¹ბს-1134-1085(კს-07) 6 თებერვალი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს ,,ტ-ი”
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 16 მაისს ვ. ყ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საცხოვრებელი ბინა, მდებარე თბილისში, ...... ქ. ¹36-ში საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელეს. 2002 წლის იანვარ-თებერვალში მეზობლად მყოფმა შპს ,,ტ-მა” მოსარჩელის ნებართვის გარეშე განახორციელა შენობის რეკონსტრუქცია, რის გამოც მოხდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის, კერძოდ, იატაკის და კედლების დაზიანება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელემ მიმართა თბილისის არქმშენინსპექციას, რათა მას თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაეჯარიმებინა შპს ,,ტ-ი” და დაეკისრებინა მისთვის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რაზეც მოპასუხისგან 16.11.04 წლის წერილით ეთქვა უარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს თბილისის ,,არქმშენინსპექციის” მიერ გამოცემული 2004 წლის 16 ნოემბრის ¹4-2 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 დეკემბრის საოქმო განჩინებით სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით საქმეში მესამე პირად ჩაება შპს ,,ტ-ი”.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ,,არქმშენინსპექციის” 2004 წლის 16 ნოემბრის ¹4-2 ადმინისტრაციული აქტი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ტ-მა”.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ტ-ის” სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან შპს ,,ტ-ი” საქმეში ჩაბმულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, იგი არ სარგებლობდა მხარის ყველა უფლებით და არ ეკისრებოდა მხარის ყველა მოვალეობა, შესაბამისად არ გააჩნდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,ტ-მა”.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქმე, რომელზედაც გამოტანილ იქნა 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება, შეეხება თბილისის არქმშენინსპექციის მიერ 2004 წლის 16 ნოემბერს გამოცემული ¹4-2 ადმინისტრციული აქტის ბათილად ცნობას. აქრმეშენინსპქეციის მიერ გამოცემული 2004 წლის 16 ნოემბრის ¹4-2 ადმინისტრაციული აქტით უარი ეთქვა ვ. ყ-ს შპს ,,ტ-ის” დაჯარიმებაზე და ამ სუბიექტისათვის ..... ქუჩა ¹36-ში მდებარე სათავსის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის დაკისრებაზე. აღნიშნული ადმინისტრციული აქტის ბათილად ცნობას მოსარჩელე ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ თბილისის არქმშენინსპექციას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა დაეჯარიმებინა შპს ,,ტ-ი” და თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესების შესახებ დებულების შესაბამისად, დაეკისრებინა მისთვის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი წარმოადგენდა იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზეც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი და ამდენად, იგი აუცილებლად უნდა ყოფილიყო საქმეში ჩართული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები შეეხება დაინტერესებული პირის საქმეში მესამე პირად ჩართვის საკითხს, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია აცნობოს და საქმეში მე-3 პირად ჩააბას სუბიექტი, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს გადაწყვეტილება. დასახელებული კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩართული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 დეკემბრის განჩინებით შპს ,,ტ-ი” ჩაბმულ იქნა საქმეში მესამე პირად იმის მითითების გარეშე, იგი ჩართული იყო საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი თუ მე-2 ნაწილების საფუძველზე.
შპს ,,ტ-ი” მიიჩნევდა, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში წარმოდგენილი დასკვნა, იმის თაობაზე, რომ ის საქმეში ჩაბმული იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით იყო არამართებული.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სარჩელი განუხილველად დატოვა მას შემდეგ, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით შპს ,,ტ-ის” დირექტორს დაევალა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის წარდგენა. შპს ,,ტ-მა” შეავსო სააპელაციო საჩივარში დაშვებული ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევდა, რომ არ არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი და ითხოვდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ნოემბრის განჩინების გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ტ-ის” კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინებით შპს ,,ტ-ის” სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ შპს წინამდებარე დავაში ჩართული იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული მე-3 პირის სტატუსით, რაც ამ უკანასკნელს ართმევდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალურ უფლებამოსილებას.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის საქმეში მისი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით ჩაბმის საკითხს და მიაჩნია, რომ ის, სამართალურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, სარგებლობს ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მე-3 პირის სტატუსით.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის საფუძვლიანობის დადგენის მიზნით, საჭიროდ მიიჩნევს განსაზღვროს, შპს ,,ტ-ი” წარმოადგენს “ჩვეულებრივი” თუ ,,სავალდებულო” მოწვევის მე-3 პირს, რაც პრინციპულად ცვლის საზოგადოების პროცესუალურ სტატუსს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. ამ მიზნით საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შპს ,,ტ-ის” ინტერესებთან შემხებლობის საკითხის განსაზღვრას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე ქ. თბილისის ,,არქმშენინსპექციის” 2004 წლის 16 ნოემბრის ¹4-2 ადმინისტრაციული აქტი და მოპასუხე თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და დადგენის შემდეგ, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ბათილად ცნობილი აქტის საფუძველზე ქ. თბილისის არქმშენინსპექციამ არ დააკმაყოფილა ვ. ყ-ის განცხადება შპს ,,ტ-ის” მიერ შენობისათვის მიყენებული ზიანის დაანგარიშებისა და ამ უკანასკნელისათვის ფართის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის დავალდებულების თაობაზე.
ამდენად, უდავოა, რომ აქტი, რომელიც სასამართლო წესით ბათილად იქნა ცნობილი და რომლის გამოცემაც მოპასუხეს დაევალა, შეეხება შპს ,,ტ-ის” ინტერესებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს სასამართლოში მე-3 პირის აუცილებელ, სავალდებულო მოწვევას. მოწვევა სავალდებულოა, თუ მოსაწვევი მე-3 პირი სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში იმ დონეზე მონაწილეობს, რომ მასთან მიმართებაში მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ე.ი. მოსარჩელისათვის სასურველი გადაწყვეტილება ვერ მიიღება ისე, რომ ერთდროულად არ შეიცვალოს ან გაუქმდეს მისაწვევი პირის უფლებები, ე.ი. თუ გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება ისე, რომ არ მოხდეს მისაწვევი პირის უფლებებთან უშუალო ან იძულებით შეხება.
როგორც ზემოთ აღინიშნა, აქტი, რომლიც გაუქმდა და რომლის გამოცემაც დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს უშუალო შეეხება შპს-ის უფლებებს, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ შპს ,,ტ-ის” სტატუსი წინამდებარე დავაში განისაზღვრა არასწორად და პროცესში მისი მონაწილეობა უზრუნველყოფილ უნდა ყოფილიყო სავალდებულო მოწვევის მე-3 პირის სტატუსით, რაც ამ უკანასკნელს აძლევს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალურ უფლებამოსილებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ტ-ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ნოემბრის განჩინება და საქმე შპს ,,ტ-ის” სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.