Facebook Twitter

¹ბს-1133_1084(კს-07) 5 მარტი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ხაშურის მინიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2007 წ. საოქმო განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ს. ხ.-მ, დ. ხ.-მ, ჯ. ხ.-მ, ლ. ხ.-მ, ე. ხ.-მ, პ. მ.-მ, ვ. მ.-მ, ა. დ.-მ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ხაშურის რაიონულ სამმართველოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს და მიწის გადასახადის გადახდილად ცნობა და მიწის შესყიდვაზე ხელშეკრულების დადება მოითხოვეს. ხაშურის რაიონული სასამრთლოს 06.03.2006 წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა ხაშურის რაიონის გამგეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისია.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 23.03.06წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოსარჩელეებს გადახდილად ჩაეთვალათ მიწის გადასახადი და მოპასუხეს _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ხაშურის რაიონულ სამმართველოს დაევალა მათთან მიწის ნაკვეთის შესყიდვის ხელშეკრულების დადება, ხოლო გორის საგადასახადო ინსპექციას დაევალა მოსარჩელეებისათვის ცნობების გაცემა მიწის გადასახადის დავალიანების არარსებობის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექციამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.11.07წ. საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საგადასახადო ინსპექცია შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციით, ხოლო სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ხაშურის რაიონული სამმართველო _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოთი. საქმეში მესამე პირად ჩაბმული ხაშურის რაიონის გამგეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისია შეიცვალა ხაშურის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ხაშურის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა საოქმო განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის ამოქმედებიდან ხაშურის რაიონის ადგილობრივი მმართველობა (რაიონის გამგეობა და საკრებულო) ლიკვიდირებული იყო. საქმეში მესამე პირად ჩაბმული ხაშურის რაიონის გამგეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისია შექმნილი იყო რაიონის გამგეობის მიერ და შესაბამისად, მასთან ერთად იქნა ლიკვიდირებული. ორგანული კანონის 65-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ორგანული კანონი ადგილობრივი მმართველობის სამართალმემკვიდრედ ახალ თვითმმართველობებს არ მიიჩნევს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

“ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” 16.12.05წ. კანონის 65-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე. კანონის პირველი მუხლის “ბ”, “ე” ქვეპუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი, იგივე დასახლებათა ერთობლიობა, არის თვითმართველი ერთეული, რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსავლები, ბიუჯეტი და ადმინისტრაციული ცენტრი. ამჟამად ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. იგი არის მანამდე არსებული თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს სამართალმემკვიდრე. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” 16.10.97წ. კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეული იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც ჰქონდა თვითმმართველობის ორგანო. თვითმმართველი ერთეული წარმოადგენდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. მისი წარმომადგენლობითი ორგანო იყო საკრებულო, ხოლო აღმასრულებელი ორგანო _ გამგეობა (მთავრობა).

განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაბმული იყო თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს _ ხაშურის რაიონის გამგეობის მიერ შექმნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისია, რომელიც შეიცვალა მუნიციპალიტეტის გამგეობით. “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 651 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედების დღიდან ლიკვიდირებულია “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონით განსაზღვრული ადგილობრივი მმართველობის ორგანო და რაიონის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველობის ერთეული. “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებას განეკუთვნება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა და განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

ამდენად, “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” 16.12.05წ. კანონის საფუძველზე სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა დადგენილი ხაშურის რაიონის გამგეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისიის სამართალმემკვიდრე. შესაბამისად კანონიერია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2007წ. განჩინება ხაშურის რაიონის გამგეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისიის უფლებამონაცვლით _ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობით შეცვლის შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, 408_ მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.11.2007წ. საოქმო განჩინება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.