¹ბს-1088-1037(კს-06) 13 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ თ. ი-ი
მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი
დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 29 ივნისს თ. ი-მა სარჩელი აღძრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 7 ივნისის ¹396-კს ბრძანების ბათილად ცნობა და “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურში აღდგენა დაუყოვნებლივ, ასევე მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურისა და 1999-2000, 2003 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება (იხ. ს.ფ. 2-6; ტ. I).
2004 წლის 26 ივლისს მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა სსსკ-ის 86-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობა, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის და “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 51.2 მუხლის თანახმად, მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2004 წლის 7 ივნისის ¹396-კს ბრძანების ბათილად ცნობა, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.5 მუხლისა და სსსკ-ის 268.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუყოვნებლივ აღდგენა სამუშაოზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, ასევე იძულებითი განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 17-20; ტ. I).
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 7 ივნისის ¹396-კს ბრძანება, თ. ი-ი აღდგენილ იქნა სამსახურში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, რისი უზრუნველყოფაც დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და თ. ი-ს აუნაზღაურდა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებით გამოწვეული იძულებითი განაცდური სამსახურიდან გათავისუფლებიდან აღდგენამდე მთელი პერიოდისათვის, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა თ. ი-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1999-2000 და 2003 წლის შესაბამისი თვეების მიხედვით, 2341,1 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 128-130; ტ. I).
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 1330135; ტ. I).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი აღდგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს თ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლებიდან აღდგენის დღემდე და სახელფასო დავალიანების 2341,1 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 201-207; ტ. I).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ამავე სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა (იხ. ს.ფ. 211-215; ტ. I).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული დაუშვებლობის გამო საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 22 აპრილის განჩინებით (იხ. ს.ფ. 218-219; ტ. I), ხოლო ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 18 მაისის განჩინებით დაკამყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება თ. ი-ის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, დანარჩენ ნაწილში კი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (იხ. ს.ფ. 241-251; ტ. I).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ი-ის სარჩელი დაკამყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 7 ივნისის ¹396-კს ბრძანება და საბაჟო დეპარტამენტს დაევალა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ასევე თ. ი-თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების მომენტიდან მოცემული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი აქტის გამოცემამდე (იხ. ს.ფ. 419-427; ტ. I).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა (იხ. ს.ფ. 431-432; ტ. I).
საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 14 მარტის განჩინებით (იხ. ს.ფ. 435-437; ტ. I).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (იხ. ს.ფ. 448-451; ტ. I).
საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 28 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი (იხ. ს.ფ. 493-505; ტ. I).
2006 წლის 29 აგვისტოს თ. ი-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სსსკ-ის 262.1 მუხლის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტება, კერძოდ, მოითხოვა განმარტება იმის თაობაზე, იძულებითი განაცდური ხელფასი მოიცავს თუ არა თანამდებობრივ სარგოს განაკვეთთან ერთად, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული პრემიის, სამსახურში წელთა ნამსახურებისა და წოდებისათვის დაწესებულ დანამატების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატების ანაზღაურებას, ასევე რომელი თანამდებობის შესაბამისად უნდა მოხდეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, იმ თანამდებობის შესაბამისად, რომლიდანაც პირი იქნა უკანონოდ გათავისუფლებული, თუ რომელზეც აღდგენილ იქნა ან აქტის გამოცემის შედეგად დაინიშნა.
Gგანმცხადებლის მითითებით, საბაჟო დეპარტამენტში ხელფასში იგულისხმება მხოლოდ თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დანამატების გარეშე. ხოლო იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საბაჟო დეპარტამენტის განმარტებით, ანაზღაურება უნდა მოხდეს იმ თანამდებობის შესაბამისად, რომელზედაც პირი დაინიშნა სამსახურში აღდგენის შემდეგ ან ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად და არა იმ თანამდებობის შესაბამისად, რომელიც პირს ეკავა სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებამდე და სწორედ ამ უკანონო გათავისუფლების გამო არ მიეცა მას საშუალება შეესრულებინა ამ თანამდებობისათვის დადგენილი მოვალეობები და მიეღო ამ თანამდებობისათვის გათვალისწინებული, კანონმდებლობით დადგენილი თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი, პრემია და დანამატები (იხ. ს.ფ. 2-3; ტ.II).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით თ. ი-ის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თ. ი-ს უარი ეთქვა განმარტებაზე, თუ რომელი თანამდებობის შესაბამისად უნდა მოხდეს იძულებითი განაცდური დროის ანაზღაურება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი განმარტებულ იქნა შემდეგნაირად: განაცდური ხელფასი მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 262-ე მუხლის შესაბამისად, განმარტებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი, რადგან იგი არ არის აღსრულებული.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების გამოტანის პერიოდში მოქმედი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განმცხადებლის მოთხოვნა განმარტების გაკეთების შესახებ იმის თაობაზე, თუ რომელი თანამდებობის შესაბამისად უნდა მოხდეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ეწინააღმდეგება სსსკ-ის 262-ე მუხლის მოთხოვნებს, რადგან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის არც ერთი პუნქტი ასეთ შინაარს არ მოიცავს, რის გამოც სააპელაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს მითითებულ მოთხოვნაზე (იხ. ს.ფ. 5-7; ტ. II).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გაუქმება თ. ი-თვის პრემიისა და საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებული დანამატების ანაზღაურების ნაწილში შემდეგი საფუძვლით:
