Facebook Twitter

ბს-1195-1157(კს-08) 11 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ დ. გ.-ე, რ. კ.-ე

მოწინააღმდეგე მხარეები _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ახალციხის მუნიციპალიტეტი, საქართველოს მთავრობა, “ს.-ი”,

დავის საგანი _ უფლებამონაცვლეობის დადგენა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის საოქმო განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 9 აგვისტოს ა. მ.-მა, მ. ა.-მა, ვ. გ.-მ, შ. კ.-მ, ი. ბ.-მ, ნ. მ.-მ და სხვებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – “ს.-ის”, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მიმართ, მესამე პირების _ ახალციხის რაიონის გამგეობისა და სოფელ ...-ის საკრებულოს მონაწილეობით და მოპასუხეებისგან მიყენებული ზიანის _ 159738 ლარის ანაზღაურება, ასევე მოსახლეობის მიერ გადახდილი ექსპერტიზის თანხის _ 707 ლარის, საადვოკატო მომსახურების თანხის _ 1200 ლარის, სახელმწიფო ბაჟის _ 1655, აუდიტის მომსახურების თანხის _ 1400 ლარის, სულ 164 700 ლარის სოლიდალურად გადახდა მოითხოვეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 ნოემბრის საოქმო განჩინებით ახალციხის რაიონული გამგეობა და სოფელ ...-ის საკრებულო მესამე პირების ნაცვლად საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ. ამავე სასამართლოს 2005 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, აღნიშნულ ადმინისტრაციულ საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. 2006 წლის 16 თებერვლის განჩინებით, აღნიშნულ საქმეში თანამოპასუხედ ჩაება საქართველოს მთავრობა. 2006 წლის 7 დეკემბრის საოქმო განჩინებით, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ა. მ.-ის, მ. ა.-ის, ვ. გ.-ის, შ. კ.-ის, ნ. მ.-ისა და სხვათა სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. მ.-მა, მ. ა.-მა, ვ. გ.-მ, შ. კ.-მ და სხვებმა და მოითხოვეს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელე ნ. მ.-ის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა მისი მემკვიდრე _ კ. მ.-ე; აპელანტების _ რ. კ.-ისა და მ. გ.-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, პალატამ მიიჩნია, რომ, რადგან ისინი არ იყვნენ მოსარჩელეები, სააპელაციო საჩივარი შემოტანილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ და მათ მიმართ სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად; ი. ბ.-ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე, საქმის წარმოება ამ ნაწილში შეჩერდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს რ. კ.-მ და დ. გ.-მ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვეს, რომლითაც მათ მიმართ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, მათ საკასაციო სასამართლოს წარმოუდგინეს ის მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება რ. კ.-ისა და დ. გ.-ის უფლებამონაცვლეებად დაშვების კანონიერება: მოსარჩელე ვ. გ.-ის პიროვნების იდენტიფიცირებისთვის წარმოდგენილია მისი პირადობისა და გარდაცვალების მოწმობები; იმის დასადასტურებლად, რომ დ. გ.-ე გარდაცვლილი ვ. გ.-ის მემკვიდრეა, წარმოდგენილია დ. გ.-ის პირადობის მოწმობა და დაბადების მოწმობა, სადაც დ. გ.-ის მამად მოიხსენიება ვ. გ.-ე, ასევე, სანოტარო წესით გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დასტურდება ვ. გ.-ის სამკვიდროზე დ. გ.-ის ანდერძისმიერი მემკვიდრეობა.

კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, 2006 წლის 25 დეკემბერს, როდესაც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო, მოსარჩელე ვ. გ.-ე ცოცხალი იყო, ხოლო 2007 წლის 19 იანვარს, მისი გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა დ. გ.-ის სამკვიდრო, 2007 წლის 2 თებერვალს დაიწერა სააპელაციო საჩივარი, სადაც გარდაცვლილი ვ. გ.-ის ნაცვლად აპელანტად, მექანიკური შეცდომის გამო, ჩაიწერა მისი კანონიერი უფლებამონაცვლე _ დ. გ.-ე, მაგრამ არარეგისტრირებული, “შინაური” სახელით _ მ. გ.-ე. ამ დროს სამკვიდრო მოწმობა სასამართლოში უფლებამონაცველობის შესახებ არ წარდგენილა და ვერც იქნებოდა წარდგენილი, რადგან მოქმედებდა სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა. დ. გ.-მ სამკვიდრო მოწმობის მიღება შეძლო 2007 წლის 25 ივლისს, მაგრამ აღნიშნული საბუთები სასამართლოში იმიტომ არ წარმოადგინა, რომ სასამართლოს მისი უფლებამონაცვლეობის საკითხი არ დაუყენებია. მიუხედავად იმისა, რომ ახალციხის რაიონულ სასამართლოში სააპელაციო საჩივარი ჯერ კიდევ 2007 წლის 2 თაბერვალს იყო შეტანილი და ვინაიდან სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი 2008 წლის ივლისამდე არ განხილულა, დ. გ.-ს არ ჰქონდა შესაძლებლობა წინასწარ სცოდნოდა, რომ მისი სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად ჩაითვლებოდა და განუხილევლი დარჩებოდა. რაც შეეხება დ. გ.-ის სახელის _ დ.-ს ნაცვლად მ.-ს ჩაწერას, შემჭიდროვებული ვადების გამო მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, ეს შეცდომა კანონიერი გზით გამოესწორებინა, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის I ნაწილის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, უფლების დამდგენი საბუთების იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს სხვა დამოუკიდებელი განხილვის საგანს წარმოადგენდა.

კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, აღნიშნული გაუგებრობის გარკვევის მიზნით, მათ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინეს თვით დ. გ.-ის სპეციალური განცხადება იმ განმარტებით, რამაც გამოიწვია სააპელაციო საჩივარში მისი სახელის მ.-დ მოხსენიება. აღნიშნულის დასადასტურებლად ასევე წარმოადგინეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულება, ...-ის თემის დასახლებათა გაერთიანების რწმუნებულის დამოწმებული ცნობა ¹22, რომელიც ადასტურებს, რომ მ. და დ. გ.-ე ერთი და იგივე პიროვნებაა.

კერძო საჩივრის ავტორების აზრით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დ. გ.-ის უფლებამონაცვლედ არ დაშვება არღვევს მისი სასამართლოს გზით დაცვის უფლებას, რადგან თუ სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩება, მაშინ დ. გ.-ე, სხვა გზით მოკლებული იქნება სააპელაციო დავის გაგრძელების შესაძლებლობას.

