ბს-1215-1177 (კს-08) 17 დეკემბერი, 2008წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – სს “ა.-ის” დირექტორი მ. ვ.-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. მ.-ე, შპს “ს.-ე”, იმერეთის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხეები)
დავის საგანი – იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ვანის სასამართლო აღმასრულებლის მიერ 2001 წლის 30 ივლისს ჩატარებული აუქციონისა და აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ 2001 წლის 30 ივლისის ¹18 განკარგულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 სექტემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს “ა.-ის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ა. ლ.-მ 2003 წლის ივლისში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ვანის სასამართლო აღმასრულებლის მიმართ, მესამე პირად მიუთითა ი. მ.-ე და მოითხოვა სასამართლო აღმასრულებლის მიერ მოწყობილი იძულებითი აუქციონის შედეგების გაუქმება და ნივთის კანონიერ მფლობელობაში გადაცემა.
ვანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით არასათანადო მოსარჩელე ა. ლ.-ე შეიცვალა სათანადო მოსარჩელით_ სს “ა.-ის” დირექტორით დ.- ფ.-ით.
ი. მ.-მ, როგორც მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, 2003 წლის ნოემბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების: სს “ა.-სა” და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ვანის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის დ. მ.-ის მიმართ და მოითხოვა მის მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების_სს “ა.-ის” ამჟამად შპს “ს.-ს” ბალანსზე რიცხული ქონების 162673 ლარად ღირებულების დადასტურებულად ცნობა და ამ თანხის გადახდის მის სასარგებლოდ დაკისრება სს “ა.-ის” დირექტორი დ. ფ.-სათვის, იმერეთის საარსრულებო ბიუროს ვანის სააღსრულებო ბიუროსათვის მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება 6300 ლარის ოდენობით, ასევე მისთვის ახალი აუქციონის ჩატარების დავალება და უძრავ-მოძრავი ნივთის საწყისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრა 162673 ლარად.
ვანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 10 ნოემბრის განჩინებით სს “ა.-ის” და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის ი. მ.-ის სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ვანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს “ა.-ის” სარჩელი მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ვანის რაიონული სასამართლო აღმასრულებლის მიმართ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ვანის რაიონული სასამართლო აღმასრულებლის მიერ 2001 წლის 30 ივლისს ჩატარებული აუქციონის შედეგები. მესამე პირის შპს “ს.-ს” სარჩელი მოპასუხეების სს “ა.-ის” დირექტორის დ. ფ.-ისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ვანის სასამართლო აღმასრულებლის დ. მ.-ის მიმართ სს “ა.-ზე” ფულადი თანხის დაკისრების, ვანის სააღსრულებო ბიუროს მიერ ზიანის ანაზღაურებისა და ახალი აუქციონის ჩატარების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ვანის რაიონული სასამართლოს აღმასრულებელ დ. მ.-ს დაევალა ხელახალი აუქციონის ჩატარება, რა დროსაც კრედიტორად ცნობილი იქნა შპს “ს.-ე”, მისი დღევანდელი საბალანსო ღირებულებიდან გამომდინარე, უარი ეთქვა შპს “ს.-ს” სარჩელს მოპასუხე იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ვანის რაიონული სასამართლო აღმასრულებელ დ. მ.-ზე ქონების დაყადაღებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს “ა.-მ” განმეორებითი აუქციონის ჩატარებისას მის კრედიტორად შპს “ს.-ის” ცნობის ნაწილში. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.
მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სს “ა.-ის” სააპელაციო საჩივარი; გააუქმა ვანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება ხელახალი აუქციონის ჩატარებისას შპს “ს.-ის” კრედიტორად საბალანსო ღირებულებით მიჩნევის ნაწილში და ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა შპს “ს.-ის” სარჩელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 7 თებერვლის განჩინებით შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის უფროსმა 2006 წლის მარტში განცხადება შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა ვანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ საამართლომ ისე განიხილა და გადაწყვიტა დავა იძულებითი აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, რომ საქმეში მხარედ მოწვეული არ ყოფილა სააღსრულებო წარმოების ყველა მხარე, მათ შორის ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია.
ვანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ვანის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება; განახლდა საქმის წარმოება და საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნით ჩაბმული იქნა ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის უფროსმა 2006 წლის 25 მაისს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება განმეორებითი აუქციონის ჩატარებისას შპს “ს.-ის” კრედიტორად მიჩნევის ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის განცხადება ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა..