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სსსკ-ის 262-ე მუხლი მიზნად ისახავს გადაწყვეტილების განმარტებას იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი არ არის ცალსახად, გარკვევით და ნათლად ჩამოყალიბებული და შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტიელბა არ არის ბუნდოვანი, არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ და შეუსაბამო მითითებებს, მასში ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად განისაზღვრა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათიალდ ცნობა, ახალი აქტის გამოცემის ვალდებულება და თ. ი-თვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორმა დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ 2005 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა იძულებითი განაცდური ხელფასი და სასამართლოს განმარტება საფუძველს მოკლებულია, რადგან სასამართლოს მიერ მითითებული ნორმა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც პირი რეალურად ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს და წახალისების მიზნით მას ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მიეცეს პრემია. Kკონკრეტულ შემთხვევაში კი საუბარია იძულებით განაცდურ ხელფასზე, ანუ ისეთ მდგომარეობაზე, როდესაც პირი არ ასრულებდა სამუშაოს და მასზე წახალისების მიზნით პრემიის გაცემა და შესაბამისად, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის გავრცელება საფუძველს მოკლებულია. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 იანვრის ¹2 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს საბაჟო სახელმწიფო ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების” 39.1 მუხლის განსაზღვრავდა, რომ საბაჟო მოხელეებზე გასაცემი ხელფასი შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს და ა.შ. მითითებული ნორმა არ მოიაზრებდა პრემიას ხელფასის შემადგენელ კომპონენტად. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, თუ რა პერიოდზე უნდა გაიცეს განაცდური ხელფასი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო პრაქტიკით იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ პერიოდზე, როდესაც პირი არ მუშაობდა სხვა სამსახურში (იხ. ს.ფ. 10-12; ტ. II).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი განჩინება, თ. ი-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 15 დეემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ იმის თაობაზე, მოიცავს თუ არა იძულებითი განაცდური ხელფასი თანამდებობრივი სარგოს განაკვეთთან ერთად პრემიის, სამსახურში წელთა ნამსახურობისა და წოდებისათვის დაწესებული დანამატების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატების ანაზღაურებას, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის არასწორი განმარტების შედეგად საქმეზე არასწორი განჩინება მიიღო, რაც სსსკ-ის 393.2 მუხლის “გ” ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 15 დეკემბრის განჩინება არ არის ბუნდოვანი, არ შეიცავდა ურთიერთშეუსაბამო მითითებებს, რასაც შეეძლო დაებრკოლებინა გადაწყვეტილების აღსრულება და აღსრულების მიზნის უზრუნველყოფა წარმოშობდა თ. ი-ის განცხადებაში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობას. უფრო მეტიც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინების გასაჩივრებული ნაწილი არ შეესაბამება სსსკ-ის 262.1 მუხლის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 262.1 მუხლის გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმარტოს გადაწყვეტილება მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში თ. ი-ის განცხადებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იძულებითი განაცდური მოიცავს თუ არა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ პრემიას, სამსახურში წელთა ნასახურების და წოდებისათვის დაწესებულ დანამატებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს, არ არსებობდა სსსკ-ის 262.1 მუხლით გათვალისწინებული არც ერთი პირობა და სააპელაციო სასამართლო ამგვარი განმარტებით გასცდა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს და ფაქტობრივად ახალი გადაწყვეტილება დაადგინა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება ცალსახად უთითებდა, რომ თ. ი-ს უნდა ანაზღაურებოდა იძულებითი განაცდური, ხოლო ის გარემოება, თუ რა კომპონენტებისაგან შედგება იძულებითი განაცდური და რა სახის სარგოებს თუ დანამატებს მოიცავს იძულებითი განაცდურის ცნება, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სცილდება განხილული დავის საგანს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 262.1 მუხლი და გასაჩივრებულ განჩინებაში გაკეთებული განმარტებით ფაქტობრივად ახალი გადაწყვეტიელბა დაადგინა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შეცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, შესაბამისად, კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი განჩინება, თ. ი-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 15 დეემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ იმის თაობაზე, მოიცავს თუ არა იძულებითი განაცდური ხელფასი თანამდებობრივი სარგოს განაკვეთთან ერთად პრემიის, სამსახურში წელთა ნამსახურობისა და წოდებისათვის დაწესებული დანამატების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატების ანაზღაურებას, არ დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 262-ე, 419-420-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი განჩინება; თ. ი-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 15 დეემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ იმის თაობაზე, მოიცავს თუ არა იძულებითი განაცდური ხელფასი თანამდებობრივი სარგოს განაკვეთთან ერთად პრემიის, სამსახურში წელთა ნამსახურობისა და წოდებისათვის დაწესებული დანამატების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატების ანაზღაურებას არ დაკმაყოფილდეს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.