რაც შეეხება შ. კ.-ის უფლებამონაცვლე _ რ. კ.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში კერძო საჩივარს, კერძო საჩივრის ავტორების აზრით, სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინება კანონშეუსაბამოა, რადგან მოსარჩელე შ. კ.-ის უფლებამონაცვლეობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები: 2005 წლის 9 აგვისტოს ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა შ. კ.-მ. სოფელ ...-ის თემის საკრებულოს 2005 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. კ.-ე აღიარებულ იქნა კომლის უფროსად, ხოლო საცხოვრებელი სახლი, რომლის დაზიანების გამო იყო აღძრული სარჩელი, საჯარო რეესტრში 2005 წლის 1 დეკემბერს რეგისტრირებულია რ. კ.-ის სახელზე. მანვე მიიღო 2006 წლის 25 დეკემბერს ახალციხის სასამართლო სხდომაზე მონაწილეობა და სააპელაციო საჩივარიც მის სახელზე ამიტომ დაიწერა, მაგრამ თუ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ არ იმსჯელა შ. კ.-ის უფლებამონაცვლედ რ. კ.-ის ჩანაცვლებაზე და ისე მიიღო საერთო გადაწყვეტილება, ეს არ ამტკიცებს რ. კ.-ის ბრალეულობას, რადგან მისი უფლებამონაცვლეობა დაუშვა სასამართლომ, მაგრამ აღნიშნული ოქმში არ ასახულა. ახალციხის სასამართლომ, საქმის არსებითი განხილვისას, დააზუსტა მოსარჩელის ვინაობა და რ. კ.-ე აღიარა კანონიერ მოსარჩელედ, რასაც ადასტურებს ჯერ კიდევ ახალციხის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი ბინის საკუთრების მოწმობა საჯარო რეესტრის ამონაწერის სახით, ასევე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილი. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლოს, თუ სადაოდ ხდიდა რ. კ.-ის, როგორც მოსარჩელედ და შემდეგ აპელანტად ყოფნას, საქმეში არსებულ კონკრეტულ გარემოებებზე უნდა ემსჯელა და შეფასებაც უნდა მიეცა თითოეული მტკიცებულებისათვის, რაც არ მომხდარა. თუ სასამართლო განხილვისას აღმოჩნდებოდა ისეთი გარემოებები, რომლებიც რ. კ.-ის უფლებამონაცვლეობას ეჭვქვეშ დააყენებდა, მაშინ სასამართლოს ასეთ გარემოებებზე უნდა მიეთითებინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორები ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის საოქმო განჩინების იმ ნაწილში გაუქმებას, რომლითაც ისინი ცნობილ იქნენ არაუფლებამოსილ პირებად, და საქმის რ. კ.-ისა და დ. გ.-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით რ. კ.-ისა და დ. გ.-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა 2008 წლის 11 დეკემბერს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა რ. კ.-ისა და დ. გ.-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული საოქმო განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა. მ.-ის, მ. ა.-ის, ვ. გ.-ის, შ. კ.-ის, ი. ბ.-ის, ნ. მ.-ისა და სხვათა სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მათ საკუთრებაში არსებული სახლებისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების დაზიანების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. მ.-ის, მ. ა.-ის, ვ. გ.-ის, შ. კ.-ის, ი. ბ.-ის, ნ. მ.-ისა და სხვათა სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ა. მ.-მა, მ. ა.-მა, ვ. გ.-მ, შ. კ.-მ, ი. ბ.-მ, ნ. მ.-მ და სხვებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. ხსენებული საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე მოსარჩელე ვ. გ.-ის უფლებამონაცვლედ მ. გ.-ისა და შ. კ.-ის უფლებამონაცვლედ აპელანტ რ. კ.-ის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე მტკიცებულებების წარმოდგენა მოითხოვა, მაგრამ აღნიშნული მტკიცებულებების წარმოდგენა სასამართლო სხდომაზე არ მოხდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილი იყო არაუფლებამოსილი პირების მიერ და 2008 წლის 19 სექტემბრის საოქმო განჩინებით მ. გ.-ისა და რ. კ.-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. აღნიშნული საოქმო განჩინება დ. გ.-მ და რ. კ.-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყველა სტადიაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესებში უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა არის მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი საფუძველია მოქალაქის გარდაცვალება, მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს, რაც დასტურდება სამკვიდროს გახსნითა და სამკვიდრო მოწმობის მიღებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად მიიჩნევს უფლებამონაცვლეობას ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო ვალდებული იყო, ემსჯელა ვ. გ.-ის გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენაზე, შ. კ.-ის შემთხვევაში კი წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დაედგინა უფლებამონაცვლე.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უფლებამონაცვლედ არ დაშვების შემთხვევაში, დაირღვევა მათი უფლებები. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, მათ სასამართლოს წარმოუდგინეს ის მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება რ. კ.-ისა დ. გ.-ის უფლებამონაცვლეებად დაშვების კანონიერება: მოსარჩელე ვ. გ.-ის პიროვნების იდენტიფიცირებისთვის წარმოდგენილია მისი პირადობისა და გარდაცვალების მოწმობები; იმის დასადასტურებლად, რომ დ. გ.-ე გარდაცვლილი ვ. გ.-ის მემკვიდრეა, წარმოდგენილია დ. გ.-ის პირადობის მოწმობა და დაბადების მოწმობა, სადაც დ. გ.-ის მამად მოიხსენიება ვ. გ.-ე, ასევე წარმოდგენილია სანოტარო წესით გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დასტურდება ვ. გ.-ის სამკვიდროზე დ. გ.-ის ანდერძისმიერი მემკვიდრეობა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას, ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სრულყოფილად გამოიკვლიოს მტკიცებულებები და დაადგინოს უფლებამონაცვლეობის საკითხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. კ.-ისა და დ. გ.-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული საოქმო განჩინება და საპროცესო უფლებამონაცვლეობის დასადგენად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. კ.-ისა და დ. გ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის საოქმო განჩინება და საპროცესო უფლებამონაცვლეობის დასადგენად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.