Facebook Twitter

¹ბს-115-108(კს-07) 3 აპრილი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ბათუმის საგადასახადო ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მ. ბ-ე

მოპასუხე – 1. ხულოს რაიონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია; 2. ხულოს რაიონის გამგეობის საფინანსო განყოფილება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ საქმეში მესამე პირად ჩაბმა

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მ. ბ-ემ სარჩელი აღძრა ხულოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხის - ხულოს რაიონის სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა არასწორად დაქვითული საშემოსავლო გადასახადისა და თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ორი თვის საკომპენსაციო თანხის დაკისრება (იხ. ს.ფ. 2).

ხულოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხემ – სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციამ ცნო სარჩელი.

რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ხულოს რაიონის გამგეობის საფინანსო განყოფილება.

ხულოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციასა და ხულოს რაიონის საფინანსო განყოფილებას დაეკისრა მ. ბ-ის სასარგებლოდ თანამდებობრივი სარგოსა და 2005 წლის 1 იანვრიდან 2005 წლის 31 დეკემბრამდე უკანონოდ დაქვითული თანხის გადახდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა ხელფასის დანამატის სახით თანხის დაკისრებაზე 2005 წლის პერიოდისათვის; მოსარჩელის მოთხოვნა კომპენსაციის სახით ორი თვის თანამდებობრივი სარგოს დაკისრების ნაწილში მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (იხ. სფ. 26-27).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

სასამართლომ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილება ეხება საგადასახადო ორგანოს ინტერესებს და ზიანს აყენებს მას, სასამართლოს პროცესში მესამე პირად უნდა ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი და ბათუმის საგადასახადო ინსპექცია.

ინსპექციის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი, ვინაიდან აღნიშნული მუხლის თანახმად, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მრავალშვილიანი (სამი და მეტი შვილი) პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ, ერთ ან ორშვილიან პირს კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი უმცირდება 50%-ით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული სამოქალაქო სამართლის ან საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის სფეროში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 15 თებერვლის ¹2-03/988 წერილით მოხდა ზემოაღნიშნული მუხლის დაზუსტება და აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 21 მაისის ¹62 განკარგულების დებულებები, რომლის თანახმად მრავალშვილიან დედად ითვლება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი. შესაბამისად, სახელფასო შემოსავლიდან დაქვითვა კანონიერად ხდებოდა (იხ. ს.ფ. 29-31).

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ბათუმის საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა, რაც სასამართლომ შემდეგნაირად დაასაბუთა:

სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო წესით. ბათუმის საგადასახადო ინსპექცია კი არ წარმოადგენდა მხარეს ან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირს. სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეხება საგადასახადო ინსპექციის ინტერესებს, შესაბამისად იგი არ უნდა ჩაბმულიყო საქმეში მესამე პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე, ვინაიდან საშემოსავლო სახით დაქვითული თანხა მოსარჩელეს უნდა გადაუხადონ სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციამ და საფინანსო განყოფილებამ (იხ. ს.ფ. 48-52).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

კერძო საჩივრის მოტივები:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, პირი, რომელიც მუშაობს მაღალმთიან რეგიონში და ჰყავს სამი შვილი, სარგებლობს შეღავათით და არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული სამოქალაქო სამართლის ან საქართველოს კანონმდებლობის სხვა სფეროს ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის სფეროში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 15 თებერვლის ¹2-3/988 წერილით დაზუსტდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168.3 მუხლის “ბ" ქვეპუნქტი და აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში გამოიყენება საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 21 მაისის ¹62 განკარგულების დებულებები, რომლის თანახმად მრავალშვილიან დედად ითვლება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჰყავს სამი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში უსაფუძვლო იყო, რასაც სასამართლოს მიერ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მიეცა, სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები.

