Facebook Twitter

ბს-1153-1115(კს-08) 11 დეკემბერი, 2008 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ე., გ., ა. და ზ. ზ.-ები

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 31 მარტს აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქედის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ქედის მუნიციპალიტეტის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ქედის მუნიციპალიტეტის 2003 წლის 29 დეკემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹128 აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობასა და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებას მოქალაქე ე. ზ.-სა და თანამესაკუთრეებზე: გ. ზ.-ზე, ა. ზ.-ზე და ზ. ზ.-ზე.

ქედის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 აპრილის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სამსახური და ე. ზ.-ე.

ქედის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 აპრილის განჩინებით არასათანადო მოპასუხე – ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა შეიცვალა სათანადო მოპასუხით – ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოთი.

ქედის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქედის რაიონის ...-ის თემის საკრებულოს სოფელ ...-ის მეკომურთა კრების 1998 წლის 20 მარტის ოქმის საფუძველზე გამოცემული, ქედის მუნიციპალიტეტის 2003 წლის 29 დეკემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹128 აქტის ნაწილი (ცხრილის მე-4 პუნქტი), რის საფუძველზეც გაუქმდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სამსახურის მიერ 2006 წლის 7 ნოემბერს მოქ. ლ. ზ.-ესა და მის თანამესაკუთრეებზე, ე., გ., ა. და ზ. ზ.-ებზე, აგრეთვე 2007 წლის 6 მარტს ე. ზ.-ზე და მის თანამესაკუთრეებზე – ე. ზ.-ს, გ. ზ.-ს, ა. ზ.-სა და ზ. ზ.-ზე განხორციელებული უძრავი ქონების ქედის რაიონის სოფელ ...-ში ¹... კვარტლის ¹... მონაკვეთში მდებარე 0,16 ჰექტარი მიწის ფართობის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე., გ., ა. და ზ. ზ.-ებმა.

აპელანტები სააპელაციო საჩივრებით ითხოვდნენ ქედის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარისYთქმას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და მხარეს მიეცა ვადა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა აპელანტების მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო საჩივრის 5 ასლი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით, რომელშიც მითითებული იქნებოდა, თუ რომელ საქმეზეა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინებით ე., გ., ა. და ზ. ზ.-ების სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ აპელანტების მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გამოსწორებული ხარვეზი.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ე., გ., ა. და ზ. ზ.-ებმა.

კერძო საჩივრის ავტორები კერძო საჩივრით ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინების გაუქმებასა და ახალი განჩინებით მათი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე., გ., ა. და ზ. ზ.-ების კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინებით ე., გ., ა. და ზ. ზ.-ების სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიან ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 მაისის განჩინების ჩაბარების ფაქტს და მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით შელახა მათი საპროცესო უფლებები.

საკასაციო სასამართლომ კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიის საფუძველზე შეამოწმა საქმეში დაცული მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, კერძოდ, საქმეში, ს.ფ. 147-ზე დაცულია გზავნილის ჩაბარების დასტური, რომელსაც ხელს აწერს ზ. ზ.-ე. როგორც კერძო საჩივრის ავტორები, დაბადების მოწმობაზე მითითებით, განმარტავენ, ზ. ზ.-ე წარმოადგენს მცირეწლოვან პირს და შესაბამისად, მოკლებულია გზავნილზე ხელმოწერის განხორციელების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.8 მუხლის თანახმად, ფოსტის ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად. ამავე კოდექსის 74.1 მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოძახებული პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.

გამომდინარე იქიდან, რომ საკასაციო სასამართლო მოკლებულია მითითებული გარემოების გამოკვლევის პროცესუალურ შესაძლებლობას, კერძოდ, მოხდა თუ არა გზავნილის მხარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარება, საჭიროდ მიიჩნევს, აღნიშნული იქცეს სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგნად.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს მომსახურე ფოსტის შპს ,,...” თანამშრომლის განმარტებას, რომელშიც ის მიუთითებს, რომ გზავნილი ქედის საფოსტო სამსახურმა მიიღო 2008 წლის 19 ივლისს და მხარეს გადასცა იმავე წლის 20 ივლისს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს რა უპირობოდ ფოსტის თანამშრომლის განმარტებას, იმავდროულად, მხარის უფლებების მაქსიმალური დაცვის მიზნით, საჭიროდ მიიჩნევს, საფოსტო სამსახურიდან გამოთხოვილ იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები გზავნილის გადაგზავნისა და ჩაბარების თაობაზე შესაბამისი თარიღების მითითებით.

საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა იმ სამართლებრივ შედეგს, რაც თან ახლავს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას, მიაჩნია, რომ საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის დამატებითი გამოკვლევისა და გადაწყვეტისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე., გ., ა. და ზ. ზ.-ების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.