Facebook Twitter

ბს-1148-1099(კს-07) 22 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. ნ-ის, ა. ნ-ის და მ. მ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.06წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

01.11.01წ. ნ. ნ-ემ, ა. ნ-ემ და მ. მ-მა აღიარებითი სარჩელი აღძრეს თბილისის მერიისა და კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიმართ და მესამე პირად დაასახელეს შპს “ ....... “. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეებსა და მესამე პირს ეღიარებინა ....... ჩიხი ¹3-ში მდებარე ქონების, როგორც უმკვიდრო ქონების თავის ბალანზე აღრიცხვის იურიდიული ფაქტი. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 18.01.02წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა მოსარჩელეების მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.04.03წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 18.01.02წ. გადაწყვეტილება და ნ. ნ-ის, ა. ნ-ისა და მ. მ-ის აღიარებითი სარჩელი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩია, რომ რაიონულ სასამართლოს არ შეუმოწმებია სარჩელის დასაშვებობის საკითხი. მოსარჩელეები აღიარებითი სარჩელით ითხოვდნენ მოპასუხეებსა და მესამე პირებს ეღიარებინათ უმკვიდრო ქონების თავიანთ ბალანსზე აღრიცხვის იურიდიული ფაქტი. აღიარებითი სარჩელი მიმართული იყო არა სასამართლო წესით რაიმე უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენაზე, არამედ მოპასუხეებისა და მესამე პირების დავალდებულებაზე. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, მოსარჩელეთა მოთხოვნა არ შეესაბამებოდა აღიარებითი სარჩელის სახით განსახილველ მოთხოვნას.

