Facebook Twitter

ბს-1109-1071(კს-08) 4 დეკემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივლისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 10 დეკემბერს შპს ,,ვ-ს” დირექტორმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ ¹00105 და ¹00096 ოქმების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2007 წლის 20 ნოემბრის ¹1774 და ¹1778 ბრძანებების, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 22 ნოემბრის ¹094-115 და ¹094-116 საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობას.

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 იანვრის საოქმო განჩინებით მოპასუხეთა რიგებიდან ამოირიცხა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,ვ-ს” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 20 ნოემბრის ¹1774 და 2007 წლის 20 ნოემბრის ¹1778 ბრძანებები, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 22 ნოემბრის ¹094-115 და 2007 წლის 22 ნოემბრის ¹094-116 საგადასახადო მოთხოვნები მათი ძალაში შესვლის დღიდან.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.

აპელანტები სააპელაციო საჩივრებით ითხოვდნენ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარისYთქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსვლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილი ვადში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ამორიცხულ იქნა მოპასუხეთა სიიდან და შესაბამისად, იგი მოცემულ საქმეში აღარ წარმოადგენდა მხარეს, რაც ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის ¹170 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების” შესაბამისად, შემოსავლების სამსახური წარმოადგენს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის ზემდგომ სტრუქტურულ ერთეულს და ერთიანი ცენტრალიზებული სისტემის შემადგენელ ნაწილს, იგი უფლებამოსილია, როგორც ზემდგომმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, გაასაჩივროს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებული იყო შემოსავლების სამსახურისათვის ეცნობებინა საქმეში მისი მოპასუხის სტატუსის გაუქმების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 30 ივლისის განჩინების გაუქმებასა და მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ზოგადად ადასტურებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მართებულობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის საფუძველზე, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს და მე-3 პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ სპეციფიკას და უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არ იყო უფლებამოსილი გაესაჩივრებინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება, ვინაიდან იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 იანვრის საოქმო განჩინებით ამორიცხულ იქნა მოპასუხეთა სიიდან.

როგორც საქმეში დაცული მასალებიდან დასტურდება, ამჟამად საქმეში სარჩელზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია და გადაწყვეტილებაც გამოტანილია ამ უკანასკნელის მიმართ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის ¹170 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების” შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური წარმოადგენს მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის ზემდგომ სტრუქტურულ ერთეულს და ერთიანი ცენტრალიზებული სისტემის შემადგენელ ნაწილს, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, შემოსავლების სამსახურს, როგორც მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის ზემდგომ ორგანოს, აძლევს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას, რის გამოც საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას და თვლის, რომ კერძო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ივლისის განჩინება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დასაშვებობის სტადიიდან დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.