Facebook Twitter

ბს-1219-1181(კს-08) 7 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. უ-ას, ლ. რ-ისა და ჟ. ბ-ას წარმომადგენლის – გ. წ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 6 აგვისტოს ნ. უ-ას, ჟ. ბ-ას, ზ. ბ-ისა და ლ. რ-ის წარმომადგენელმა _ გ. წ-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-...... განყოფილების მიმართ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების 2007 წლის 17 მაისის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის არკვეთის ოქმების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება ქ. ბათუმში, ......... ქ. ¹78/88-ში მდებარე ფართში მოსარჩელეების შესახლებაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. უ-ას, ჟ. ბ-ას, ზ. ბ-ისა და ლ. რ-ის წარმომადგენლის – გ. წ-ის სარჩელი მოპასუხის მიმართ ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო სარჩელზე, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-..... განყოფილების 2007 წლის 17 მაისის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმების ბათილად ცნობის ნაწილში, საქმის წარმოება შეწყდა დაუშვებლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. უ-ას, ჟ. ბ-ას, ზ. ბ-ისა და ლ. რ-ის წარმომადგენელმა – გ. წ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის განჩინებით ნ. უ-ას, ჟ. ბ-ას, ზ. ბ-ისა და ლ. რ-ის წარმომადგენლის – გ. წ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარი იყო დაუსაბუთებული, არ იყო იმდენი ასლი წარმოდგენილი, რამდენი მხარეც არის საქმეში და არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

2008 წლის 22 აგვისტოს ნ. უ-ას, ჟ. ბ-ას, ზ. ბ-ისა და ლ. რ-ის წარმომადგენელმა _ გ. წ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 აგვისტოს განჩინებით ნ. უ-ას, ჟ. ბ-ას, ზ. ბ-ისა და ლ. რ-ის წარმომადგენლის – გ. წ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაზე ხარვეზის სრულად შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველად.

2008 წლის 26 სექტემბერს ნ. უ-ას, ლ. რ-ისა და ჟ. ბ-ას წარმომადგენელმა – გ. წ-ემ კერძო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 27 აგვისტოს განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ნ. უ-ას, ლ. რ-ისა და ჟ. ბ-ას წარმომადგენლის _ გ. წ-ის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა გაეცნო კერძო საჩივარს და მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, ვინაიდან არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის მოთხოვნებს. საქმეში დაცული დასტურებიდან ირკვევა, რომ ნ. უ-ას, ზ. ბ-ეს, ლ. რ-ეს, ჟ. ბ-ას და მათ წარმომადგენელს – გ. წ-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით საქმეში მითითებულ მისამართზე, მაგრამ სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ აპელანტებს არასრული მისამართის გამო არ ჩაბარდათ გზავნილი. რაც შეეხება მათ წარმომადგენელს _ გ. წ-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაბარდა 2008 წლის 5 სექტემბერს (ს.ფ. 130). მან კი აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბათუმის საფოსტო განყოფილებაში 2008 წლის 22 სექტემებრს, ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 415-ე მუხლში მითითებული თორმეტდღიანი ვადის გადაცილებით, რომლის თანახმადაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. უ-ას, ლ. რ-ისა და ჟ. ბ-ას წარმომადგენელს _ გ. წ-ეს კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2008 წლის 17 სექტემბრის 24 საათამდე, ხოლო კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარი შეტანილ იქნა 2008 წლის 22 სექტემბერს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. უ-ას, ლ. რ-ისა და ჟ. ბ-ას წარმომადგენლის – გ. წ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 390-ე, 399-ე, 401-ე, 414-ე, 415-ე, 420-ე მუხლებით და

Dდ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. უ-ას, ლ. რ-ისა და ჟ. ბ-ას წარმომადგენლის – გ. წ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.