სამართალწარმოების არსებითად დასრულების შედეგად დამდგარი მართლმსაჯულების განხორციელების შედეგის კანონიერების გადასინჯვის უფლებამოსილების შესაძლებლობის მიზანს. სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.07წ. განჩინებით საქმის არსებითი განხილვა არ დასრულებულა, აღნიშნულით რეგულირებულ იქნა სამართალწარმოების ეტაპზე წარმოშობილი სადავო საპროცესო სამართლებრივი ურთიერთობა, რომელზეც საქმის არსებითად დამთავრების გარემოება მოახდენს ზეგავლენას და აისახება შესაბამისი სამართლებრივი შედეგით, ამდენად საქმის არსებითად განხილვის მიმდინარეობისას წარმოშობილი სადავო საპროცესო სამართალურთიერთობებით დამდგარი შედეგები შემადგენელი ნაწილია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებითად განხილვის სამართალწარმოებისათვის და სსკ-ის 421-432 მუხლების მიზნებისათვის ცალკე არ შეიძლება გადასინჯულ იქნას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.07წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც სსკ-ის 414-420 მუხლების საფუძველზე მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დაკმაყოფილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.03.07წ. განჩინებაზე წარმოდგენილ სამინისტროს საჩივარზე საქმის წარმოების განახლება. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ განცხადების დაუშვებლად ცნობის საფუძვლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლზე მითითება არასწორია, რადგან იგი საქმის წარმოების განახლებას ითხოვს სწორედ 421-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. კერძოდ, 421-ე მუხლი მიუთითებს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლება დასაშვებია, თუ არსებობს 423-ე მუხლში მითითებული ერთი გარემოება მაინც. 423-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებუილებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ვინაიდან, სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 27.03.07წ. საჩივრის განხილვა მოხდა ზეპირი მოსმენის გარეშე, სამინისტროსათვის, მხოლოდ განჩინების ჩაბარების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ფინანსთა სამინისტროს საჩივრის განუხილველად დატოვების მიზეზი გახდა სამინისტროს მიერ თითქოსდა საჩივრის შეტანის ვადის გაშვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში ფოსტისათვის საჩივრის დროულად გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა იყო სწორედ ისეთი მტკიცებულება, რომელიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საჩივრის განხილვის დროს, გამოიწვევდა სამინისტროსთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაცული იყო როგორც 07.03.07წ. განჩინებაზე საჩივრის წარდგენის ხუთ დღიანი ვადა, ისე 28.05.07წ. განჩინებაზე განცხადების წარდგენის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა. როგორც საჩივარი, ისე განცხადება სრულად შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 421-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, შესაბამისი განცხადება დასაშვებია კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაზე ან გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დამთავრდა საქმის წარმოება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გარდა ამა თუ იმ საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებისა ან განჩინებისა, ბათილად ცნობა ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია ასევე სასამართლოს იმ განჩინებებზე, რომლებიც საბოლოოა და მათი გასაჩივრება, როგოც ცალკე, ისე საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად შეუძლებელია.
სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყობის ერთის სახის მეორეთი შეცვლის შესახებ გამოტანილი განჩინების გასაჩივრების 5 დღიანი ვადა. Aამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. Aამავე კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. 419.3 მუხლით დადგენილია, რომ ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა შესაბამისად მიღებული განჩინება საბოლოოა და მისი გასაჩივრება, როგორც დამოუკიდებლად, ასევე შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად დაუშვებელია.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.07წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჩივარი დარჩა განუხილველი. აღნიშნული განჩინება თავისი არსით საბოლოოა. მითითებული განჩინებით, მართალია, არ დასრულებულა საქმის წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარჩელო განცხადებაზე, თუმცა დასრულდა საქმის წარმოება სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.05.07წ. განჩინებაზე დასაშვებია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.07წ. განჩინება;
2. საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადების დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.