ბს-1150-1112(კს-08) 23 დეკემბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ გ. ყ.-ის წარმომადგენელი შ. ჯ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ 1. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველო; 2. გ. ა.-ი
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 23 ივლისს გ. ყ.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა 2007 წლის 14 ივლისის ¹225454 სამართალდარღვევის ოქმის ძალადაკარგულად გამოცხადება (იხ. ს.ფ. 1-4).
2007 წლის 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეგებებული სარჩელი აღძრა გ. ა.-მა და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოსარჩელე გ. ყ.-სათვის მატერიალური ზიანის _ 1500 ლარის ანაზღაურების დაკისრება (იხ. ს.ფ. 27).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 იანვრის განჩინებით გ. ა.-ს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის მიღებაზე (იხ. ს.ფ. 65).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ყ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 84-87).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ყ.-მ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 92-102).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის განჩინებით გ. ყ.-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება გ. ყ.-ს გაეგზავნა სარჩელსა და საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე 2008 წლის 18 აპრილს, მაგრამ გზავნილი2008 წლის 31 ივლისს სასამართლოს დაუბრუნდა აღნიშვნით, რომ ადრესატი აღარ ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე და მისი საცხოვრებელი მისამართი უცნობი იყო. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ყ.-ის წარმომადგენელმა შ. ჯ.-მ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანა 2008 წლის 21 აგვისტოს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გ. ყ.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ 2008 წლის 31 ივლისს გზავნილზე კურიერის მიერ გაკეთებული აღნიშვნით დგინდებოდა, რომ აპელანტი მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობდა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 76-ე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტის – გ. ყ.-სათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს 2008 წლის 31 ივლისს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება ჰქონდათ 2008 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანა 2008 წლის 21 აგვისტოს, სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დარღვევით (იხ. ს.ფ. 123-126).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ყ.-ის წარმომადგენელმა შ. ჯ.-მ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება გ. ყ.-ის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2008 წლის 7 აგვისტოს, ფოსტის მეშვეობით, შესაბამისად, 14-დღიანი ვადის დაცვით შეიტანა სააპელაციო საჩივარი. სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეს ჩაჰბარდა სხდომის ჩატარებიდან 122 დღის შემდეგ. გ. ყ.-მ საცხოვრებელი მისამართი შეიცვალა სასამართლო სხდომის ჩატარებიდან 2,5 თვის შემდეგ. მას არ უცნობებია სასამართლოსათვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ, რადგან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გაცნობიდან გასული იყო 2,5 თვე, სასამართლოსათვის საქმის განხილვის პროცესში ცნობილი იყო, რომ გ. ყ.-ე ბათუმში დროებით ცხოვრობდა, იმყოფებოდა დროებით, პერიოდული სამუშაოების შესასრულებლად.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსსკ-ის 76-ე მუხლი, რადგან კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მითითებული ნორმა არ გულისხმობს, რომ ერთ-ერთის მიერ მისამართის შეცვლის შემთხვევაშიც აუცილებელია აღნიშნული მოქმედების შესრულება. კონკრეტულ შემთხვევაში მისამართი შეიცვალა მხარემ, მაგრამ უცვლელი დარჩა წარმომადგენლის მისამართი. ამასთან, საქმის წარმოების ყველა ვადა იყო ამოწურული მას შემდეგ, რაც გ. ყ.-ს გაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სსსკ-ის 76-ე მუხლი კი გულისხმობს საქმის წარმოების განმავლობაში მისამართის შეცვლის შემთხვევაში სასამართლოსათვის შეტყობინებას აღნიშნულის თაობაზე (იხ. ს.ფ. 130-132).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ყ.-ის წარმომადგენლის შ. ჯ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების უკანონობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქმის მასალების თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების ასლი 2008 წლის 18 აპრილს გაეგზავნათ მხარეს – გ. ყ.-ს და მის წარმომადგენელს _ შ. ჯ.-ს (იხ. ს.ფ. 90-91). გ. ყ.-ს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა სარჩელზე მითითებულ მისამართზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადასტურებულად მიჩნეულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების გაგზავნა მოხდა სარჩელსა და საქმის მასალებში მითითებულ მისამართზე, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოსათვის ცნობილი იყო გ. ყ.-ის სხვა ალტერნატიული მისამართი, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილ რწმუნებულებაში მითითებული იყო გ. ყ.-ის საცხოვრებელ მისამართად ქ. ჭიათურა, ...-ის ქ. ¹10 (იხ. ს.ფ. 10), ასევე სასამართლოსათვის ცნობილი იყო მხარისა და მისი წარმომადგენლის მობილური ტელეფონების ნომრები (იხ. ს.ფ. 16; 32). გარდა აღნიშნულისა, ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის საქმის წარმოების პროცესში გახდა ცნობილი, რომ გ. ყ.-ე სარჩელში მითითებულ მისამართზე (ქ. ბათუმი, ...-ის ქ. ¹5) აღარ ცხოვრობდა და გადასული იყო სხვა მისამართზე, კერძოდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 აპრილის მთავარ სხდომაზე მოწვევის მიზნით გაგზავნილი შეტყობინება არ ჩაბარდა გ. ყ.-ს და სასამართლოსათვის დაბრუნებულ შეტყობინებაზე გაკეთებული იყო ამგვარი აღნიშვნა (იხ. ს.ფ. 73).
