Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-1209-1171(კს-08) 3 ნოემბერი, 2008წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ნ. და ა. ა-ების კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე ჰ. ფ-ი სარჩელისა გამო მოპასუხე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ მიწის იჯარის გაცემის კომისიის ოქმის ბათილად ცნობის შესახებ.

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ჰ. ფ-მა 2007 წლის აგვისტოში სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე-ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ნინოწმინდის რაიონის მიწის არენდების 2001 წლის 10 მაისის კომისისს სხდომის ¹5 ოქმის გაუქმება და 1997 წლის 17 ივნისის ნინოწმინდის გამგეობასთან ხელშეკრულებით აღებული 420 ჰექტარი მიწის იჯარის აღდგენა.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ჰ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ჰ. ფ-თვის იჯარის ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ნინოწმინდის რაიონის მიწის იჯარის გაცემის კომისიის 2001 წლის 10 მაისის ¹5 ოქმი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-მა და ნ. ა-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინებით ა. ა-ის და ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ა. ა-მა და ნ. ა-მა სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 20 ივნისის განჩინებაზე შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს განჩინების გაუქმება.

საკასაციო სასამართლო ა. და ნ. ა-ების კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის მოთხოვნებს. ამ ნორმის შესაბამისად კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან.

საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ ნ. ა-ს სააპელაციო პალატის განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2008 წლის 2 ივლისს (ს.ფ. 149). შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 12 დღიანი ვადის დინება, დაიწყო 3 ივლისს და ამოიწურა 2008 წლის 14 ივლისს, რომელიც იყო სამუშაო დღე ორშაბათი. ა. და ნ. ა-ებმა კერძო საჩივარი შეიტანეს 2008 წლის 21 ივლისს, რაც დასტურდება ს.ფ.153-ზე წარმოდგენილი საქართველოს ფოსტის კონვერტზე დასმული ბეჭდით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. და ნ. ა-ებმა გაუშვეს კერძო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული ვადა, რის გამოც მათი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად იქნეს დატოვებული ა. და ნ. ა-ების კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ივნისის განჩინებაზე.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.