ბს-1062-1025(კს-08) 25 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ ქეთევან მაღრაძე
კერძო საჩივრის ავტორი _ სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ხ.-ი
დავის საგანი _ უფლებამონაცვლეობის დადგენა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 11 თებერვალს ვ. ხ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იყო ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომის მონაწილე, II ჯგუფის ინვალიდი, ცხოვრობდა ქ. თბილისში და ვაკე-საბურთალოს რაიონის სოცუზრუნველყოფის ფილიალიდან ღებულობდა ინვალიდობის პენსიას.
მოსარჩელის განმარტებით, “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, მას, როგორც II ჯგუფის ინვალიდს, უფლება ჰქონდა ორ წელიწადში ერთხელ მოეთხოვა სანატორიუმის ან დასასვენებელი სახლის საგზური, ან მისი ღირებულების ფულადი კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. აღნიშნული კანონის თანახმად, უფასო საგზურს ან ფულად კომპენსაციას პირი ღებულობდა იმ ორგანოდან, საიდანაც იღებდა პენსიას. მოსარჩელემ აღნიშნულის თაობაზე განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონის სოცუზრუნველყოფის განყოფილებას, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნულმა განყოფილებამ უარის თქმის მოტივად მიუთითა ის, რომ ხსენებული განყოფილებიდან არ ხდებოდა სანატორიუმის ან დასასვენებელი სახლის საგზურის, ან მისი ღირებულების ფულადი კომპენსაციის გაცემა. 2005 წლის 18 იანვარს მოსარჩელემ აღნიშნულის თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსაც, რომელმაც უარი განუცხადა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ “საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ასიგნებებში არ იყო გათვალისწინებული მოსახლეობის საკურორტო რეაბილიტაციის პროგრამა და არც მასზე გასაცემი საკომპენსაციო თანხა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ სანატორიუმის ან დასასვენებელი სახლის კუთვნილი საგზურის სანაცვლოდ შესაბამისი ფულადი კომპენსაციის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ხ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ვ. ხ.-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ხ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით _ 480 ლარის გადახდა დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.
2006 წლის 10 თებერვალს ვ. ხ.-ის განცხადების საფუძველზე, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებაზე გასცა სააღსრულებო ფურცელი.
2008 წლის 16 ივნისს ვ. ხ.-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი და მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაეკისრა 480 ლარის გადახდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2006 წლის 10 თებერვალს ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი, მაგრამ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხდებოდა, ვინაიდან აღნიშნულ სააღსრულებო ფურცელში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ნაცვლად მითითებული უნდა ყოფილიყო მისი უფლებამონაცვლე _ სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. ხ.-მა ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა, რომელშიც საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ნაცვლად მითითებული იქნებოდა მისი უფლებამონაცვლე _ სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინებით ვ. ხ.-ის განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”; თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 10 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შეტანილ იქნა ცვლილება და რეკვიზიტების გრაფაში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ნაცვლად მიეთითა _ სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 ივნისის ¹410 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის ¹558 ბრძანებულება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ”. აღნიშნული ბრძანებულება ამოქმედდა 2007 წლის 1 ივლისიდან. ასევე 2007 წლის 1 ივლისიდან ჩამოყალიბდა იმავე ფუნქციების მატარებელი სოციალური სუბსიდიების სააგენტო (საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 ივნისის ¹121 დადგენილება). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ¹190/ნ ბრძანების მე-2 პუნქტში კი პირდაპირ იყო მითითებული ის გარემოება, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლეს წარმოადგენდა სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდთან მიმართებაში სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” უფლებამონაცვლეობა ნათლად დგინდებოდა, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 10 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შეტანილი უნდა ყოფილიყო ცვლილება და მოვალის დასახელებასა და რეკვიზიტების გრაფაში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ნაცვლად მითითებულიყო _ სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინებაზე სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტომ” კერძო საჩივარი შეიტანა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოცემულ საქმეში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს ჩაბმა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რამაც გამოიწვია ვ. ხ.-ის განცხადებაზე უკანონო განჩინების გამოტანა, კერძოდ, “საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ “სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო” რეორგანიზებულ იქნა სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოდ”, რომელიც არის სსიპ “სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო ფონდის” უფლებამონაცვლე სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების (ე.წ. რეგრესული პენსიები), მათ შორის, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების, სოციალური შეღავათების მონეტიზაციის პროგრამების, სოციალური პროგრამების (გარდა სოციალური დახმარებების პროგრამების) გაცემისა და მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ნაწილში, ასევე სსიპ “საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რაიონული ორგანოების (რაიონული ფილიალების) უფლება-მოვალეობიდან გამომდინარე, ვალდებულებების, ადმინისტრირებისა და შრომითი ურთიერთობების საკითხებში. რეორგანიზაცია განიცადა ასევე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმაც, რომელიც ჩამოყალიბდა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება “ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოდ”.