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსსკ-ის 76-ე მუხლი, რომელიც აკისრებს მხარეებს ვალდებულებას მისამართის შეცვლის შესახებ შეატყობინოს სასამართლოს და ამგვარი ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში სასამართლო მხარეს სასამართლოს ამა თუ იმ დოკუმენტს უგზავნის მისთვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე. მითითებული ნორმა მხოლოდ ამ წესის დაცვის შემდეგ ანიჭებს უფლებამოსილებას ჩაბარებულად მიიჩნიოს გაგზავნილი დოკუმენტი. კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული ნორმის გამოყენების პროცესუალური წინაპირობა არ არსებობდა, რადგან ეს წესი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე ადრესატი აღარ ცხოვრობს. მართალია მისამართის შეცვლის შესახებ მხარეს შეტყობინება არ გაუკეთებია, რასაც თვითონაც არ ხდის სადავოდ, მაგრამ სასამართლოსათვის ცნობილი იყო სხვა ალტერნატიული მისამართიც, ასევე ტელეფონის ნომერი, შესაბამისად, სასამართლოს გააჩნდა გადაწყვეტილების ჩაბარების სხვა ტექნიკური საშუალებაც.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 71.2 მუხლის შესაბამისად, მხარისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება, როდესაც დაცულია ამავე კოდექსის 73.11 მუხლით დადგენილი წესი, კერძოდ აღნიშნული ნორმა ავალდებულებს სასამართლოს ადრესატისათვის დოკუმენტის პირველად ჩაუბარებლობის შემთხვევაში, დამატებით ერთხელ მაინც გაუგზავნოს იგი მხარეს იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ განხორციელდა.
ამგვარ ვითარებაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მიეჩნია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების თარიღად 2008 წლის 31 ივლისი, როდესაც სასამართლოს დაუბრუნდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ გ. ყ.-ე მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობდა, რადგან ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ არ იყო დაცული დოკუმენტის გაგზავნის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესი, შესაბამისად, არ არსებობდა ადრესატისათვის – გ. ყ.-სათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად 2008 წლის 31 ივლისის მიჩნევის პროცესუალური წინაპირობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას, უგზავნის მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი, წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. კონკრეტულ შემთხვევაში, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების ასლი გაუგზავნა მხარესაც და მის წარმომადგენელსაც. სსსკ-ის 70.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გაგზავნილი აქტი მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
საკასაციო სასამართლოს ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია როდის ჩაბარდა გ. ყ.-ის წარმომადგენელს _ შ. ჯ.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი და ამ თარიღიდან უნდა მოხდეს სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, შ. ჯ.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 7 აგვისტოს, მაგრამ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს აღნიშნული გარემოება და თავად დაადგინოს სააპელაციო საჩივრის წარმომადგენლის მიერ საპროცესო ვადაში შეტანის საკითხი, რადგან საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შემოწმებისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექისს მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილებით და შესაბამისი მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დაადგინოს როდის ჩაჰბარდა გ. ყ.-ის წარმოამდგენელს შ. ჯ.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილების ასლი და, შეასაბამისად, დაცულია თუ არა აპელანტის მიერ სსსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ყ.-ის წარმომადგენლის შ. ჯ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 სექტემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.