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 2 ოქტომბრის განჩინება.
ვანის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის განჩინებით იმავე სასამართლოს 2003 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შემდეგ სს “ა.-მ” იგივე სასარჩელო მოთხოვნა ჩამოაყალიბა.
ვანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ვანის სასამართლო აღმასრულებლის მიერ 2001 წლის 30 ივლისს ჩატარებული აუქციონისა და აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ ¹18 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ა.-ის” დირექტორმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივლისის განჩინებით სს “ა.-ის” დირექტორს დაუდგინდა ხარვეზი იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი არ ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი; აღნიშნული ხარვეზის შესავსებად აპელანტს მიეცა ვადა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.
აპელანტმა _ სს “ა.-ის” დირექტორმა 2008 წლის 11 აგვისტოს განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე. მან სასამართლოში წარადგინა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ვანის სასამართლო აღმასრულებლის მიერ 2001 წლის 30 ივლისს ჩატარებული აუქციონის შესახებ აქტისა და 2001 წლის 30 ივლისის აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ ¹18 განკარგულების ასლები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 სექტემბრის განჩინებით, სს “ა.-ის” სააპელაციო საჩივარი ვანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებაზე, ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 63-ე და 52-ე მუხლები და ჩათვალა, რომ სს “ა.-ის” დირექტორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ აპელანტმა სასამართლოს ვერ წარუდგინა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი უტყუარი მტკიცებულებები; სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მიერ წარდგენილი_სასარჩელო წარმოების წესით სადავოდ გამხდარი აქტები საზოგადოების მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ მტკიცებულებებად არ მიიჩნია.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს “ა.-ის” დირექტორმა, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის 2008 წლის 5 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაოაბზე არ არის დასაბუთებული, ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორის მეუღლეს ჩაბარდა 2008 წლის 31 ივლისს, ხოლო იმის გამო, რომ კერძო საჩივრის ავტორი სახლში არ იმყოფებოდა, ხარვეზის შევსების განჩინების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2008 წლის 5 აგვისტოს. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო ამავე წლის 11 აგვისტო, ე.ი. ის დრო, როდესაც სახელმწიფოში გამოცხადებული იყო საომარი მდგომარეობა, რის გამოც მან სათანადო მტკიცებულებები, გარდა წარდგენილი დოკუმენტებისა, ვერ მოიპოვა.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააქციო საზოგადოება არ ფუნქციონირებს 2000 წლიდან, შესაბამისად, არ აქვს რაიმე სახსრები, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, ხოლო 2001 წლის 31 ივლისს მისი ქონება უკანონოდ გასხვისდა იძულებითი აუქციონის წესით, აღნიშნული გარმოება კი სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული, კერძო საჩივრის ავტორი სასამართლო ხარჯების გადავადების მიზნით, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ სს “ა.-ის” დირექტორის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 სექტემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის “ბ" პუნქტის საფუძველზე სახელმწფიო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივარზე განისაზღრვება სადავო საგნის ღირებულების 4%-ით.
ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს მითითებულ მუხლში ჩამოთვლილ პირობებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აპელანტმა_ სს “ა.-ის” დირექტორმა 2008 წლის 11 აგვისტოს განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე. მან სასამართლოში წარადგინა იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ვანის სასამართლო აღმასრულებლის მიერ 2001 წლის 30 ივლისს ჩატარებული აუქციონის შესახებ აქტისა და 2001 წლის 30 ივლისის აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ ¹18 განკარგულების ასლები. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 სექტემბრის განჩინებით, სს “ა.-ის” სააპელაციო საჩივარი ვანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებაზე, ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლის ხარჯების გადახდა, ან/და შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სფ. 264-272 წარმოდგენილი სს “ა.-ის” უძრავ-მოძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვის 2001 წლის 30 ივლისის აქტი და აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების შესახებ 2001 წლის 30 ივლისის ¹18 განკარგულება სწორად არ მიიჩნია აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების უტყუარ მტკიცებულებად.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს სს “ა.-ის” სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
არ დაკმაყოფილდეს სს “ა.-ის” კერძო საჩივარი;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 სექტემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.