¹ბს-1093-1042(კს-06) 21 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) _ ზ. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ა. შ-ი
მოპასუხეები სარჩელზე: 1. თელავის რაიონის გამგეობა; 2. თელავის რაიონის მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისია; 3. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების თელავის სამმართველო
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხარვეზის შესავსებად ვადის წარმომადგენლისათვის მიცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 10 ივნისს ა. შ-მა სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე თელავის რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 11 მაისს მიმართა თელავის რაიონის გამგეობას საჯარო ინფორმაციის გაცემისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით და მიუთითა, რომ მოითხოვდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწებიდან გარკვეული ფართის იჯარით გამოყოფას, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მის კანონიერ ინტერესებს, ვინაიდან დარღვეული იყო განცხადებაზე პასუხის გაცემის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლით დადგენილი ათდღიანი ვადა, ასევე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მისთვის .......... ტერიტორიულ ფარგლებში 10 ჰა მიწის ნაკვეთის იჯარით გამოყოფის თაობაზე, ასევე _ მოპასუხის მიერ 2003 წლის აპრილიდან გამოცემული ყველა იმ ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება, რომლებიც ეხებოდა ......... ტერიტორიულ ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის იჯარით გაცემას და აღნიშნული თარიღიდან მოყოლებული ყველა იმ ადმინისტრაციული აქტის ნაწილის ბათილად ცნობა, რომლითაც აღნიშნულ ტერიტორიაზე იჯარით გაიცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.
თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მოცემულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. მ-ი, რ. ბ-ი, გ. ა-ი, ზ. ხ-ე და სხვები (სულ 22 ფიზიკური პირი).
თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 ოქტომბრისა და 14 დეკემბრის საოქმო განჩინებებით მოცემულ საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ თელავის რაიონის მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისია და სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების თელავის სამმართველო.
თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი თელავის რაიონის გამგეობის 2003 წლის 24 აპრილის ოქმი ¹4 და 35-ე და 36-ე დადგენილებები, 2003 წლის 8 ივლისის ოქმი ¹7 და 70-ე დადგენილება, 2003 წლის 23 სექტემბრის ოქმი ¹9 და 94-ე და 95-ე დადგენილებები, 2003 წლის 21 ოქტომბრის ოქმი ¹10 და 108-ე დადგენილება, 2004 წლის 15 აპრილის ოქმი ¹4 და 36-ე და 37-ე დადგენილებები, 2004 წლის 14 მაისის ოქმი ¹7 და 59-ე დადგენილება, 2004 წლის 17 აგვისტოს ოქმი ¹12 და 108-ე დადგენილება, 2004 წლის 19 ოქტომბრის ოქმი ¹15 და 147-ე დადგენილება, 2004 წლის 11 ნოემბრის ოქმი ¹16 და 174-ე დადგენილება, 2005 წლის 13 იანვრის ოქმი ¹1 და მე-2 დადგენილება, 2005 წლის 25 მარტის ოქმი ¹4 და 63-ე დადგენილება, 2005 წლის 25 აპრილის ოქმი ¹6 და მე-80 დადგენილება სასოფლო-სამეურნეო მიწების მხოლოდ იჯარით გაცემის ნაწილში ........... ტერიტორიაზე, ხოლო დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს მესამე პირმა ზ. ხ-ემ და თელავის რაიონის გამგეობამ, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა.
ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. შ-აც, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2006 წლის 10 აპრილის ხარვეზის შესახებ განჩინებებით ზ. ხ-ისა და თელავის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები მიიჩნია ხარვეზიანად, რამდენადაც არ შეიცავდა მითითებას გარემოებებზე, რომლებიც დაასაბუთებდა მათ და მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდა აღნიშნულ გარემოებებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 8 მაისის განჩინებით თელავის რაიონის გამგეობის, ხოლო იმავე სასამართლოს 2006 წლის 17 მაისის განჩინებით _ ა. შ-ის სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ზ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 აპრილის განჩინება ზ. ხ-ეს ჩაჰბარდა 2006 წლის 17 მაისს, მაგრამ მან სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. ხ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხარვეზის შესავსებად მისი წარმომადგენლისათვის ვადის მიცემა.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი ზ. ხ-ის სახელით წარადგინა მისმა წარმომადგენელმა ს. ბ-მა, რომელსაც ხელს აწერდა მხოლოდ ს. ბ-ი და მასზე ზ. ხ-ის ხელმოწერა არ იყო, სააპელაციო სასამართლომ კი ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი გაუგზავნა მხოლოდ ზ. ხ-ეს და იგი არ გაუგზავნია მისი წარმომადგენლისათვის, ამასთან, ზ. ხ-თვის გაგზავნილი ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს, ჩაუბარებლობის მიზეზად კი მიეთითა, რომ ადრესატი გასული იყო ქ. თბილისიდან. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ ხელმეორედ იმავე მისამართზე გაგზავნა ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი. 2005 წლის 17 მაისს ხსენებული ასლი პირადად ჩაიბარა ზ. ხ-ის სიმამრმა, რომელიც არ არის ზ. ხ-თან მცხოვრები მისი ოჯახის წევრი.
ზ. ხ-ის კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 18 იანვრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ხ-ის კერძო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 21 თებერვალს მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 2006 წლის 21 მარტს თელავის რაიონულ სასამართლოში იმავე სასამართლოს 2006 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ზ. ხ-ის წარმომადგენელმა ს. ბ-მა, მხოლოდ თავისი ხელმოწერით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2006 წლის 10 აპრილის შესაბამისი განჩინების ასლი გაუგზავნა ზ. ხ-ეს მისამართზე _ ქ. თბილისი, .......... ქ. ¹50, ბინა ¹5. ზ. ხ-თვის გაგზავნილი ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში და მისი ჩაუბარებლობის მიზეზად ფოსტის მიერ აღინიშნა, რომ ადრესატი გასული იყო ქ. თბილისიდან. სააპელაციო სასამართლომ ხელმეორედ გაგზავნა იმავე მისამართზე ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი, რომელიც 2005 წლის 17 მაისს პირადად ჩაჰბარდა ზ. ხ-ის სიმამრს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ზ. ხ-ეს ხარვეზის შესახებ ზემოაღნიშნული განჩინების ასლი გაეგზავნა მის საცხოვრებელ მისამართზე, ხსენებული ასლი მისთვის ჩაბარებულად ითვლება, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლიდან გამომდინარე, მხარეს სასამართლო უწყება ეგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე არ იმყოფებოდეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ თელავის რაიონულ სასამართლოში ზ. ხ-ის სახელით სააპელაციო საჩივარი წარადგინა ს. ბ-მა (რომელსაც გააჩნდა ზ. ხ-გან რწმუნებულება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილებით 2006 წლის 29 დეკემბრამდე და, შესაბამისად, ზ. ხ-ე საქმეს ს. ბ-ის მეშვეობით აწარმოებდა), სააპელაციო სასამართლოს ს. ბ-თვის არ გაუგზავნია ხარვეზის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 აპრილის შესაბამისი განჩინების ასლი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, თუ მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, ყველა დოკუმენტი ეგზავნება წარმომადგენელს, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც დოკუმენტი მხარესაც უნდა გაეგზავნოს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში, სამოქალაქო პროცესისაგან განსხვავებით, გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმით დადგენილი სპეციალური წესი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ წარმომადგენლისათვის დოკუმენტების გაგზავნის ვალდებულებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, რის გამოც არ გააჩნდა ზ. ხ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესო უფლებამოსილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხარვეზის შესავსებად ზ. ხ-ის წარმომადგენლისათვის ვადის მისაცემად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ხ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება და მოცემული საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხარვეზის შესავსებად ზ. ხ-ის წარმომადგენლისათვის ვადის მისაცემად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.