Facebook Twitter

¹ბს-1065-1018(კს-07) 9 იანვარი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი –რ. წ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

'

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 4 იანვარს რ. წ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალებოდა გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის 12.12.06 წლის ¹3-11/3292 შუამდგომლობის წარმოდგენა და მისი ბათილად ცნობა, ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 16 დეკემბრის ¹2908 ბრძანების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით რ. წ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. წ-ემ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილბას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით რ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.1 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, მასში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით რ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, იმ მოტივით რომ მოსარჩელის მიერ არ იყო შევსებული სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. წ-ემ.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივლისის განჩინების გაუქმებასა და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. წ-ის კერძო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, რ. წ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.1 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, მასში არ იყო მითითებული, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა.

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა სააპელაციო საჩივრის მოტივებს, მიიჩნევს, რომ საჩივრისადმი სააპელაციო სასამართლოს მიდგომა ფორმალურია და არ ქმნის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალურ წანამძღვრებს. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ემყარება ორ ძირითად მომენტს: აპელანტი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ნორმის არასწორი გამოყენების საფუძველზე, კერძოდ, არ გამოიყენა საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების 166-ე მუხლის მოთხოვნები, რომელიც მის მიერ ჩადენილი გადაცდომისათვის, პასუხისმგდებლობის ზომად, არ ითვალისწინებს სამსახურიდან დათხოვნას და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს.

დავის სირთულის ხარისხის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საფუძვლები აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.1 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს და ქმნის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკმარის პირობებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასამართლო დაცვის, იგივე სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს ძირითად საპროცესო უფლებას და საპროცესო სამართლის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს, რომლის სრულყოფილი და სამართლიანი დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით. მითითებული მუხლით აღიარებული სასამართლო დაცვის ძირითადი უფლება ფორმალურად ნიშნავს სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას, ხოლო შინაარსობრივად უზრუნველყოფს პირის სრულყოფილ, ყოვლისმომცველ სამართლებრივ დაცვას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის განსაზღვრისას მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს ობიექტური მიდგომისა და შეფასების კრიტერიუმი, რათა პირს ჰქონდეს განცდა იმისა, რომ მის მიმართ უზრუნველყოფილ იქნა სასამართლო დაცვის მაქსიმალური გარანტიები.

ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს რ. წ-ის კერძო საჩივარის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში დაბრუნების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. წ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ოქტომბრის განჩინება და რ. წ-ის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიღების მიზნით, გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.