Facebook Twitter

¹ბს-1092-1041(კს-06) 30 იანვარი, 2007 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს იურიდიული ფირმა “გ. თ-ე”

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 11 აგვისტოს შპს იურიდიული ფირმა “გ. თ-ის” დირექტორმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა, საგადასახადო კოდექსის 83.4 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 27 ივლისის საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება ი/მ “გ. თ-ზე” რიცხული საგადასახადო დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 1-2).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს იურიდიული ფირმა “გ. თ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 27 ივნისის საგადასახადო მოთხოვნა და ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებისა და ფაქტების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში (იხ. ს.ფ. 67-72).

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 77-78).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2006 წლის 19 მაისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2006 წლის 13 ივლისს, სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით (იხ. ს.ფ. 98-99).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლით:

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, საპროცესო ვადის დინება დაიწყო გასაჩივრების უფლების მქონე პირზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, რომელიც არ შეიძლება გაიგივდეს ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის კანცელარიაში შემოსვლის თარიღთან.

გარდა აღნიშნულისა, კერძოO საჩივრის ავტორის მითითებით, სსსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ასეთად კი ითვლება გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად გაგზავნის დრო. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოცემულ საქმეზე წარმომადგენლობის უფლებით აღჭურვილ პირზე გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (იხ. ს.ფ. 104-106).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებული გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, არ დაურღვევია სსსკ-ის 303-394-ე მუხლების მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, ამასთან იგი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 28 ივლისის განჩინებაში გაკეთებულ დასკვნას და განმარტავს, რომ სსსკ-ის 369.1 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად კი ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს. ასეთ შემთხვევაში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საქმის მასალების თანახმად, მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციას საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2006 წლის 19 მაისს, რაც დასტურდება უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლოს უწყებაზე ხელმოწერით, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ბეჭდითა და უწყების ჩაბარების თარიღის მითითებით. სსსკ-ის 60.2 მუხლის მიხედვით წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დინება იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. სააპელაციო საჩივრის შეტანის სსსკ-ის 369.1 მუხლით იმპერატიულად დადგენილი ვადა იწურებოდა 2006 წლის 2 ივნისს, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ კი სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2006 წლის 13 ივლისს, გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საპროცესო ვადის დენის ათვლა იწყება არა ადმინისტრაციული ორგანოს კანცელარიაში გადაწყვეტილების რეგისტრაციის, არამედ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირზე გადაცემის მომენტიდან, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს სახელით კორესპონდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილია კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული და სწორედ ამ უკანასკნელისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან იწყება გასაჩივრების ვადის ათვლა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის მოტივი არ გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობით გასაჩივრების ვადის დენის ათვლის დადგენილი დანაწესიდან, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.