¹ბს-1090-1039(კს-06) 10 აპრილი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ი. ც-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ი. ც-მა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ 2006 წლის 15 მაისის ოქმის გაუქმება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ “მაზის” მარკის თვითმცლელი ავტომანქანით, რომლის სახელმწიფო ნომერია 277, კასპის რაიონის სოფელ .... გადააქვს ქვიშა ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ცემენტის ქარხანაში. ტვირთის გადაზიდვას აწარმოებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და აქვს ყველა სანებართვო დოკუმენტი. ხსენებული ავტომანქანით გადასაზიდი ტვირთის დასაშვები წონა ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილი ტვირთამწეობის ზღვრული ნორმის მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს 22200 კმ-ს, ხოლო დაუტვირთავი ავტომანქანის წონაა 9050კმ. ამ ტიპის ავტომანქანებზე აქვს მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება და აქედან გამომდინარე, იცის მანქანაზე რა წონის ტვირთი არის დატვირთული. ყოველთვის ერიდება დასაშვებ წონაზე ზედმეტი ტვირთის გადაზიდვას, მით უმეტეს, რომ თითოეულ ზედმეტ ტონაზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულია ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2006 წლის 15 მაისს, როდესაც მიჰქონდა ქვიშა სოფელ ....., ქ. თბილისში შემოსვლის დროს, აღმაშენებლის ხეივანში გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ტვირთის აწონვის მიზნით. სპეციალური სასწორით აწონვის შედეგად ავტომანქანის წონამ ტვირთთან ერთად შეადგინა 24760 კგ. ამასთან დაკავშირებით მოსარჩელემ მაშინვე გამოთქვა პრეტენზია და მოითხოვა ტვირთის სხვა სასწორზე აწონვა, ვინაიდან იყო უზუსტობა, რაზეც პატრულის თანამშრომლების მხრიდან მიიღო უარი. თანამშრომლების მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მოსარჩელე დაჯარიმდა 2560 ლარით.
მოსარჩელე არ დაეთანხმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი საავტომობილო სასწორის მუშაობის სისწორეს და მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უნდა გაუქმდეს დაკისრებული ჯარიმა (ს.ფ. 1-2).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ც-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ი. ც-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე 2006 წლის 15 მაისს გამოწერილი საჯარიმო ქვითარი ¹224208 (ს.ფ. 48-50).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 53-54).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, მისი გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2006 წლის 20 ოქტომბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მის მიერ შეტანილ იქნა 2006 წლის 6 ნოემბერს, ანუ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 17 დღის შემდეგ, რითაც დაირღვა ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნა (ს.ფ. 62-63).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება:
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის 2006 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შევიდა 2006 წლის 23 ოქტომბერს, რის დამადასტურებლად წარმოადგენდა გადაწყვეტილებას, რომელზეც არის კანცელარიის ბეჭედი და შტამპი. სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2006 წლის 6 ნოემბერს, ანუ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მე-15 დღეს, ვინაიდან გასაჩივრების მე-14 დღე ემთხვეოდა დასვენების დღეს (კვირას). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ამ შემთხვევაში ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მას არ დაურღვევია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა (ს.ფ. 65-66).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ჩაჰბარდა 2006 წლის 20 ოქტომბერს, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების დასტურზე ხელმოწერით და საპატრულო პოლიციის სამმართველოს ბეჭდით (ს.ფ. 51). ასევე დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილი აქვს 2006 წლის 6 ნოემბერს (ს.ფ. 53).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2006 წლის 21 ოქტომბერს და აღნიშნული ვადა ამოიწურა 2006 წლის 3 ნოემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ პარასკევი. შესაბამისად, ამავე დღესვე _ 3 ნოემბერს ამოიწურა კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო უფლების რეალიზების შესაძლებლობა, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილი არ უშვებს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელების ან აღდგენის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ საქალაქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ჩაჰბარდა არა 2006 წლის 20 ოქტომბერს, არამედ 23 ოქტომბერს, რამდენადაც კერძო საჩივრის ავტორი ვერ აქარწყლებს საქმეში არსებული, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გზავნილის ჩაბარების დასტურის ნამდვილობას, რომლის თანახმად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2006 წლის 20 ოქტომბერს (ს.ფ. 51).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გაშვებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.