04.05.05წ. ა. ნ-ის, ნ. ნ-ისა და მ. მ-ის რწმუნებულმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას. განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა “20-50-იანი წლების პოლიტიკური რეპრესიების ყველა მსხვერპლის უფლებების აღდგენის შესახებ” სსრკ-ის ყოფილი პრეზიდენტის 13.08.1990წ. ბრძანებულებაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.04.05წ. ¹2/4/324 განჩინებასა და “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონპროექტის განმარტებით ბარათზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.06წ. განჩინებით განცხადება მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველი. პალატამ აღნიშნა, რომ 17.04.03წ. განჩინება, რომლის გაუქმებასაც ითხოვს განმცხადებელი, დასაბუთებული იყო იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა თავისი იურიდიული ბუნებით არ წარმოადგენდა აღიარებით სარჩელს. პალატის ამგვარ დასკვნას არსებითად დაეთანხმნენ აპელანტებიც, რადგან განჩინება არ გასაჩივრებულა და იგი კანონიერ ძალაშია შესული. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებანი არ წარმოადგენდა სსკ-ის 423-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას. განცხადებაში აღნიშნული აქტები ეხებოდა მოსარჩელის ქონებრივი უფლებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას და გავლენას არ ახდენდა უფლების რეალიზაციის პროცესუალურ ფორმაზე, რაც საფუძვლად დაედო სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ განჩინებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.06წ. განჩინება 30.05.06წ. კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ნ-ის, ა. ნ-ისა და მ. მ-ის რწმუნებულმა და მოითხოვა: უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად იქნეს დადგენილი სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მათ მიერ საკასაციო საჩივრის წარუდგენლობა 17.04.03წ. განჩინების დათანხმებას წარმოადგენდა; 01.05.06წ. განჩინების მიმღებმა მოსამართლეებმა სსკ-ის 261-ე მუხლის საფუძველზე განჩინების ფორმით მიიღონ დამატებითი გადაწყვეტილება; საკასაციო სასამართლომ გაითვალისწინოს 01.11.01წ. აღიარებითი სარჩელი; სასამართლომ გაითვალისწინოს, რომ სადავო სახლის ფართი შეადგენს 1032.8 კვ.მ, ხოლო 1 კვ.მ საბაზრო ფასი 24.11.2000წ. შეადგენდა 1525.8 აშშ დოლარს. ამდენად, 391-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოში განსახილველი კერძო საჩივარი ეხება ქონებრივ-სამართლებრივ დავას, რომლის ღირებულება გაცილებით მეტია ამ ნორმით დადგენილ 50 000 ლარზე, რის გამოც საკასაციო ინსტანციის სასამართლომ უნდა განიხილოს წარმოდგენილი კერძო საჩივარი; დადგენილ იქნეს, რომ 01.05.06წ. გასაჩივრებული განჩინების მიმღებმა მოსამართლეებმა არ გამოიყენეს კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინათ და გამოიყენეს კანონები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინათ, არ გამოიყენეს სსკ-ის II თავის სპეციალური ნორმები; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება; ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება დასაშვებად იქნეს მიჩნეული და მიღებულ იქნეს წარმოებაში.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივად 17.04.03წ. ¹3/ბ-166-03 განჩინებით აპელანტების კანონიერი ინტერესის დაუდგენლობა განიმარტა. კანონიერ ინტერესს ადასტურებდა ახლად აღმოჩენილი გარემოებები, რომლებიც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდენილი, დაადგენდა აპელანტების კანონიერ ინტერესს და სასამართლო სრულად დააკმაყოფილებდა სააპელაციო მოთხოვნებს, რაც არის სსკ-ის 423.1 ,,ე” ქვეპუნქტის ძირითადი მოთხოვნა. სააპელაციო პალატამ ახლად აღმოჩენილ გარემოებად არ გაითვალისწინა ,,20-50-იანი წ.წ. პოლიტიკური რეპრესიების ყველა მსხვერპლის უფლებების აღდგენის შესახებ” სსრკ პრეზიდენტის 13.08.1990წ. ¹556 ბრძანებულება, რომელსაც საქართველოს უზენაესი საბჭოს 09.03.1990წ. ¹2...... დადგენილების საფუძვენლზე, სავალდებულო ძალა აქვს მინიჭებული, ხოლო უზენაესი საბჭოს 20.06.90წ. ¹...... დადგენილებით, უკანონოდ და ბათილად გამოცხადდა ყველა აქტი, რომლებიც აუქმებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ და სამართლებრივ ინსტიტუტებს და ცვლიდა მათ გარეშე ძალაზე დამყარებული პოლიტიკური და სამართლებრივი დაწესებულებებით. ამდენად, თვით ტოტალიტალური კომუნისტური რეჟიმის მიერ ბათილად და უკანონოდ იქნა გამოცხადებული მერიის უფლება ....... ჩიხი ¹3-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, რომელიც აღრიცხული იყო ტექბიუროში, მერიის ერთ-ერთ სამსახურში, რომელიც 20.08.1990წ. ¹....... დადგენილების თანახმად, უკანონოდ და გაუქმებულად იქნა გამოცხადებული.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მეორე ახლად აღმოჩენილი გარემოება, ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” კანონპროექტის განმარტებითი ბარათი, ადასტურებდა, რომ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტმა 17.04.03წ. განჩინების მიმღები კოლეგია შეცდომაში შეიყვანა და 24.10.2000წ. ¹2/1750 და 24.11.2000წ ¹2/1882 სასამართლო გადაწყვეტილებებით დარღვეულად დადგენილი საკუთრების სამოქალაქო უფლებები ,,რეპრესიების შესახებ” კანონის მე-8 მუხლის I პუნქტის საფუძველზე აღდგენილად არ მიიჩნიეს, რის გამოც აპელანტების კანონიერი ინტერესი ვერ დაადგინეს. ახლად აღმოჩენილი გარემოებით, კერძოდ, ზემოაღნიშნული განმარტებითი ბარათით დგინდება, რომ კანონის მიღების მიზნად დასახულია ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსისა და უფლებების შესახებ” ჟენევის კონვენციის, საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის I პუნქტისა და სკ-ის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების უზრუნველყოფა. კანონპროექტის, როგორც მტკიცებულების (გარემოების) გათვალისწინება დადგენილ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს 28.07.05წ. ¹1/14/184, 228 გადაწყვეტილებით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საისტორიო არქივის 17.04.06წ. ¹01-21/734-მ საარქივო ცნობის, მისი დანართების, 25.11.1928წ მდგმურების საჩივრის და 05.12.1928წ მდგმურის ანონიმური საჩივრის თანახმად, მერიის ბალანსზე უმკვიდრო ქონებად აღრიცხული ........ ¹3-ში მდებარე სახლი მერიამ უსასყიდლოდ, პრივატიზების წესით გადასცა მდგმურების უფლებამონაცვლე პირებს.

კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლოს 05.04.05წ. ¹2/4/324 განჩინების სამოტივაციო ნაწილით დადგენილ იქნა ,,რეპრესიების შესახებ” კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ბათილობა, რაც 17.04.03წ. განჩინების მიღების დროს ცნობილი რომ ყოფილიყო, აპელანტების დარღვეულად დადგენილ სამოქალაქო უფლებებს აღდგენილად მიიჩნევდა და მათ კანონიერ ინტერესს დაადგენდა. იგივეს ადასტურებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს 20.02.06წ. ¹7-0217 წერილი და საქართველოს პარლამენტის 06.06.05წ. ¹1507-3 წერილი. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებების ცოდნის შემთხვევაში საქმეზე აპელანტების სასარგებლო გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში აპელანტები გაასაჩივრებდნენ განჩინებას საკასაციო წესით. სასამართლომ იგნორირება გაუკეთა და არ იმსჯელა სსკ-ის 423.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებთან ახლად აღმოჩენილ გარემოებად წარმოდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის შესაბამისობაზე. სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა მის მიერ მითითებულ გარემოებებზე, სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნის მიუხედავად, ყოველმხრივ არ შეისწავლა საქმე და მიკერძოებული, მცდარი შინაგანი რწმენით მიიღო გადაწყვეტილება. 01.05.06წ. განჩინება დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო, რასაც, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ადასტურებს აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული საპროცესო სამართლის ნორმები. სააპელაციო სასამართლომ არ იხელმძღვანელა სსკ-ის LII თავით გათვალისწინებული სპეციალური ნორმებით. სსკ-ის 429-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს თავისი ინიციატივით უნდა შეემოწმებინა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობა. აღნიშნული მიზნით კოლეგიას უნდა შეემოწმებინა დაცული იყო თუ არა სსკ-ის 423.3 მუხლი, 427-ე მუხლის I პუნქტის ,,გ” ქვეპუქტი, 426-ე მუხლის I და IV ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობები. 429-ე მუხლით განცხადების დასაშვებობის შემოწმების ფარგლები იქნა განსაზღვრული, რაც სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა. მოსამართლეების მიერ დარღვეულ იქნა განცხადების წარმოებაში მიღების ვადები. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის I პუნქტითაა გარანტიროებული ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ საპროცესო ვადებში საქმეების სასამართლოში განხილვისა და მასზე გადაწყვეტილებების მიღების უფლება, რაც უზრუნველყოფს მე-13 მუხლით გარანტირებულ ეფექტურ ზომაზე უფლებას და საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის საფუძველზე, საქართველოში მოქმედებს, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართალი.

