Facebook Twitter

ბს-1087-1049(კს-08) 27 ნოემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. ლ-ე, მ. დ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინება

დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 8 მაისს ნ. ლ-ემ და მ. დ-ემ განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომელშიც მიუთითებდნენ, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას დაევალა მისივე 2003 წლის 28 თებერვლის ¹11 გადაწყვეტილებით, კონკურსში მონაწილე გამარჯვებულზე იჯარით გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ინდივიდუალურად მიზომვა ადგილზე მისვლით, შესაბამისი სამიჯნე ნიშნების გამოყენებით.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სახელზე.

განმცხადებლების განმარტებით, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა 2007 წელს გარდაიქმნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტად და იგი არის ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე და სამართალმემკვიდრე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლები ითხოვდნენ სააღსრულებო ფურცლის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სახელზე გაცემას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინებით ნ. ლ-ისა და მ. დ-ის განცხადებები დაკმაყოფილდა; ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 65-ე მუხლისა და 651-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ,,ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულია ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეული. იმავე მუხლის მე-4 ნაწილით ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რაიონის, იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში და თვითმმართველი ერთეულის 2006 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი უფლებები და ვალდებულებები გადაეცემა შესაბამის თვითმმართველ ერთეულს.

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ,,ბ” პუნქტით თვითმმართველი ერთეული არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი) ან დასახლებათა ერთობლიობა (მუნიციპალიტეტი), რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსავლები, ბიუჯეტი და ადმინისტრაციული ცენტრი და დამოუკიდებელი იურიდიული პირია, ხოლო იმავე მუხლის ,,გ” პუნქტით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო არის ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების მიზნით, ამ კანონით დადგენილი წესით შექმნილი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა/მერია) ორგანოები. იმავე კანონის მე-19 მუხლით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო - გამგეობა (მერია).

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის ,,ა” და ,გ” პუნქტებით თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა მის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები ამ მუხლში მითითებული გამონაკლისების გარდა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესრულებული ყველა მოქმედება სავალდებულო, იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, 2006 წლის ნოემბერში ლიკვიდირებულ იქნა ,,ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ადგილობრივი მმართველობის ორგანოები – რაიონის გამგეობები და რაიონის დონეზე შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც ყოფილი მმართველობის ორგანოსაგან, ანუ რაიონის გამგეობისაგან, განსხვავდებიან სრულიად სხვა უფლებამოსილებით, სტრუქტურით და არიან საერთო სახელმწიფო მმართველობის რგოლისაგან დამოუკიდებლად, ხოლო ყოფილი რაიონის გამგეობები უშუალოდ წარმოადგენდნენ სახელმწიფო მმართველობის ერთიანი იერარქიის შემადგენელ ნაწილს.

აღნიშნულიდან გამოდმინარე, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა არ არის ლიკვიდირებული ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სამართალმემკვიდრე, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” 16.10.97წ. კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეული იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც ჰქონდა თვითმმართველობის ორგანო. თვითმმართველი ერთეული წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. მისი წარმომადგენლობითი ორგანო იყო საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო _ გამგეობა(მთავრობა).

განსახილველ საქმეში მოწინააღმდეგე მხარედ მონაწილეობდა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა _ თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.

“ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” 16.12.05წ. კანონის 65-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე. კანონის პირველი მუხლის “ბ”, “ე” ქვეპუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი, იგივე დასახლებათა ერთობლიობა, არის თვითმართველი ერთეული, რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსავლები, ბიუჯეტი და ადმინისტრაციული ცენტრი. ამჟამად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს.

ამდენად, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” 16.12.05წ. კანონით განისაზღვრა სამართალმემკვიდრეობა და მითითებული კანონის საფუძველზე სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა საქმეში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სამართალმემკვიდრე. შესაბამისად, კანონიერია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინება ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლით _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობით შეცვლის შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, 408_ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივნისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.