Facebook Twitter

ბს-1210-1172(კს-08) 23 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე) _ მ. ზ.-ე, წარმომადგენელი ვ. გ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე (აპელანტი) _ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური

დავის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 აგვისტოს განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 5 ნოემბერს მ. ზ.-მ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 31 აგვისტოს ¹140 განკარგულების საფუძველზე, ქ. ბათუმში, ...-ს ქ. ¹10-ში მდებარე, მ. ზ.-ის საკუთრებაში არსებული ბინის შემადგენელი ნაწილის _ მინაშენის დემონტაჟის განხორციელებისაგან თავის შეკავება შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელის მითითებით, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2007 წლის 26 ოქტომბრის ¹669 გაფრთხილებით ცნობილი გახდა, რომ ზედამხედველობის სამსახური აპირებდა ქ. ბათუმში, ...-ს ქ. ¹10-ში მდებარე, მ. ზ.-ის საკუთრებაში არსებული ბინის შემადგენელი ნაწილის, დახურული აივნის _ ლოჯიის დემონტაჟს.

მოსარჩელის მოსაზრებით, უკანონოა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ქმედება მხოლოდ ქ. ბათუმის საკრებულოს ¹140 განკარგულების საფუძველზე დემონტაჟის განხორციელების შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილებისა და აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის გარეშე და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 6.2, მე-7 მუხლებს, ასევე “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” მე-17 მუხლს (იხ. ს.ფ. 1-4; ტ.I).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით მ. ზ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაევალა ქმედების _ ქ. ბათუმის საკრებულოს ¹140 განკარგულების საფუძველზე ქ. ბათუმში, ...-ს ქ. ¹10-ში მდებარე ბინის შემადგენელი ნაწილის _ დახურული აივნის დემონტაჟის განხორციელებისაგან თავის შეკავება (იხ. ს.ფ. 15-20; ტ.II).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის Aთქმა (იხ. ს.ფ. 23-33; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და მოითხოვა სსსკ-ის 272-ე მუხლის “ა1” მუხლის შესაბამისად, მ. ზ.-ის სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა დავის საგნის არ არსებობის გამო.

აპელანტის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2007 წლის 26 ოქტომბრის ¹869 გაფრთხილების გაუქმება, რომლითაც მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა სამი დღის ვადაში თავის მფლობელობაში არსებული აივნის მოშლის შესახებ.