ნ. ნ-ის, ა. ნ-ისა და მ. მ-ის რწმუნებულის ზ. ი-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში რეგისტრირებულ იქნა 30.05.06წ., ხოლო 26.12.07წ. განსახილველად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. კერძო საჩივრის წარდგენის დროს მოქმედი სსკ-ის 440-ე მუხლის თანახმად, პირებს, რომლებსაც გავლილი არ აქვთ ადვოკატთა ტესტირება, 2006 წლის 1 ივნისიდან ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატასა და საოლქო სასამართლოში. “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 13.07.06წ. კანონის თანახმად სსკ-ის 440-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და განისაზღვრა, რომ პირებს, რომლებსაც არ გაუვლიათ ადვოკატთა ტესტირება და არ არიან გაწევრიანებულნი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმართველობის ან მმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა _ ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე. ნ. ნ-ის, ა. ნ-ისა და მ. მ-ის რწმუნებული ზ. ი-ი არ ირიცხება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრთა ერთიან სიაში. 30.05.06წ., როდესაც ზ. ი-მა კერძო საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, კერძო საჩივარი აკმაყოფილებდა წარმოებაში მიღების პირობებს. აღნიშნული გარემოების გათვალიწინებით ნ. ნ-ის, ა. ნ-ისა და მ. მ-ის რწმუნებულის ზ. ი-ის კერძო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 04.01.08წ. განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატას საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ ნ. ნ-ის, ა. ნ-ისა და მ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განმცხადებლებმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 17.04.03წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს. მითითებული განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ნ-ის, ა. ნ-ის და მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 18.01.02წ. გადაწყვეტილება, ნ. ნ-ის, ა. ნ-ის და მ. მ-ის აღიარებითი სარჩელი მიჩნეული იქნა დაუშვებლად. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ პასუხობდა აღიარებითი სარჩელის მოთხოვნებს, რის გამოც მათი სარჩელი დაუშვებლად ცნო. ამდენად, სასარჩელო განცხადების დაუშვებლად მიჩნევის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სასარჩელო განცხადება ადმინისტრაციული წარმოებით განსახილველი სარჩელის არც ერთ სახეს არ შეესაბამებოდა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განცხადებაში მითითებული გარემოებანი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სსკ-ის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ გარემოებებად, რომლებიც ადრე საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო სასამართლოში წარდგენილი, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. აღიარებითი სარჩელი ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული სარჩელის ერთ-ერთი სახეა. განცხადებაში დასახელებული აქტები მოსარჩელის უფლების რეალიზაციის პროცესუალურ ფორმაზე გავლენას ვერ ახდენს. განმცხადებლებს არ მიუთითებიათ გარემოებებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასარჩელო განცხადება მიჩნეული იქნებოდა აღიარებით სარჩელად და შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ სასამართლო წარმოებაში წარდგენილი სარჩელი უნდა პასუხობდეს ასკ-ის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა სასარჩელო განცხადების დაუშვებლად ცნობის საფუძველია. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, იგივე მოთხოვნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სარჩელის რომელიმე სახით კვლავ წარადგინოს სასამართლოში.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს განცხადების დაშვების საფუძველი, კერძოდ, სასარჩელო განცხადების აღიარებით სარჩელად მიჩნევასთან დაკავშირებით განმცხადებლებს არ მიუთითებიათ რაიმე მტკიცებულების ან გარემოების შესახებ. ამდენად, წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს სსკ-ის 427.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნას, განმცხადებლების მიერ მითითებული გარემოებანი არ უკავშირდება სასარჩელო განცხადების აღიარებით სარჩელად მიჩნევას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ნ-ის, ა. ნ-ისა და მ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.05.06წ. განჩინება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.