ამასთან, სასამართლომ ისე იმსჯელა საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებზე, რომ აღნიშნულის გასარკვევად საგადასახადო ინსპექცია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის იმპერატიული მოთხოვნის მიუხედავად, სავალდებულო მესამე პირად არ ჩართო სადავო საქმის განხილვაში. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო გადაწყვეტილება არ ეხებოდა საგადასახადო ინსპექციის ინტერესებს, შესაბამისად სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი, რაც წარმოადგენს კერძო საჩივრის საფუძველს. ამასთან, სადავო განჩინება იურიდიულად არაა საკმაოდ დასაბუთებული, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც მისი გაუქმების ერთ-ერთი აბსოლუტური საფუძველია სსსკ-ის 394-ე მუხლის “ე" დ “ე1" მუხლების თანახმად (იხ. ს.ფ. 64-65).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 თებერვლის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ბათუმის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი (იხ. ს.ფ. 68-69).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2 მუხლი და 394-ე მუხლის .,,ე” ქვეპუნქტი, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია საგადასახადო კოდექსის თანახმად წარმოადგენს საგადასახადო აგენტს. აღნიშნული კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო აგენტი არის პირი, რომელმაც ამ კოდექსით დადგენილ შეთხვევაში და დადგენილი წესით უნდა შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება. საგადასახადო კოდექსის მიხედვით საგადასახადო აგენტი უფლებათა და მოვალეობათა თვალსაზრისით გათანაბრებულია გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსის მიზნებისათვის.

საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, საგადასახადო კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო აგენტი ვალდებულია სწორად და დროულად გამოიანგარიშოს, გადასახადის გადამხდელს დაუკავოს და შესაბამის ბიუჯეტში გადარიცხოს სათანადო გადასახადები. აღრიცხოს ყოველი გადასახადის გადამხდელისათვის დარიცხული და მის მიერ გადახდილი შემოსავლები, აგრეთვე დარიცხული, დაკავებული და ბუჯეტში გადარიცხული გადასახადები. საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გადასახადების გამოანგარიშების, დაკავებისა და გადახდის სისწორის კონტროლის განსახორციელებლად აუცილებელი დოკუმენტები.

შესაბამისად, სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია საგადასახადო კოდექსის საფუძველზე ახორციელებდა საშემოსავლო გადასახადის დაკავებას და მის გადარიცხვას შესაბამის ბიუჯეტში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ 2005 წლის პერიოდისათვის მოახდინა მოსარჩელის საშემოსავლო გადასახადის დაკავება და მისი ბიუჯეტში გადარიცხვა. მ. ბ-ის განმარტებით, იგი გათავისუფლებული იყო საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე და მოითხოვა სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციისათვის ზედმეტად დაკავებული გადასახადის ანაზღაურების დაავალება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში საგადასახადო აგენტს ეკისრება საგადასახადო კოდექსის ან სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. შესაბამისად, მ. ბ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე მოპასუხეს წარმოადგენდა სანიტარული ზედამხედველობის ინსპექცია და მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელებული ქმედებისათვის. საგადასახადო აგენტია ვალდებული შემოსავლის მიმღებს დაუბრუნოს ზედმეტად დაკავებული თანხა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო საგადასახადო კოდექსის 52.1. მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს დაუბრუნონ დარიცხულ თანხასთან შედარებით ზედმეტად გადახდილი თანხები. შესაბამისად, სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადარიცხული თანხის დაბრუნების ვალდებულება ეკისრება საგადასახადო ორგანოებს. საგადასახადო ორგანოა ვალდებული კანონის შესაბამისად საგადასახადო აგენტს დაუბრუნოს მის მიერ ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის თანახმად სასამართლო ვალდებულია ჩააბას საქმეში მესამე პირად, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. შესაბამისად, ბათუმის საგადასახადო ინსპექცია წარმოადგენს აღნიშნული სამართალურთიერთობის მონაწილეს და იგი ჩაბმულ უნდა ყოფილიყო საქმეში მესამე პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.5. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლით გათვალისწინებული წესით საქმეში მოწვეულ მესამე პირები სარგებლობენ მხარის უფლება-მოვალეობებით, რაც გულისხმობს გადაწყვეტილებათა გასაჩივრების უფლებასაც. სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას უნდა ყოფილიყო თუ არა აპელანტი რაიონულ სასამართლოში მესამე პირად მოწვეული სავალდებულო წესით, რა შემთხვევაშიც იგი უფლებამოსილი იქნებოდა გაესაჩივრებინა გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა უნდა შემოწმებულიყო მითითებულ კონტექსტში, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება აპელაციის დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვება ამ საფუძვლით არაკანონიერია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 414-ე, 418-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.