Facebook Twitter

¹ბს-1079-1028(კს-06) 30 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ მ. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1. საქართველოს პრეზიდენტი; 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; 3. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 29 მარტს მ. ქ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა: მოპასუხეების _ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დავალდებულება საკონსტიტუციო უფლებამოსილების ვადის გასვლამდე მოსარჩელის აღდგენის შესახებ; მოპასუხე _ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დავალდებულება მოსარჩელისათვის გაუცემელი ხელფასისა და შესაბამისი დანამატის მუშაობის მთელი დროის განმავლობაში ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა “საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის ¹465 ბრძანებულების, 2005 წლის შემდგომ გამოცხადებულ მოსამართლეთა კანდიდატების შესარჩევი კონკურსების ბათილად ცნობა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის _ 500000 ლარის ანაზღაურების დაკისრება (იხ. ს.ფ. 1-4).

2006 წლის 26 აპრილს მ. ქ-ემ დამატებითი სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 998-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხეების – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დავალდებულება მკურნალობისათვის გაწეული ხარჯების _ 500 ლარის ანაზღაურების, ასევე შემდგომ სრულ გამოჯანმრთელებამდე საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ (იხ. ს.ფ. 18).

მოსარჩელემ სასამართლო განხილვის სტადიაზე დააზუსტა მოთხოვნა აღიარებითი სარჩელის ფორმით, რომ სამოქალაქო საქმეთა განხილვისაგან მისი როგორც მოსამართლის ჩამოცილება 2005 წლის ნოემბრის დასაწყისისათვის მოხდა კანონდარღვევით, სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება იმის თაობაზე, რომ 2006 წლის 18 აპრილიდან იგი არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 86.3 მუხლისა და “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 51-ე მუხლის სუბიექტს, “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონის პირველი მუხლის “ლ” ქვეპუნქტის ბათილად ცნობა და ხელფასის გათანაბრება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ხელფასთან, თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნასთან ერთად, კერძოდ, 2006 წლის 18 აპრილის შემდგომ გამოცხადებულ მოსამართლეთა კონკურსების ბათილად ცნობა, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დავალდებულება 2006 წლის 1 იანვრიდან 4 მაისის ჩათვლით გაუცემელი ხელფასის ანაზღაურების შესახებ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის 500000 ლარის ანაზღაურების დაკისრება სოლიდარულად (იხ. ს.ფ. 46).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივნისის განჩინებით მ. ქ-ის სარჩელი დასაშვებად იქნა ცნობილი ნაწილობრივ, სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების, მიუღებელი სახელფასო დავალიანებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა სამოქალაქო საქმეთა განხილვისაგან მოსარჩელის ჩამოცილების უკანონოდ აღიარების, “საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონის პირველი მუხლის “ლ” ქვეპუნქტისა და 2006 წლის 18 აპრილის შემდგომ გამოცხადებულ მოსამართლეთა კონკურსის ბათილად ცნობის შესახებ მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და ამ ნაწილში შეწყდა სამართალწარმოება (იხ. ს.ფ. 48-50).

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ქ-ემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივნისის განჩინების გაუქმება სარჩელის დაუშვებლად ცნობის ნაწილში (იხ. ს.ფ. 56-57).

მ. ქ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2006 წლის 18 აპრილიდან რეზერვში ყოფნის მთელი დროის განმავლობაში მისი ხელფასის გათანაბრება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ხელფასთან, ხოლო ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ოდენობის განსაზღვრა სამომავლოდ მიუღებელი ხელფასის სახით 46800 ლარით, სამკურნალო ხარჯების _ 1000 ლარისა და მორალური ზიანის სახით _ 500000 ლარით (იხ. ს.ფ. 58-60).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საერთო სასამართლოების დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2006 წლის 18 აპრილიდან 2006 წლის 4 მაისამდე ხელფასის გაცემა, ხოლო სამართლებრივი ურთიერთობის აღიარებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი (იხ. ს.ფ. 85-90).