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, “ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო” წარმოადგენდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლეს, გარდა სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების (ე.წ. რეგრესული პენსიები), მათ შორის, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების, სოციალური შეღავათების მონეტიზაციის პროგრამების, სოციალური პროგრამების (გარდა სოციალური დახმარებების პროგრამების) გაცემისა და მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ნაწილში, ასევე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რაიონული ორგანოების (რაიონული ფილიალების) უფლება-მოვალეობებიდან გამომდინარე, ვალდებულებების, ადმინისტრირებისა და შრომითი ურთიერთობების საკითხებისა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 4 დეკემბერს, მხარეთა დასწრების გარეშე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა და სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” კერძო საჩივრის განხილვა დანიშნა მხარეთა დასწრებით 2008 წლის 25 დეკემბერს, 13.30 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ვ. ხ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ხ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით _ 480 ლარის გადახდა დაეკისრა. 2006 წლის 10 თებერვალს, ვ. ხ.-ის განცხადების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გასცა, რომელშიც მოვალედ _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი იქნა მითითებული (ტ. I, ს.ფ. 86). 2008 წლის 16 ივნისს ვ. ხ.-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა, სადაც საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ნაცვლად მითითებული იქნებოდა მისი უფლებამონაცვლე _ სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოცემულ შემთხვევაში იურიდიული პირის რეორგანიზაცია) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე, მათ შორის პროცესის დასრულების შემდეგაც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესებში უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა არის მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 ივნისის ¹410 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის ¹558 ბრძანებულება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ”. აღნიშნული ბრძანებულება ამოქმედდა 2007 წლის 1 ივლისიდან. 2007 წლის 1 ივლისიდან ჩამოყალიბდა იმავე ფუნქციების მატარებელი სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ¹190/ნ ბრძანების მე-2 პუნქტში კი პირდაპირ არის მითითებული ის გარემოება, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს წარმოადგენს მატერიალურ სამართალში განხორციელებული ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში ამომწურავი ჩამონათვალის სახით არ არის განსაზღვრული საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლები. ამდენად, ხსენებული მუხლი აწესებს საპროცესო უფლებამონაცვლეობის ზოგად პრინციპს _ სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა მატერიალურ სამართალში შეტანილი ცვლილების შედეგად, რომლის საფუძველზეც საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ საქმეში უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, სსიპ “სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო” 2007 წლის 1 ივლისიდან რეორგანიზებულ იქნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად _ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოდ”. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება “სოციალური სუბსიდიების სააგენტო” წარმოადგენს სსიპ “სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს” უფლებამონაცვლეს ყველა სახის ურთიერთობაში, აგრეთვე სსიპ “საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის” უფლებამონაცვლეს სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების (ე.წ. რეგრესული პენსიები), მათ შორის, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების, სოციალური შეღავათების მონეტიზაციის პროგრამების, სოციალური პროგრამების (სოციალური დახმარებების პროგრამების გარდა) გაცემისა და მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ნაწილში. იმავე კანონის მე-18 პუნქტის თანახმად, სსიპ “საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი” 2007 წლის 1 ივლისიდან რეორგანიზებულ იქნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად _ “ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოდ”. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ “ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო” წარმოადგენს სსიპ “საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის” უფლებამონაცვლეს, გარდა სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების (ე.წ. რეგრესული პენსიები), მათ შორის, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების, სოციალური შეღავათების მონეტიზაციის პროგრამების ხარჯების ანაზღაურებისა.
Aამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის ¹190/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დებულებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 29 ივნისის ¹198/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირთა სასარგებლოდ, ან მოვალის უფლებამონაცვლე პირთა საწინააღმდეგოდ თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ, ან დაამოწმა ნოტარიუსმა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდთან მიმართებაში სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” უფლებამონაცვლეობა ნათლად დგინდება, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 10 თებერვალს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებაზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შეტანილ უნდა იყოს ცვლილება და მოვალის დასახელებასა და რეკვიზიტების გრაფაში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ნაცვლად უნდა მიეთითოს _ სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტო”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ “სოციალური სუბსიდიების სააგენტოს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.