¹ბს-1141-1092(კს-07) 6 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჩინჩალაძე
მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ რ.კ. “...-ი”
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; განხორციელდა რ.კ. “...-ის” კუთვნილი ქონების იძულებითი რეალიზაცია 91 042, 87 ლარის ფარგლებში; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით რ.კ. “...-ის” ბალანსზე რიცხულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ზესტაფონში, ...-ს ქ. ¹9-ში, ყადაღის დადების შესახებ, დარჩა უცვლელად (ს.ფ. 106-108).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ.კ. “...-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 174).
საქმე სააპელაციო საჩივართან ერთად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაეგზავნა (ს.ფ. 175).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის განჩინებით აპელანტს _ რ.კ. “...-ს” სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაუწესდა საპროცესო ვადა, 14 დღე, მისთვის განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. სააპელაციო საჩივრის ავტორს კანონით დადგენილი წესით განამერტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (ს.ფ. 176-177).
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა მითითებებს, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა, კონკრეტულად, რას მოითხოვდა სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებდა სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებდა ამ გარემოებებს. სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აპელანტს კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ დაწესებულ ვადაში უნდა შეევსო ხარვეზი და სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის განჩინების ასლი აპელანტ რ.კ. “...-ს” გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე _ ქ. ზესტაფონი, ბატონიშვილის ქ. ¹16 (ს.ფ. 178-179). გზავნილი დაბრუნდა მინაწერით, რომ “...-ი” აღნიშნულ მისამართზე არ იყო, რის გამოც იგი უბრუნდებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (ს.ფ. 180-182).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის განჩინების ასლი ხარვეზის შესახებ რ.კ. “...-ს” ასევე გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე _ ქ. ზესტაფონი, ...-ს ქ. ¹9 (ს.ფ.183). გზავნილი დაბრუნდა მინაწერით, რომ “...-ი” გაუქმებული იყო (ს.ფ. 186-188).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინებით რ.კ. “...-ის” სააპელაციო საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად (ს.ფ. 189-190).
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის საფუძველზე აპელანტს კანონით დადგენილი წესით დაევალა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსება. ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, რაც სასამართლოს დაუბრუნდა. ჩაუბარებლობის მიზეზად გზავნილზე აღნიშნული იყო, რომ “ე...-ი” არ მდებარეობდა მითითებულ მისამართზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2007 წლის 7 ივნისის განჩინების ასლი ხელმეორედ გაეგზავნა მხარეს 2007 წლის 18 ივლისს, რაც ასევე დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს ჩაუბარებლად, მინაწერით, რომ “...-ი” გაუქმებული იყო.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები ვალდებულნი იყვნენ, ეცნობებინათ სასამართლოსათვის საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება იგზავნებოდა სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლებოდა, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ იმყოფებოდა. აპელანტ _ რ.კ. “...-ს” სასამართლოსათვის არ უცნობებია მისამართის შეცვლის შესახებ, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა სასამართლო განჩინებისა და უწყების ჩაბარება.
აღნიშნული განჩინება “...-მა” გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით. აღნიშნული საკასაციო საჩივარი თავისი შინაარსით წარმოადგენდა კერძო საჩივარს. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება (ს.ფ. 201-203).
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო მისი მისამართი _ ქ. ზესტაფონი, ბატონიშვილის ქ. ¹16, ასევე შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის განჩინებით რ.კ. “...-ს” დაევალა სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსება. აღნიშნული განჩინების ასლი გაეგზავნა რ.კ “...-ს”. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ გზავნილი არ ჩაჰბარდა კოოპერატივ “...-ს”.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2007 წლის 17ს ნოემბერს გაგზავნილი წერილი, მას ჩაჰბარდა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. სხვა გზავნილი მას არ მიუღია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 იანვრის განჩინებით რ.კ. “...-ის” კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 6 მარტს, მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა რ.კ. “...-ის” კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; განხორციელდა რ.კ “...-ის” კუთვნილი ქონების იძულებითი რეალიზაცია 91 042, 87 ლარის ფარგლებში; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით რ.კ “...-ის” ბალანსზე რიცხულ უძრავ-მოძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ზესტაფონი, ...-ს ქ. ¹9-ში, ყადაღის დადების შესახებ, დარჩა უცვლელად (ს.ფ. 106-108).
დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ.კ. “...-მა”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 174). აპელანტმა სააპელაციო საჩივარში თავის მისამართად მიუთითა _ ქ. ზესტაფონი, ბატონიშვილის ქ. ¹16 (ს.ფ. 174).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის განჩინებით აპელანტს _ რ.კ. “...-ს” სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დაუწესდა საპროცესო ვადა, 14 დღე, მისთვის განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. სააპელაციო საჩივრის ავტორს კანონით დადგენილი წესით განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ს.ფ. 176-177).
საქმეში წარმოდგენილი გზავნილით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის განჩინების ასლი აპელანტ რ.კ. “...-ს” გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით, სააპელაციო საჩივრში მითითებულ მისამართზე _ ქ. ზესტაფონი, ბატონიშვილის ქ. ¹16 (ს.ფ. 178-179). გზავნილი დაბრუნდა მინაწერით, რომ “...-ი” აღნიშნულ მისამართზე არ იყო, რის გამოც იგი უბრუნდებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (ს.ფ. 180-182).
საქმეში წარმოდგენილი გზავნილით საკასაციო სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 ივნისის განჩინების ასლი ხარვეზის შესახებ რ.კ. “...-ს” გაეგზავნა სარჩელში, მოპასუხის მიერ მითითებულ მისამართზე _ ქ. ზესტაფონი, ...-ს ქ. ¹9 (ს.ფ.183). გზავნილის დაბრუნების შესახებ ცნობაზე გაკეთებულია აღნიშვნა, რომ “...-ი” გაუქმებულია (ს.ფ. 186-188).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება (გზავნილი) გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი იმ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე განცხადება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ რ.კ. “...-მ” სასამართლოს კანონით დადგენილი წესით აცნობა მისამართის შეცვლის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს ან სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება გამოტანილია მოპასუხე რ.კ “...-ის” წინააღმდეგ. სააპელაციო საჩივარი შეტანილია რ.კ. “...-ის” მიერ. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ სასამართლოების მიერ სხვადასხვა დროს გაგზავნილი გზავნილები რ.კ. “...-ს” ეგზავნებოდა ქ. ზესტაფონში, როგორც ...-ს ქ. ¹9-ში, ისე ბატონიშვილის ქ. ¹16-შიც.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ რ.კ. “...-ზე”, სხვადასხვა დროს, გაგზავნილი გზავნილები დაბრუნდა მინაწერით, რომ რ.კ. “...-მ” აღარ ფუნქციონირებს და გაუქმებულია.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ რ.კ. “...-თვის” ორივე მისამართზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაგზავნილი გზავნილების ჩაუბარებლობის მიზეზი იყო ის, რომ გზავნილები ეგზავნებოდა არა კოოპერატივს, არამედ რ.კ “...-ს”, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს (აპელანტს) წარმოადგენს რ.კ “...-ი”.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ.კ “...-ის” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.კ. “...-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.