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-ემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 107-108).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით მ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 369.1 მუხლის საფუძველზე, დაუშვებლად მიიჩნია მ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ქ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2006 წლის 27 სექტემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2006 წლის 12 ოქტომბერს, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან მე-15 დღეს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ქ-ემ დაარღვია სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი 14-დღიანი ვადა (იხ. ს.ფ. 115-116).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ქ-ემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მის მიერ გაშვებული არ ყოფილა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, რადგან სააპელაციო საჩივარი მის მიერ წარდგენილ იქნა საქალაქო სასამართლოში მე-14 დღეს _ 2006 წლის 11 ოქტომბერს, 12 საათზე და არა 12 ოქტომბერს. აღნიშნული დასტურდება კანცელარიის თანამშრომლის ხელმოწერით სააპელაციო საჩივრის აპელანტისათვის განკუთვნილ ეგზემპლარზე (იხ. ს.ფ. 119).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ქ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების სტადიიდან განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ქ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინების გაუქმებისათვის.

სააპელაციო სასამართლომ 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინებით შეამოწმა რა მ. ქ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებაზე, მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად სსსკ-ის 369.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რადგან საქმეში არსებულ სააპელაციო საჩივარზე მოქალაქეთა მისაღები განყოფილების მიერ დასმულ შტამპზე სააპელაციო საჩივრის რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 2006 წლის 12 ოქტომბერი. საქმის მასალებით მ. ქ-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2006 წლის 27 სექტემბერს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, რომელთა ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველიც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების სტადიაზე სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა, მართებულად მიიჩნია სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 369.1 მუხლით იმპერატიულად დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით შეტანილად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძოO საჩივრის ავტორის მიერ წამოყენებული არგუმენტები დასაბუთებულია, რადგან კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის აპელანტისათვის განკუთვნილ ეგზემპლარზე არსებული ჩანაწერისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მისაღები განყოფილების მიმღები სპეციალისტის მიერ გაცემული დოკუმენტის თანახმად, მ. ქ-ის მიერ სააპელაციო საჩივარი მოქალაქეთა მისაღებ განყოფილებაში რეგისტრირებულ იქნა 2006 წლის 11 ოქტომბერს სსსკ-ის 369.1 მუხლით განსაზღვრულ ვადაში /იხ. ს.ფ. 120-122/.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მ. ქ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ხელახლა უნდა შემოწმდეს, რადგან არსებობს ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, უნდა გამოითხოვოს სათანადო მტკიცებულებები და მათი შესწავლისა და ურთიერთშეჯერების გზით, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გააკეთოს სათანადო დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს რატომ იქნა მითითებული განსხვავებული თარიღი საქმეში არსებულ სააპელაციო საჩივარზე დასმულ შტამპსა და აპელანტისათვის განკუთვნილ სააპელაციო საჩივრის ასლზე, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მისაღები განყოფილების მიმღები სპეციალისტის მიერ გაცემული დოკუმენტზე, რადგან საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის ¹466 ბრძანებულებით დამტკიცებული “რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ” დებულების მე-16 მუხლის თანახმად, მოქალაქეთა განცხადებების მიღებას ახორციელებს მოქალაქეთა მისაღები, ხოლო ამავე დებულების 25-ე მუხლის შესაბამისად, კორესპონდენციათა რეგისტრაციას უზრუნველყოფს კანცელარია (ექსპედიცია). Kმითითებული დებულების 34-ე მუხლის მიხედვით, კანცელარია ახორციელებს რა კორესპონდენციათა მიღებას, პირველად დამუშავებასა და რეგისტრაციას, ვალდებულია შემოსული კორესპონდენციაზე დაუსვას შტამპი რეგისტრაციის ნომრისა და შემოსვლის თარიღის მითითებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მ. ქ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისას უნდა გამოიკვლიოს დაცულ იქნა თუ არა ზემოაღნიშნული დებულების მოთხოვნები მ. ქ-ის მიერ საქალაქო სასამართლოში შეტანილი სააპელაციო საჩივრის რეგისტრირებისას, ჰქონდა თუ არა ცდომილებას ადგილი სააპელაციო საჩივარზე დასმულ შტამპსა და აპელანტისათვის განკუთვნილ სააპელაციო საჩივრის ასლზე, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მისაღები განყოფილების მიმღები სპეციალისტის მიერ გაცემული დოკუმენტზე და რომელი მონაცემი შეესაბამება სინამდვილეს.

შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ უნდა გააკეთოს დასკვნა მ. ქ-ის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა თუ არა სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილ 14-დღიან ვადაში.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, ამასთან, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს საქმეზე ახალი განჩინება, რადგან სსსკ-ის 412.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ქ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის სტადიიდან საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ქ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ნოემბრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის სტადიიდან საქმე განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.