ბს-1089-1051(კს-08) 14 ნოემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ტ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ აჭარის სააღსრულებო ბიურო, ნ. ტ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მ. ტ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების – აჭარის სააღსრულებო ბიუროსა და ნ. ტ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქმედების განხორციელების დავალება, კერძოდ სააღსრულებო ბიუროს დაევალოს აღასრულოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება /იხ.ს.ფ. 1/.
საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა არ ცნო მ. ტ-ის სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 84/.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით მ. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო /იხ.ს.ფ. 91-92/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ტ-ემ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 99-103/.
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 21 ივლისის განჩინებით მ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე დაასკვნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება მ. ტ-ეს ჩაჰბარდა 2008 წლის 20 ივნისს, რაც დადასტურებულია საფოსტო შეტყობინებაზე მისი ხელმოწერით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ამოიწურა 2008 წლის 4 ივლისს, მის მიერ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა 2008 წლის 7 ივლისს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით. ამდენად, სააპელაციო საჩივარი ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას /იხ.ს.ფ. 108-110/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ტ-ემ, რომელმაც მოითხოვა კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2008 წლის 20 ივნისს, როგორც ეს დადგენილია სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში, თუმცა ვერ უზრუნველყო ვადაში სააპელაციო საჩივრის შეტანა ავადმყოფობის გამო. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გაშვებული ვადის საპატიოდ ჩათვლა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 114-115/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა აპელანტის მიერ წარმოდგენილი საპროცესო დოკუმენტების კანონთან შესაბამისობა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების მიღებისას არ დარღვეულა სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება მ. ტ-ეს ჩაჰბარდა 2008 წლის 20 ივნისს, რაც დადასტურებულია საფოსტო შეტყობინებაზე მისი ხელმოწერით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ამოიწურა 2008 წლის 4 ივლისს, მის მიერ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა 2008 წლის 7 ივლისს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს თავად მ. ტ-ე კერძო საჩივარში, რომ მის მიერ გაშვებულია სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა, თუმცა კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ვერ უზრუნველყო ვადაში სააპელაციო საჩივრის შეტანა ავადმყოფობის გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თვეობით გამოსათვლელი ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ტ-ის მიერ გაშვებულ იქნა სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის განსაზღვრული 14- დღიანი კანონისმიერი ვადა, რასაც თავად მხარე არ უარყოფს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება _ სააპელაციო წესით გაასაჩივროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას _ უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში მ. ტ-ის მიერ საპროცესო უფლება რეალიზებული არ იქნა კანონისმიერ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა დატოვებული განუხილველად მ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი საპროცესო ვადაში წარუდგენლობის გამო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დაშვებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენა, თუ სასამართლო ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა /სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი/, თუმცა კანონისმიერი ვადის აღდგენის შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ტ-ის კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.