ბს-1115-1077(კს-08) 11 დეკემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. დ.-ი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინება
დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 7 დეკემბერს ა. დ.-ის წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების: გ. შ.-ის, ქ. რუსთავის ...-ის სახელობის ... სამსახურისა და ქ. რუსთავის მერიის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ქ. რუსთავის ცენტრალური რაიონის გამგეობის 1996 წლის 24 აპრილის ¹17 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტისა და ქ. რუსთავის მერიის 1996 წლის 5 აპრილის ¹... ორდერის ბათილად ცნობას.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით ა. დ.-ის წარმომადგენლის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის ცენტრალური რაიონის გამგეობის 1996 წლის 24 აპრილის ¹17 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი – გ. შ.-სთვის ქ. რუსთავში, ...-ის, 4-12-ში მდებარე ბინის გაფორმებასთან დაკავშირებით და ქ. რუსთავის მერიის მიერ 1996 წლის 5 აპრილს გ, შ.-ის სახელზე გაცემული ¹... ორდერი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. შ.-მ და ქ. რუსთავის მთავრობამ.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. დ.-ის წარმომადგენელმა ა. გ.-მ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების მოსარჩელეზე დაკისრება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინებით გ. შ.-ის, ქ. რუსთავის მთავრობისა და ა. დ.-ის წარმომადგენელ ა. გ.-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება; ა. დ.-ის სარჩელზე მოპასუხეების: გ. შ.-ის, ქ. რუსთავის მერიისა და ქ. რუსთავის ...-ის სახელობის ... სამსახურის მიმართ ქ. რუსთავის ცენტრალური რაიონის გამგეობის 1996 წლის 24 აპრილის ¹17 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტისა და ქ. რუსთავის მერიის 1996 წლის 5 აპრილის ორდერის ბათილად ცნობის თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ, ქ. რუსთავის ცენტრალური რაიონის გამგეობის 1996 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებისა და ორდერის კანონიერება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო წყვეტს საქმის წარმოებას თუ იგი არ აკმაყოფილებს აღნიშნული კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის პირობებს. აღნიშნული კოდექსის 22-ე მუხლი განსაზღვრავს სარჩელის დასაშვებობის პირობებს, რომლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სააპელაციო პალატის მითითებით, დაინტერესებული მხარის ცნება უკავშირდება პირის უფლებას – წარმოდგენილ იქნეს მხარედ სასამართლოში. დაინტერესებულ მხარედ ითვლება პირი, რომლის კანონიერ ინტერესზეც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება ან უმოქმედობა. ამასთან, მოსარჩელის უფლება და ინტერესი კანონით უნდა იყოს დაცული და სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი პირის სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე. ინტერესის არსებობაში იგულისხმება მხარის რეალური, ფაქტობრივი ინტერესი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. დ.-ს დედის – მ. დ.-ის მემკვიდრეობა კანონით დადგენილი წესით არ მიუღია. შესაბამისად, პალატის მითითებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტებით მოსარჩელის კანონით დაცულ უფლებას და ინტერესს არ ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. დ.-ის წარმომადგენელმა.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. დ.-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ქ. რუსთავში, ...-ის ¹4-12-ში მდებარე ოროთახიანი ბინა 1992 წლის 22 დეკემბერს, პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა მ. დ.-ს. მ. დ.-ი გარდაიცვალა 1995 წლის 16 ნოემბერს. პრივატიზაციის ხელშეკრულება რეგისტრირებულია ტექაღრიცხვის ბიუროში.
ქ. რუსთავის ცენტრალური რაიონის გამგეობის 1996 წლის 24 აპრილის ¹17 გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული ბინა გაუფორმდა გ. შ.-ს, როგორც აფხაზეთის რეგიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში მონაწილეს. 1996 წლის 5 აპრილს გ. შ.-ზე გაიცა ორდერი, ხოლო 1999წ. 24 მარტს სადავო ბინა პრივატიზებულ იქნა მის სახელზე.
მ. დ.-ის შვილის ა. დ.-ის წარმომადგენლის ა. გ.-ის მიერ სარჩელი აღიძრა სასამართლოში, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოითხოვა ქ. რუსთავის ცენტრალური რაიონის გამგეგობის 1996 წლის 24 აპრილის (გ. შ.-ზე ბინის გადაცემის თაობაზე) ¹17 გადაწყვეტილების მე-6 პუნქტის და ქ. რუსთავის მერიის 1996 წლის 5 აპრილის ორდერის ბათილად ცნობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინებით, იმ მოტივით, რომ ა. დ.-ის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესისათვის გასაჩივრებულ აქტებს ზიანი არ მიუყენებია, სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.
საკასაციო სასამართლომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის საფუძველზე შეამოწმა გასაჩივრებული განჩინება და თვლის, რომ ა. დ.-ის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვეტილია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას დავის საგანთან მიმართებაში და ადასტურებს, რომ წინამდებარე სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე. მითითებული მუხლის I ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ამდენად, როგორც ზემოაღიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, პროცესუალური უფლება სარჩელზე უშუალოდ უკავშირდება სარჩელზე უფლებას მატერიალური თვალსაზრისით. სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე წყვეტს სარჩელის შესაბამისობას სასკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნებთან, როგორიცაა უფლებადამცავი ინტერესი და პირდაპირი და უშუალო ზიანის არსებობის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს: სარჩელის განხილვის უფლება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში არ წარმოადგენს საყოველთაო უფლებას და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით განსაზღვრული სარჩელის აღძვრის უფლება აქვთ მხოლოდ დაინტერესებულ პირებს, ანუ იმ პირებს, რომელთა უფლებებსა და ინტერებსაც ხელყოფს ადმინისტრაციული ორგანო.
ამასთან ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პირის უფლება და ინტერესი კანონით უნდა იყოს დაცული და სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო ზიანი სამართლებრივად დაცულ უფლებასა და ინტერესზე, რაშიც საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს.
უდავოა და აღნიშნულს თანდართული მასალების საფუძველზე თავადვე ადასტურებენ კერძო საჩივრის ავტორები, რომ ა. დ.-ი აწ გარდაცვლილი დედის მემკვიდრედ ცნობილი არ არის, მას კანონისმიერი მემკვიდრეობა კანონით დადგენილ ვადაში არ მიუღია, უფრო მეტიც არ მოუთხოვია მემკვიდრეობის მიღებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენა, შესაბამისად სახეზე არ არის ადმინისტრაციული აქტებით მოსარჩელის კანონით დაცულ უფლებაზე პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს განჩინებას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და მითითებული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს კანონიერად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ა. დ.-ის სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა და თვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. დ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.