Facebook Twitter

¹ბს-1107-1059(კს-07) 5 მარტი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მიხეილ ჩინჩალაძე, მარიამ ცისკაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ბ. კ.-ს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.07წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.08.07 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ბ. კ.-ს სარჩელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე. მოსარჩელე მოითხოვდა მის გათანაბრებას ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურსა და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტზე დაზარალებულ პირებთან და კანონით დადგენილი პენსიით სარგებლობას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეზე არ ვრცელდება “ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ” კანონი, რადგან მას დაზიანება არ მიუღია კანონში გათვალისწინებული გარემოებების შედეგად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. კ.-მ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.07 განჩინებით ბ. კ.-ს სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანად იქნა მიჩნეული და განესაზღვრა ვადა ხარვეზის შესავსებად. სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტების მოთხოვნებს. კერძოდ, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა სასამართლოს დასახელებას სადაც გადაწყვეტილება საჩივრდებოდა, მოსარჩელე არ მიუთითებდა თუ რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრით, ასევე თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობა, სააპელაციო საჩივარი და თანდართული მასალები არ იყო წარმოდგენილი იმ ოდენობით, რამდენი მონაწილეც იყო საქმეში. ბ. კ.-მ 02.11.07წ. სასამართლოში წარადგინა სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შესავსებად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.07წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზი სრულად არ იყო შევსებული, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა მითითებას იმის შესახებ, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა. ახალი სააპელაციო საჩივარი ასევე ვერ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, რაც სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.07 განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბ. კ.-მ. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მისი სააპელაციო საჩივარი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს და მიღებული უნდა ყოფილიყო არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. კ.-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” და “ვ” ქვეპუნქტების თანახმად, სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს: მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.07წ. განჩინებით ბ. კ.-ს სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანად იქნა მიჩნეული, აპელანტს დაუდგინდა ვადა ხარვეზის შესავსებად. ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში ბ. კ.-ა კვლავ არ აღნიშნავს თუ რაში მდგომარეობს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უსწორობა და შესაბამისად არ მიუთითებს აღნიშნულის დამასაბუთებელ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. აპელანტი სააპელაციო საჩივრით მოითხოვს სასიკვდილო ლოკაციური ზემოქმედების მოხსნას, პენსიის საკითხის გადაწყვეტას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. სააპელაციო საჩივარში დაკონკრეტებული არ არის აპელანტის მოთხოვნა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბ. კ.-ს მიერ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი კვლავ არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რაც ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველია.

სასკ-ის მე-9.1 მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის ავტორი თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. კ.-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.07წ. განჩინება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.