ქ. ბათუმის მერის 2008 წლის 25 ივლისის ¹680 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2007 წლის 26 ოქტომბრის ¹869 გაფრთხილება. ამდენად, აპელანტმა მიიჩნია, რომ დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო (იხ. ს.ფ. 81; ტ.II).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 აგვისტოს განჩინებით ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება და მ. ზ.-ის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარის ა/რ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 31 აგვისტოს ¹140 განკარგულების თანახმად, ქ. ბათუმის მერიას უნდა უზრუნველეყო “ძველი ბათუმის” ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის არეალში არსებულ შენობა-ნაგებობებზე უკანონო, უნებართვო, უსახური, სივრცით-ტერიტორიულ განვითარების პირობებთან და კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებთან შეუსაბამო მინაშენების, დანაშენების და სხვა უსახური, არაღიარებული, არათავსებადი, დეგრადირებული და დისონანსის შემტანი ობიექტების დადგენა, რომლებიც უარყოფით ზემოქმედებას ახდენდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალზე და ამცირებდა ძეგლის ისტორიულ, არქიტექტურულ, ურბანულ, კულტურულ ღირებულებას და მნიშვნელობას. აღნიშნული განკარგულების პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით ბათუმის მერიას დაევალა უზრუნველეყო ზემოაღნიშნული ობიექტების, აგრეთვე უშუალოდ კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლსა და მის ტერიტორიაზე მიშენებული ნებისმიერი ობიექტის უპირობო დემონტაჟის დროული განხორციელება. იმავე პუნქტის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, მერიასვე დაევალა შესაბამისი ნებართვით აშენებული განკარგულების პირველი პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებში მითითებული კაპიტალური ობიექტის დემონტაჟისას, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეფასებისა და გაწონასწორების გათვალისწინებით, დაედგინა ამ ობიექტის არაპირდაპირ მფლობელზე მისივე მოთხოვნის შემთხვევში საკომპენსაციო თანხის გაცემა. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2007 წლის 26 ოქტომბერს მიღებულ იქნა ¹869 გაფრთხილება, რომლის მიხედვით, მ. ზ.-ის აივანი ექვემდებარებოდა დემონტაჟს. ასევე სააპელაციო სასამართლომ დადასტურებლად მიიჩნია, რომ სხვა რაიმე აქტი, მ. ზ.-ის საკუთრებაში არსებული აივნის ¹140 განკარგულებით გათვალისწინებულ ობიექტად მიჩნევის შესახებ არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქ. ბათუმის მერიის მიერ ¹869 გაფრთხილების ძალადაკარგულად გამოცხადებით მ. ზ.-ის სარჩელი დაუშვებელი გახდა, რადგან მითითთებული გაფრთხილებით დადგინდა, რომ მ. ზ.-ის აივანი ექვემდებარებოდა დემონტაჟს. საქმეში არ არსებობს იმის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება, რომ მ. ზ.-ის აივანი ექვემდებარებოდა დემონტაჟს. აღნიშნული მინაშენის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მერიის კაბინეტის 1996 წლის 24 დეკემბრის ¹654 გადაწყვეტილება, რომლის გაუქმების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მ. ზ.-ს ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 31 აგვისტოს ¹140 განკარგულება არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, გაუქმებულია რა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის გაფრთხილება, დასახელებული დადგენილება პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს მ. ზ.-ის კანონიერ უფლებას ან ინტერესს და არც უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (იხ. ს.ფ. 94-99).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ზ.-ის წარმომადგენელმა ვ. გ.-მ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 აგვისტოს განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსათვის შემდეგი მოტივით:

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2007 წლის 26 ოქტომბრის გაფრთხილება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. აღნიშნული გაფრთხილებით ზედამხედველობის სამსახურმა აცნობა მ. ზ.-ს, რომ აპირებდა ¹140 განკარგულების საფუძველზე მოქმედების განხორციელებას – დემონტაჟს და ითხოვდა აივნის გამოთავისუფლებას იმ ნივთებისაგან, რომელიც მ. ზ.-ს ჰქონდა მოთავსებული. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ზედამხედველობის სამსახურის ¹869 გაფრთხილება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, იგი არის შეტყობინება ქმედების განხორციელების შესახებ. დავის საგანს წარმოადგენდა ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავება და არა გაფრთხილების ბათილად ცნობა. თავად მერის 2008 წლის 25 ივლისის ბრძანებაშიც, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა გაფრთხილება, არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ მერიამ უარი განაცხადა იმ ქმედების განხორციელებაზე, რასაც მოსარჩელე ითხოვდა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში დასაშვებობის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. არც ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 31 აგვისტოს ¹140 განკარგულება გაუქმებულა და არც მერიას უთქვამს უარი მის საფუძველზე მ. ზ.-ის საკუთრებაში არსებული ბინის შემადგენელი ნაწილის დემონტაჟზე (იხ. ს.ფ. 105-112).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ზ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 აგვისტოს განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაზეც კერძო საჩივრის ავტორს არ წამოუყენებია დასაბუთებული პრეტენზია, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აჭარის ა/რ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს ¹140 განკარგულებით _ “ძველი ბათუმის” ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის არეალის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ” ქ. ბათუმის მერიას დაევალა “ძველი ბათუმის” ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებთან შეუსაბამო მინაშენების და სხვა ობიექტების დადგენა, რომლებიც უარყოფით ზემოქმედებას ახდენდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალზე და მათი უპირობო დემონტაჟის დროულად განხორციელება. მითითებული განკარგულების შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 2007 წლის 26 ოქტომბერს გამოსცა ¹869 გაფრთხილება, რომლითაც მ. ზ.-ე გაფრთხილებულ იქნა, რომ მისი აივანი ექვემდებარებოდა დემონტაჟს და 3 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა გამოეთავისუფლებინა ფართი. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სხვა რაიმე აქტი მ. ზ.-ის საკუთრებაში არსებული აივნის ქ. ბათუმის საკრებულოს ¹140 განკარგულებით გათვალისწინებულ ობიექტად მიჩნევის შესახებ არ არსებობს. ქ. ბათუმის მერის 2008 წლის 25 ივლისის ბრძანებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2007 წლის 26 ოქტომბრის ¹869 გაფრთხილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2007 წლის 26 ოქტომბრის ¹869 გაფრთხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რადგან ¹869 გაფრთხილებით მ. ზ.-ის აივანი მიჩნეულ იქნა ქ. ბათუმის საკრებულოს ¹140 განკარგულებით გათვალისწინებულ ობიექტად და დადგინდა მისი დემონტაჟის განხორციელება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2007 წლის 26 ოქტომბრის ¹869 გაფრთხილება წარმოადგენს არა ადმინისტრაციულ აქტს, არამედ შეტყობინებას, რადგან გაფრთხილებით ზედამხედველობის სამსახურმა მხოლოდ აცნობა, რომ აპირებდა ქ. ბათუმის საკრებულოს ¹140 განკარგულების საფუძველზე მოქმედების განხორციელებას, შემდეგ გარემოებათა გამო: ქ. ბათუმის საკრებულოს ¹140 განკარგულებით არ დადგენილა მ. ზ.-ის აივნის დემონტაჟი, განკარგულების შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიას უნდა დაედგინა ¹140 განკარგულებით გათვალისწინებული ობიექტები. შესაბამისად, ამგვარ ობიექტად მ. ზ.-ის აივანი მიჩნეულ იქნა ზედამხედველობის სამსახურის 2007 წლის 26 ოქტომბრის ¹869 გაფრთხილებით და სხვა აქტი მ. ზ.-ის საკუთრებაში არსებული აივნის დემონტაჟის შესახებ არ გამოცემულა. შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ გაფრთხილებას მხოლოდ ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არ არსებობდა მ. ზ.-ის სარჩელის დაუშვებლად ცნობის წინაპირობა, რადგან სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხის დავალდებულება ქ. ბათუმის საკრებულოს ¹140 განკარგულების საფუძველზე არ განეხორციელებინა დემონტაჟი, კონკრეტულ შემთხვევაში კი არც ქ. ბათუმის საკრებულოს ¹140 განკარგულება გაუქმებულა და არც მოპასუხეს უთქვამს უარი დემონტაჟის განხორციელებაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზედამხედველობის სამსახურის 2007 წლის 26 ოქტომბრის ¹869 გაფრთხილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი მოსარჩელის კანონიერ ინტერესს. სწორედ ამ გაფრთხილებამ გამოიწვია მისთვის სამართლებრივი შედეგი და მისი ძალადაკარგულად გამოცხადებით ფაქტობრივად ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი თქვა დემონტაჟის განხორციელებაზე, რადგან ფაქტობრივად გაფრთხილების ფურცლით დადგინდა მ. ზ.-ის კუთვნილი აივანი ¹140 განკარგულებით გათვალისწინებული ობიექტად და დაექვემდებარა დემონტაჟს.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიზანს წარმოადგენს მომავალში დემონტაჟის განხორციელებისაგან კუთვნილი ქონების დაცვა. შესაბამისად, მოსარჩელეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე, აღიარებითი სარჩელით შეუძლია მოითხოვოს აღიარება, რომ მისი კუთვნილი აივანი არ განეკუთვნება ქ. ბათუმის საკრებულოს ¹140 განკარგულებით გათვალისწინებულ ობიექტს, რაც გახდება მისი უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალება _ მომავალში ადმინისტრაციული ორგანოს მმართველობითი ღონისძიების _ დემონტაჟის განხორციელებისაგან.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 აგვისტოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 419-420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ზ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 აგვისტოს განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.